ბელარუსის პრეზიდენტი განიხილავდა "სამხრეთ ოსეთის" აღიარების საკითხს

ბელარუსის პრეზიდენტი უარყოფს, რომ ვლადიმირ პუტინი ორ მილიარდ დოლარს სთავაზობდა აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ.

უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში ალექსანდრ ლუკაშენკამ თქვა, რომ ფულზე ლაპარაკი არასდროს ყოფილა, თავად ამ საკითხის ფასი კი, გაცილებით მაღალი იყო.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის მხარდაჭერის პრობლემა არასდროს ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს მთლიანობის ერთგული მომხრეა. ლუკაშენკას თქმით, ცუდი ფაქტი იყო, როცა საქართველოს ნაწილი მოგლიჯეს.

ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ როცა რუსეთმა „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, დსთ-ს ქვეყნებში ჰაერში დაეკიდა ჩუმი შეკითხვა, ცნობდა, თუ არა მას ბელარუსიც, და განსაკუთრებით ყაზახეთი ნერვიულობდა.

ლუკაშენკას სიტყვებით: „ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, თუ საჭიროა მოკავშირის მხარდაჭერა, მხარს დავუჭერთ და ასე შემდეგ“.

თუმცა, ბელარუსის პრეზიდენტის ინფორმაციით, მასთან ჩავიდა ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა და უთხრა, რომ ბელარუსმა არ უნდა აღიაროს „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. ლუკაშენკას მტკიცებით, სოლანამ უთხრა, რომ მასთან დალაპარაკება დსთ-ს ლიდერებმა ითხოვეს, რადგან თუ ბელარუსი „სამხრეთ ოსეთს“ ცნობს, იგივეს გაკეთება მათაც მოუწევთ და დაიწყება "აღიარებების აღლუმი".

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, როცა ხავიერ სოლანას ჰკითხა, რა შედეგი მოჰყვებოდა მინსკის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას, მან დაუსახელა ახალი სანქციები და მათ შორის ბელარუსის გათიშვა საბანკო გადარიცხვების საერთაშორისო სისტემიდან SWIFT-იდან.

ლუკაშენკამ გორდონს ისიც უამბო, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ სოჭში შეხვდა რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტს, მედვედევს, რომელმაც უთხრა, რომ ბელარუსმა „სამხრეთ ოსეთი“ უნდა ცნოს. ლუკაშენკას თქმით, როცა მედვედევს უპასუხა, რომ აღიარებს, მაგრამ რა კომპენსაციას მისცემს რუსეთი ბელარუსს დასავლეთისგან ახალი სანქციებით მოსალოდნელი ზარალის ასანაზღაურებლად, მან უპასუხა, რომ ეს ეკონომიკური საკითხებია და მათ პუტინი წყვეტს, როგორც პრემიერ-მინისტრი. ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხზე რუსეთთან ვერ მოილაპარაკა.