ერგნეთის შეხვედრა - შედეგზე უფრო მეტი მოლოდინი

სოფელი ერგნეთი

„მოლოდინი უფრო მეტი მქონდა, ვიდრე შედეგი დადგა“, - ეს სიტყვები ზაზა გახელაძის დედას, ნანა ბუნტურს, ეკუთვნის.

მან ეს 30 ივლისის ღამით თქვა, როცა ოჯახიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაისტუმრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს დაკავებული მოქალაქეების ოჯახებში მივიდა და შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა. ნანა ბუნტურმა ის გაიგო, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მისი გათავისუფლება კი ახლო მომავალში ვერ მოხერხდება და მოლაპარაკება გაგრძელდება.

ქვემო ჭალაში ჩასვლამდე ირაკლი ანთაძე სოფელ მეჯვრისხევში ხვიჩა მღებრიშვილის ძმის ოჯახში მივიდა. მან დაკავებულის ნათესავებს აცნობა, რომ ოფიციალურ შეხვედრაზე ის ბრალდება აღარ გაჟღერებულა, რასაც დე ფაქტო უშიშროება მღებრიშვილს ედავებოდა, კერძოდ, ღამურების მოპოვება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ხვიჩას ძმა, ნუგზარ მღებრიშვილი, ამბობს, რომ ძმის შესახებ, რომელიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ახალი ინფორმაცია მიიღო.

სოფელ ერგნეთში 30 ივლისს გაიმართა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ 96-ე შეხვედრა. ერგნეთის შეხვედრა, 11 თვეა, აღარ გამართულა. ბოლო, 2019 წლის 29 აგვისტოს, შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმის გამო ჩაიშალა. ოსური მხარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. სექტემბერში რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. ამას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა.

ერგნეთი

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლახან დანიშნულმა ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა, თქვა, ბედნიერია იმით, რომ ჩატარდა შეხვედრა და მასში ყველა მონაწილეობდა. მას ფასილიტაციას შჩიგელთან ერთად უწევდა ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, რუდოლფ მიხალკა.

შეხვედრა რეგულარულ ფორმატში 2019 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად გაიმართა. როგორც შჩიგელი ამბობს, მონაწილეები მიესალმნენ მას, როგორც ახალ თანაფასილიტატორს. დიპლომატის თქმით, მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის შეეხნენ სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის თემებს. გარდა ამისა, განხილვის თემა იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე არსებული ვითარების გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე.

შჩიგელის ინფორმაციით, საუბრის თემა იყო ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე უსაფრთხოების მდგომარეობა, უკანასკნელი დაკავებების საქმეები, ასევე სხვა გადაუჭრელი მნიშვნელოვანი ინციდენტები.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ რეგულარულ ფორმატში. მომდევნო შეხვედრის გამართვის სავარაუდო თარიღია 24 სექტემბერი.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ განიხილეს ბოლოდროინდელი ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. დაკავებულთა თემაზე ანთაძე ამბობს:

„ჩვენ მოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე. პასუხები, რაც მივიღეთ, უკვე ნათქვამი ჰქონდათ და ახალი არაფერი დაუმატებიათ როგორც ზაზა გახელაძესა და ხვიჩა მღებრიშვილთან, ასევე გენადი ბესტაევთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა გავაცანით, რომ ისინი უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. კონსულტაციების წარმოებაზე უარი არ უთქვამთ და ამაზე აუცილებლად გაგრძელდება დიალოგი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება სექტემბერში“.

რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი ანთაძის თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ზაზა გახელაძე თავს კარგად გრძნობს. მას უტარდება გეგმიური სამედიცინო მომსახურება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი პროცესი. გარანტიებზე საუბარი არის ნაადრევი“, - შენიშნავს ის.

ანთაძის თქმით, მღებრიშვილის საკითხზე დაისვა კონკრეტული შეკითხვა, ე.წ. ბრალი რა ფორმით იყო ინკრიმინირებული. „მიღებული პასუხის მიხედვით, მას ე.წ. ბრალი ედება უკანონო საზღვრის უკანონო კვეთაში. რაც შეეხება ღამურების ეპიზოდს, ჩვენ ვერ მივიღეთ დადასტურება, რომ მღებრიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ფლორის ხელყოფის მცდელობას“, - აღნიშნა მან.

შეხვედრაზე ცალკე განხილვის თემა იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ირგვლივ განვითარებული პროცესები. „ ეს არ ყოფილა დაკავშირებული უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხთან. ის ცალკე ბლოკად განვიხილეთ, ამაზე კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება. პროცესი არის რთული და შრომატევადი, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ გადავავლებთ თვალს ყველა ფაქტს, რაც კი მომხდარა, უკანონოდ დაკავებული ყველა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს“, - დაამატა ირაკლი ანთაძემ.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

ხვიჩა მღებრიშვილს კი, „საზღვრის“ დარღვევის გარდა, ადანაშაულებენ წითელ წიგნში შეტანილი სახეობების კონტრაბანდაში. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მღებრიშვილი „ლუგარის ლაბორატორიისთვის“ ღამურების ჭუპრების შეგროვებას აპირებდა.

სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 2019 წლის ნოემბერში დააკავეს, ბრალად დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდაც და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბესტაევი ცხინვალის ციხეში იმყოფება.