გამოკითხვა შსს-ში: ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი არ ამხელს წყაროს

რამდენიმე წუთი გაგრძელდა ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "შაბათის ფორმულას" წამყვანისა და ჟურნალისტის, დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჟურნალისტი თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ შაბათს ეთერში გასული გადაცემის გამო დაიბარეს. გადაცემაში ჟურნალისტმა გამოძიების მანამდე უცნობი ვერსიის შესახებ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ თვისებრივად ახალი ინფორმაციის წყარო გამოძიებიდანაა.

"გამოძიებას ვუთხარი, რომ ვსარგებლობდი ჩემი პროფესიული ეთიკითა და ვალდებულებით - მათ კითხვებს, უბრალოდ, ვერ ვუპასუხებდი, გამომდინარე იქედან, რომ არსებობდა მაღალი რისკი, რომ მოხდებოდა წყაროს იდენტიფიცირება", - თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლიდან რამდენიმე წუთში გამოსულმა დავით ქაშიაშვილმა.

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, 23 წლის გოგოს გაუჩინარების დღეს დილით, "ვოთსაპის" საშუალებით დაურეკეს და კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს. ჟურნალისტების მონათხრობიდან ისე ჩანდა, რომ გოგოს მისთვის ნაცნობი პიროვნებისთვის რამდენიმე ვიდეოფაილი საიდუმლოდ უნდა გადაეცა. არხი აცხადებდა, რომ გარდაცვალებამდე ქალმა გახსნა ფაილები, რომლებიც მას შემთხვევით ჩაუვარდა ხელში. ჟურნალისტების მტკიცებით, ვიდეოზე რამდენიმე მაღალჩინოსნის პირადი ცხოვრების ამსახველი სცენები იყო აღბეჭდილი.

ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს დააკონკრეტა, რომ წყაროს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირადად ესაუბრა და მასთან მანამდე მათთვის ცნობილი დეტალები დააზუსტეს.

"მანამდე სხვადასხვა წყაროებიდან ვფლობდით ამ ინფორმაციას, მაგრამ მანამდე ვერ მოვახერხეთ ამ ინფორმაციის დაზუსტება და მოგვიანებით, როცა გამოჩნდა წყარო საგამოძიებო ორგანოდან, მივიღეთ გადაწყვეტილება ინფორმაციის გასაჯაროებაზე... დანარჩენს ვერ გეტყვი, ეს არის სანდო წყარო, გადამოწმებული", - აცხადებს ის.

ის, რომ გამოძიება ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიას მის სამუშაოსთან კავშირს განიხილავს, გარდაცვლილის დედამ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ბაჩალიაშვილი ორ სამსახურში მუშაობდა, მათგან ერთ-ერთი კომპანია "ზეგ" არის. მეორე სამსახურის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. "ფორმულას" სიუჟეტის მიხედვით, სწორედ ამ მეორე სამსახურის არხებით მოხვდა პროგრამისტის ხელში ვიდეოფაილები.

23 წლის პროგრამისტის გარდაცვალებიდან, დაახლოებით, სამი კვირა გავიდა. ის გაუჩინარებიდან მეოთხე დღეს, 22 ივლისს იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. საგამოძიებო უწყებებთან კითხვები აქვთ მედიასაც და ოჯახსაც. ოჯახი გარდაცვალებას ბაჩალიაშვილის სამსახურს უკავშირებს.