"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ "ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება თაკო ჩარკვიანთან გაერთიანებაზე "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. სამადაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრის დროს თქვა, რომ ვაშაძის პარტიას დიდი ფინანსური რესურსები აქვს.
"გიორგი ვაშაძის ამბიცია, რომ პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო, არ გაიზიარა არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა თაკო ჩარკვიანისა და, შესაბამისად, გაურკვეველია, რა იყო საბაბი და მიზეზი, შეეტანა არეულობა არჩევნების წინ ოპოზიციაში", - თქვა სამადაშვილმა.
27 ივნისს ვაშაძემ ჩარკვიანთან ერთად ახალი პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" შექმნა. ვაშაძემ მაშინ თქვა, რომ მათი მიზანია უმუშევრობისა და სიღარიბის დამარცხება. ამ დრომდე ვაშაძისა და ჩარკვიანის პარტიები ოპოზიციური კოალიციის "ძალა ერთობაშია" წევრები იყვნენ, რომელშიც, ასევე, გაერთიანებული იყო "ნაციონალური მოძრაობაც".