ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანია "პეის გრუპის" სამმა დამფუძნებელმა - ირაკლი თათეიშვილმა, ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა მმართველ პარტიას ერთსა და იმავე დღეს, 3 ივლისს ჯამში 140 ათასი ლარი გადაურიცხეს. მათმა კიდევ ერთმა პარტნიორმა, ლაურა ლარიონმა კი, 4 დღის შემდეგ 60 ათასი ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”. მონაცემები აუდიტის სამსახურის საჯარო ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნდა.
"პეის გრუპი" OPEC-სგან მიღებული 50 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიციით ტვირთბრუნვის გაზრდასა და ღრმაწყლოვანი პორტის გაკეთებას გეგმავს. კომპანია ტვირთბრუნვის 2,5 მლნ ტონით გაზრდას აპირებს, რაც გააორმაგებს კომპანიის შესაძლებლობებს.
"ხო შეიძლება, შეწირულობა გავაკეთოთ, არა?! მოგვწონს ეს ხელისუფლება, ვთქვათ და შევწირეთ. რამე გავაფუჭეთ?!. ბიზნესპარტნიორები ერთად ვართ და ერთად ვმუშაობთ და რა პრობლემაა, ერთად რომ წავიდეთ?.. [შეთანხმებულად შევწირეთ] რა თქმა უნდა", - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანიის დირექტორმა და 10-პროცენტიანი წილის მფლობელმა ირაკლი თათეიშვილმა.
კომპანიის მეწილეებმა “ქართულ ოცნებას” 2017, 2020 წლებში და პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს, ჯამში, 730 ათასი ლარი შესწირეს. კომპანიის მეწილეებს შორის ყველაზე ნაკლები თანხა, კომპანიის ყველაზე პატარა წილის მფლობელმა, თამაზ კაპანაძემ გადარიცხა. მან პარტიას 60 ათასი შესწირა.