31 ივლისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება, თუმცა, ბრალდების განცხადებით, ეს გარემოება არ გამორიცხავს, შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი ბრალდებულებისათვის ახალი ბრალდების, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლის წარდგენას.
არასრულწლოვან ბრალდებულთა საქმე გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმიდან „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად გამოყო, ვინაიდან, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა უნდა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები, 31 ივლისის სხდომაზე სხვადასხვა შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. მათ შორის, მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით და ასევე აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი 11 სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე, რომლებსაც გამოძიება, ამ ეტაპზე, ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობას. 11 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოსაა დანიშნული.
ასევე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე. აღნიშნული მუხლი, ჯერჯერობით, არცერთ ბრალდებულს არ აქვს წარდგენილი.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია ბრალდებული. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 16 ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ერთი ბრალდებული კი, რომელიც მცხეთის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.
შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, ერთი ახალგაზრდა „კამრის“ მგზავრებმა თბილისში წამოიყვანეს, გიორგის კვალი კი ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
შაქარაშვილის ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიებამ 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენოს „ტოიოტა კამრის“ იმ ექვს მგზავრს, რომლებიც გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს მცხეთის მაგისტრალზე დაესხნენ თავს. „კამრიში“ სრულწლოვან ბრალდებულებთან ერთად, ორი არასრულწლოვანი ბრალდებულიც იჯდა. ამ ბრალის წაყენებისა და შემდეგ დამტკიცების შემთხვევაში, მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებას 109-ე მუხლი მას შემდეგ დაემატა, რაც 10 ივლისს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე ახლო პერიოდში, სახესა და სხეულზე 12-მდე დაზიანება აქვს მიყენებული ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. მისი სიკვდილი კი წყალში დახრჩობამ, ასფიქსიამ გამოიწვია. ოჯახი დარწმუნებულია, რომ „კამრის“ მგზავრები მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში დაახრჩვეს.
ამჟამად გამოძიება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მეორე დასკვნას ელოდება.
ამ ექსპერტიზის გარდა, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე, არაერთი სხვა ტიპის ექსპერტიზა მიმდინარეობს, მათ შორის, ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რაც გულისხმობს, მაგალითად, ტანსაცმელზე მექანიკურ დაზიანებათა კვალის დადგენას, კვალის წარმომშობი ობიექტის განსაზღვრას, სხეულსა და ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებათა შესაბამისობის განსაზღვრას. მიმდინარეობას ასევე, ბიოლოგიური ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური კვლევა, ნიადაგის კვლევა და ა.შ.