"ინვესტიციები რომ შემოვიდეს, ძალიან მარტივი ორი პირობა უნდა შესრულდეს: გადასახადები შევამციროთ და შევქმნათ იაფ ფულზე ხელმისაწვდომობა"

რამაზ გერლიანი, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი

რამდენიმე დღის წინ „საქსტატმა“ გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2020 წლის ივნისის წინასწარი შეფასება.

სტატისტიკის თანახმად, „2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8 პროცენტია“.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ამ სტატისტიკურ სურათზე განაცხადა:

"ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა - ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას".

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ ეკონომიკის შემცირების საშუალო უარყოფითი მაჩვენებელი ამ დრომდე იზრდება და არც ივლისი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. შექმნილ ვითარებას კი ასე აფასებს:

Your browser doesn’t support HTML5

"ეკონომიკური ზრდის საშუალო უარყოფითი მაჩვენებელი იზრდება"

„ვითარება ნამდვილად არ არის სახარბიელო და ამას თითოეული მოქალაქე თავის ჯიბეზე, თავის შემოსავლებზე გრძნობს. საქართველო ამ შემთხვევაში არ არის გამონაკლისი. სხვა ქვეყნებშიც არასახარბიელო მდგომარეობაა, თუმცა ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიჭირს და აქ უნდა იყოს სწორი ეკონომიკური ნაბიჯები გადადგმული.

ის, რომ შენელდა საუბარი იმაზე, როგორ უნდა მოვქცეულიყავით პანდემიის პროცესში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ეს არის გარკვეულწილად ნიჰილიზმის ბრალი, რადგან დაინტერესებული აქტიური ჯგუფები, როცა ამაზე საუბრობდნენ, არც ერთი სწორი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადაიდგა, გარდა სოციალური ღონისძიებებისა.

ჩვენ გვქონდა საუბარი შესაბამის გამოსავალზე - ტელე- და რადიოეთერით, სოციალური მედიით. არაერთხელ აღვნიშნეთ, რა უნდა გაკეთდეს, სამწუხაროდ, მკვეთრ და სწორ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ ამ მიმართულებით. შედეგებიც სახეზეა".

რამაზ გერლიანი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის უარყოფითი საშუალო მაჩვენებელი იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ივნისში წინა თვესთან შედარებით ეკონომიკის კლების ტემპი შენელდა:

„საშუალო მაჩვენებელი გვეზრდება და ეს უკვე საგანგაშოა. ჩვენ მივდივართ საკმაოდ პესიმისტური სცენარის გზით. მაისის გასაშუალოებული იყო -5,4%, ახლა არის -5,8%. ივლისის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ისევ უარყოფითი დაფიქსირდება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ უარყოფითი მაჩვენებელი 6-იან ნიშნულს გადაცდება.

საუკეთესო სცენარი იყო, თუ 4-ის ფარგლებში იქნებოდა წლიური უარყოფითი მაჩვენებელი და ჩვენ მივექანებით პესიმისტური სცენარისკენ. ეს ყველაფერი არ მოგვწონს და დამოკიდებულია ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მასშტაბური, სწორი ნაბიჯების გადადგმაზე“.

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი აღნიშნავს სავალალო მდგომარეობას შიდა ვაჭრობაში, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ვითარებას ამძიმებს კიდევ ერთი ფაქტორი:

„ერთი მხრივ, შემოსავლები შეგვიმცირდა, მეორე მხრივ, გაიზარდა ფასები და ეს უკვე ძალიან მძიმედ აწვება მოქალაქეებს და ქმნის კრიზისულ მდგომარეობას. გასადგმელია მკვეთრი და სწორი ნაბიჯები.

მე ვთვლი, რომ მუდმივად არის შეცდომები. არ ჩანს, როდის მივალთ ნულოვან დონემდე, რაც უკვე იქნებოდა კარგი შედეგი. ამ დროს ვასუბსიდირებთ მშენებლობას, რაც ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო შეგვიმცირებს, რადგან ეს სექტორი გაიწოვს არსებულ ფინანსურ რესურსებს“.

რამაზ გერლიანი მოცემულ ვითარებაში ინვესტიციების მოზიდვისთვის აუცილებელ ორ ნაბიჯზე ლაპარაკობს:

„წერტილოვნად ვიღაცა ვიღაცას რომ მოელაპარაკება, ეს არ არის საინვესტიციო ფონი.

იმისთვის, რომ ინვესტიციები შემოვიდეს, ძალიან მარტივი ორი პირობა უნდა შესრულდეს:

პირველი - საგადასახადო ტვირთი უნდა შემსუბუქდეს იმაზე მეტად, ვიდრე დღეს არის, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან მიმართებით დაბალი გვაქვს, რადგან ჩვენთან ფული არის ძვირი, ანუ კრედიტის პროცენტი არის ძვირი. შესაბამისად, კრედიტის პროცენტს და საგადასახადო ტვირთს თუ შევკრიბავთ, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტვირთი გამოდის. ამიტომ, ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯები - გადასახადები შევამციროთ და შევქმნათ იაფ ფულზე ხელმისაწვდომობა.

იაფ ფულზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება საფონდო ბაზრის განვითარებით და ამაზე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ [სახელმწიფოს ხელში არსებული] აქტივები ძალიან სწრაფად უნდა გადავიდეს მოქალაქეების ხელში და ეს მოგვცემს იაფ ფულზე ხელმისაწვდომობას. ეს ორი პირობა უნდა შესრულდეს და ამ შემთხვევაში ინვესტიციებს ვერაფერი გააჩერებს.

სამწუხაროდ, თუ ეს პირველი ფუნდამენტური აგური არ დაიდო, ძალიან ძნელი იქნება მიმდინარე პოლიტიკით რამე შედეგები დავდოთ. ის 200- და 300-ლარიანი დახმარებები შეიძლება რაღაცაში შეგვეხიდოს, მაგრამ რეალურ შედეგზე, სამწუხაროდ, ვერ გაგვიყვანს“.

ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვახერხოთ ეს. თუ ვერ მოვახერხებთ, თვე თვეს მიყვება და წავალთ ყველაზე პესიმისტური სცენარისკენ, როცა იქნება -8%--9% ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ამის ამოქაჩვა გაგვიჭირდება“.

რადიო თავისუფლების შეკითხვას - ხედავს თუ არა წინასაარჩევნო გზავნილებში ეკონომიკის რეალისტურ შეფასებას და დამაიმედებელ ხედვას, რამაზ გერლიანი პასუხობს:

„ბოდიშის მოხდით ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან, მაგრამ ერთიანი ეკონომიკური ხედვა რომ ჰქონდეთ ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკის ვექტორის განვითარების, ჯერჯერობით ასეთი არ არის. თუმცა, არის რამდენიმე სუბიექტი, არ დავასახელებ შეგნებულად, რომლებიც სწორ წერტილოვან მესიჯებს უშვებენ კაპიტალიზაციის, გადასახადების მიმართულებით.

თუმცა, ეს არის მაინც წერტილოვანი და საერთო, მასშტაბური ხედვა არ აქვთ, რითაც ეკონომიკური მდგომარეობა დროსა და სივრცეში სწრაფად გამოსწორდებოდა. სამწუხაროდ, საზოგადოება ნაკლებად აკვირდება ამ მხრივ გზავნილებს და შემდგომ ეს პოლიტიკური ძალებიც უფრო პოპულისტური მიმართულებით გადაიტანენ თავიანთ ვექტორს.

სწორ მესიჯს შესაბამისი ადეკვატური რეაქცია უნდა მოყვეს საზოგადოებიდანაც და ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო გავაკეთილშობილებთ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც არის გამტარებელი ეკონომიკური პოლიტიკის“.

Your browser doesn’t support HTML5

რამაზ გერლიანი ეკონომიკის შემცირების დინამიკაზე