ალექსანდრ ლუკაშენკა: დაკავებულმა რუსებმა ყველაფერი აღიარეს. ვერსია სტამბოლზე - „ბოდვაა“

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვითარების დესტაბილიზაციისათვის „მილიარდობით რესურსი“ იქნა გადმოსროლილი ბელარუსში, რომელსაც ალექსანდრ ლუკაშენკამ „ევრაზიაში სიმშვიდის ერთადერთი კუნძული“ უწოდა.

4 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვა გააკეთა მინსკში მდებარე რესპუბლიკის სასახლეში, სადაც იმყოფებიან მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული დელეგატები, სულ 2500 კაცი.

გასულ კვირაში დაკავებულ 33 რუს მოქალაქეზე, სავარაუდო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებზე საუბრის დროს, ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ისინი უშუალოდ ბელარუსში გამოგზავნეს არეულობის მოსაწყობად.

ლუკაშენკამ „ბოდვა“ უწოდა ვერსიას, თითქოს რუსეთის მოქალაქეები ბელარუსიდან სტამბოლში, ლიბიასა თუ სირიაში მიემგზავრებოდნენ.

„მათ უბრძანეს, რომ დალოდებოდნენ ბელარუსში. დაკავებულებმა ყველაფერი უამბეს გამოძიებას. დღეს მივიღეთ ინფორმაცია კიდევ სხვა ჯგუფზე, რომელიც სამხრეთში გადაისროლეს. ჩვენ ყველას დავიჭერთ“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტს პირდაპირ არ უთქვამს, რომ ამ ჯგუფის ბელარუსში გამგზავრების უკან ოფიციალური რუსეთი დგას.

რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრის დროს, ლუკაშენკამ აღნიშნა, რომ რუსეთს „ეშინია ბელარუსის დაკარგვისა“, რომელიც, მისი თქმით, მოსკოვის ერთადერთი მოკავშირეა.

„რუსეთი ყოველთვის იქნება ჩვენი მოკავშირე, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. მაგრამ რუსეთმა ბელარუსთან ძმური ურთიერთობა პარტნიორულ ურთიერთობაში გაცვალა“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მინსკი ავითარებს „მრავალვექტორულ“ საერთაშორისო ურთიერთობებს, მათ შორის, დასავლეთსა და ჩინეთთან.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.

4 აგვისტოს ქვეყანაში დაიწყო ხმის მიცემის წინასწარი პროცესი, რომელიც 8 აგვისტომდე გასტანს.

ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

მის ერთ-ერთ რეალურ მეტოქედ ითვლება ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი, სვეტლანა ციხანოვსკაია. 37 წლის ახალგაზრდა პედაგოგმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი, ბლოგერი სერგეი ციხანოვსკი ხელისუფლებამ ჯერ რეგისტრაციიდან მოხსნა, შემდეგ კი დააპატიმრა სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და არეულობის მცდელობისთვის.