23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ სამართალდამცავმა სისტემამ მიზანმიმართულად დაიწყო საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელება, რომელიც გარდაცვლილის თვითმკვლელობაზე შექმნიდა საზოგადოებრივ აზრს. ამის შესახებ მან პროკურატურასთან განაცხადა, სადაც ოჯახთან ერთად არის მისული.
"გუშინ საღამოს, ორგანიზებულად დაიწყეს იმ ინფორმაციის გავრცელება ბავშვი, თითქოსდა, ისეთ ვებსაიტებზე, სადაც იყო ნათქვამი "მე რომ მოვკვდები, რა დაემართება ჩემს ფეისბუქს" - ყველას გვაქვს ეს ნანახი - "მე რომ მოვკვდები, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება... მთელი ლეპტოპში ინფორმაცია წაშლილია და ამათ ის აქვთ გადაწყვეტილი, რომ საქმე არ გამოიძიონ და ამყარებს იმ ინფორმაციას, რომ ხელს აფარებენ მკვლელობას და იმ ჯგუფს, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა. პირდაპირ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქეთ არაფერს არ გამოოიძიებენ", - თქვა ადვოკატმა.
გუშინ, 5 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში, გვიან საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერზე ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვლილი გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას გუგლის საძიებო სისტემაში ეძებდა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს. მათ მოთხოვნებს შორისაა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა. პრემიერის თქმით, ის ოჯახს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება.