სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას არ იწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციში განაცხადა.

"3 თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძნელი გასაგები ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი... დღეს მე ამას არ გავიმეორებ. მე დღევანდელ ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ - მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კარგად იცის საზოგადოებამ, რატო არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას", - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებამდე ჟურნალისტებს ამავე თემაზე ესაუბრა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. მან გაბედული ნაბიჯი უწოდა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას და რურუასთან დაკავშირებით ასეთი რამ თქვა:

"ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, შეიწყალებს თუ არა. პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზებისკენ. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს".

Your browser doesn’t support HTML5

სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას არ იწყალებს

სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. საქართველოს კონსტიტუციით, სასჯელისგან გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტს პატიმრის შეწყალებით, ყოველგვარი პირობის გარეშე შეუძლია. ასე მოიქცა ზურაბიშვილი რამდენიმე თვის წინ, როცა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

რურუას, ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებას ოპოზიცია, დიპლომატების ჩართულობით, ხელისუფლებასთან 8 მარტის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს.