კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს ავალებენ საქართველოს მთავრობის ნაბიჯების ეფექტურობის შეფასებას

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომლის ერთი ნაწილი საქართველოს ეხება და სახელმწიფო მდივანს ავალებს, მოამზადოს ანგარიში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ.

2021 წლის საბიუჯეტო დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა შესაბამის კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის თაობაზე, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით.

კერძოდ, აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც მოიცავს ანალიზს, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ეფექტურად ახორციელებს თუ არა საარჩევნო რეფორმას, პატივს სცემს თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევისგან, ეფექტურად ახორციელებს თუ არა საჭირო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, მათ შორის, შეუზღუდავი წვდომა საჯარო ინფორმაციაზე და იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-მა საქართველოს მთავრობას მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში, საარჩევნო რეფორმის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულების შესრულებასა და მცდელობაში, რომ საქართველოს კერძო სექტორში საერთაშორისო სტანდარტები დაცული იყოს, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის და დაცვის კუთხით.

წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული აქტის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საქართველოსთან თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით ახლო თანამშრომლობა.

წარმომადგენელთა პალატა საქართველოს მოიხსენიებს აშშ-ის მნიშვნელოვან მეგობრად და კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭრას.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო ვერსია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წარმომადგენელთა პალატა და სენატი საერთო ვარიანტზე შეთანხმდებიან. ამ დოკუმენტს კენჭი კონგრესის ორივე პალატაში უნდა უყარონ. სენატმა აქტის საკუთარი ვერსია უკვე მიიღო.