ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩალიაშვილი „გუგლში“ ეძებდა თვითმკვლელობის მეთოდებს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან ინფორმაცია გამოაქვეყნა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილია ფოტო-ვიდეოფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებსაიტებზე შესვლის ისტორია.

ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, „2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუკის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებსაიტის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: „ფეისბუკის“ ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ „გუგლის“ საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის.

იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე - გვერდზე მიწერილი აქვს სათაური - Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები“.

დასკვნის მიხედვით, „ვებსაიტებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, „გუგლის“ საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს“.

შსს, ასევე იტყობინება იმ კომპანიის შესახებ, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს (დირექტორი თამარ კობერიძე). საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი.

შსს განცხადებით, ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

„თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ნაწილს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.