აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას, ოთხი თვეა, ახალი ლიდერი ჰყავს. ამ 4 თვის განმავლობაში ასლან ბჟანია და მისი ე.წ. მთავრობის წევრები რამდენჯერმე ჩავიდნენ მოსკოვში, თუმცა ამ სტუმრობას ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია: მოსკოვი დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის განკუთვნილ დოტაციას არასრულად და დიდი დაგვიანებით რიცხავს, რასაც სოხუმში ზეწოლად აღიქვამენ. პარალელურად, ასლან ბჟანია ჩადის გალის რაიონში და იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ხვდება, ჰპირდება მათ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას; პერიოდულად ბჟანია საუბრობს თბილისთან ურთიერთობის დალაგებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენის აუცილებლობაზე. 29 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ ბჟანიას ბრძანებით დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა სერგეი შამბა, რომელიც ასევე თბილისთან დიალოგისა და ნორმალური ურთიერთობის დამყარების საჭიროებაზე ლაპარაკობს.
რატომ „ახრჩობს“ მოსკოვი სოხუმს?
ასლან ბჟანიამ 2020 წლის 22 მარტს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებით დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კრემლის აშკარა ფავორიტი, რაულ ხაჯიმბა, შეცვალა. მოსკოვში არასოდეს დაუმალავთ, რომ მხარს სწორედ ხაჯიმბას უჭერდნენ და ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა ყოველწლიური საბიუჯეტო დოტაციის შეუფერხებელი მიწოდებითაც.
2009 წლიდან მოყოლებული აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ბიუჯეტი დიდწილად რუსული დოტაციით ივსება: 2009-2017 წლებში სოხუმმა საბიუჯეტო მუხლებით - „სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“ და „საბიუჯეტო ინვესტიცია“ - მოსკოვიდან 37 მლრდ რუბლის (616 მლნ აშშ დოლარის) დოტაცია მიიღო.
რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ბიუჯეტს საშუალოდ 50-70 %-ით ავსებს. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 57,7 % იყო.
საინფორმაციო სააგენტო „აფხაზია-ინფორმის“ მიხედვით, მიმდინარე წლის დოტაციის მოცულობა 4 მლრდ 746 მლნ რუბლია, თუმცა მოსკოვმა, 1 ივნისის მონაცემებით, სოხუმს მხოლოდ 703,3 მლნ რუბლი, ანუ მთელი თანხის 15 %, გადაურიცხა, რამაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა.
შეფერხების ოფიციალურ მიზეზად რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-კავკასიის საქმეთა სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები დასახელდა, თუმცა კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ამგვარი ვითომ ტექნიკური შეფერხებით მოსკოვი ზეწოლას ახდენს აფხაზეთზე.
„ნამდვილად მოგუდვის პერიოდია. პენსიები და საბიუჯეტო სამსახურები ვერ ფინანსდება, რაც აშკარად თვალშისაცემია, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყოდი, რომ ეს აფხაზურ საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამგვარი დამოკიდებულება და ხელოვნურად შექმნილი კრიზისი აშიშვლებს რუსეთის მიზნებს, რომ რუსეთს აფხაზეთი სჭირდება როგორც ტერიტორია და არა როგორც ხალხი. შესაბამისად, აფხაზურ საზოგადოებაში გაისმის მოწოდებები, რომ ვიპოვოთ ჩვენი საკუთარი რესურსები და ა.შ.“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
სადამდე შეიძლება მივიდეს რუსეთის ეს ზეწოლა?
პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ მოსკოვში იციან, რომ ამ ზეწოლასაც შეზღუდული რესურსი აქვს და ისე არ მოიქცევიან, რომ ბოლომდე მოგუდონ და საერთოდ გააუცხოვონ აფხაზური საზოგადოება რუსეთის მიმართ.
ეკონომიკური დამოუკიდებლობა მაინც?
აფხაზეთში კარგად ესმით, რომ რუსეთი ერთდროულად მათი დამოუკიდებლობის გარანტიც არის და მტერიც, მათი მთავარი ეკონომიკური პარტნიორიცაა და ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი შემფერხებელიც. შესაბამისად, რუსეთისადმი დამოკიდებულებაც ამბივალენტურია. როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, აფხაზებს რუსეთი თან უნდათ და თან არ უნდათ.
„გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ ყველაფერს აფინანსებს რუსეთი და თვითონ არ შესწევთ უნარი გადავიდნენ დამოუკიდებელ, თვითკმარ არსებობაზე. ამიტომ ასლან ბჟანიას მიერ გატარებული პოლიტიკა ცალსახად არ უნდა იქნეს აღქმული ისე, თითქოს მოსახლეობა უკმაყოფილოა იმის გამო, რომ გარკვეულწილად რუსეთს უპირისპირდება. ბევრი ფიქრობს, რომ ბჟანია ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას. ცხადია, ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზეა საუბარი. პოლიტიკურს რუსეთი არ დაუთმობს, ეკონომიკურში შეიძლება რაღაც წარმატების იმედი ჰქონდეთ“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
რუსეთის მხრიდან გაზრდილ ზეწოლაზე უნდა მიანიშნებდეს 22 ივლისს დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე რუსი ჩინოვნიკის, სერგეი პუსტოვალოვის, დანიშვნა. როგორც ჩანს, რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დოტაციების მოცულობა და გადარიცხვების გრაფიკი დიდწილად იქნება დამოკიდებული სწორედ ამ მოხელის მიერ მოსკოვში გაგზავნილი მოხსენებებისა და ანგარიშების შინაარსზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ სერგეი პუსტოვალოვის დანიშვნა არ ყოფილა უკანასკნელი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება აფხაზეთში.
სერგეი შამბას მეორე სიცოცხლე
არასრული ერთი კვირის წინ, 24 ივლისს, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენთან ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგე შამბამ, თბილისთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა: „თუ არსებობს პრობლემა, ის უნდა გადაიჭრას დიალოგის გზით!“
9 ივლის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმაც ილაპარაკა თბილისთან დიალოგის განახლებისა და ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობის შესახებ. კერძოდ, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ არ ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ აღიაროს აფხაზეთის სახელმწიფო, თუმცა, მისივე თქმით, „ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება მხარეებს მისცემდა ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა სახის დიალოგის შესაძლებლობას“.
ასლან ბჟანიასა და სერგეი შამბას ამ განცხადებების სულისკვეთებათა მსგავსების მიუხედავად, ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებას (ბჟანია ანქვაბის ე.წ. პარტნომენკლატურულ, ხოლო შამბა ე.წ. ეროვნულს) მიეკუთვნებიან, თუმცა ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის უშიშროების საბჭოს მდივნად სწორედ სერგეი შამბა დაენიშნა.
ოლესია ვართანიანი, კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ((ICG)) უფროსი ანალიტიკოსი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ამბობს, რომ შამბას დანიშვნა შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს როგორც მოსკოვისთვის, ასევე თბილისისთვის.
„დე ფაქტო რეგიონის ლიდერის თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან ასლან ბჟანია ცდილობს აჩვენოს უფრო მეტად მოსკოვს, ვიდრე ადგილობრივ ელიტებს, რომ მზად არის მაღალ თანამდებობებზე მიიწვიოს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები - ისინიც კი, ვინც მის ოპონენტ რაულ ხაჯიმბასთან თანამშრომლობდა. ამ გარემოებით აიხსნება მისი ბევრი საკადრო გადაწყვეტილება. გამონაკლისი არც სერგეი შამბაა. ის მიიჩნევა ადგილობრივი ეკლესიის გახლეჩვის მოწინააღმდეგედ, რის გამოც მოსკოვის დიდი მოწონებით სარგებლობს. თანამდებობაზე შამბას წინამორბედ ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდეტობის დროს სტანისლავ ლაკობა ღია კონფლიქტში იყო მოსკოვთან სწორედ ეკლესიის საკითხის გამო. ლაკობა მხარს უჭერდა ათონელ „განდგომილებს“ ცალკე აფხაზური ეკლესიის შექმნაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოლესია ვართანიანმა.
რაც შეეხება თბილისს, ბოლო წლების განმავლობაში სერგეი შამბა ღიად ლაპარაკობს ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე თბილისთან. ოლესია ვართანიანის თქმით, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ვეტერანთა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ჯგუფის, არუა-ს, წევრებთან შეხვედრისას, შამბა აქტიურად იცავდა პოზიციას თბილისთან სავაჭრო-ეკაონომიკური ურთიერთობების საჭიროების შესახებ:
„ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შამბა რამენაირად მზად არის შეცვალოს თავისი დამოკიდებულება აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან მიმართებით, მაგრამ, აფხაზური ელიტის ბევრი წარმომადგენლისგან განსხვავებით, შამბა ხედავს თბილისთან პირდაპირი კონტაქტების აუცილებლობას“.
ოფიციალური თბილისის რეაქცია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან ერთად, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ასევე ყურადღებით აკვირდება ოფიციალური თბილისის რეაქციასაც, რომელიც, მისი თქმით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„არავინ აკეთებს კომენტარს, ვერავინ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. ამ ფონზე დუმს პრემიერ-მინისტრიც. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მაინც ამოიღოს ხმა, დები და ძმები უწოდა აფხაზებსა და ოსებს. ძალიან არასერიოზულია, როცა გეშინია წარმოთქვა „კონფლიქტის მხარე“, „მოლაპარაკების მხარე“... ამის თქმისაც კი გვეშინია. საერთოდ, ნულის ტოლია ჩვენი ძალისხმევა“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.
სოხუმში მიმდინარე პროცესებს ასევე აკვირდება კონფლიქტოლოგი, პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი კანაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში პუნქტებად ჩამოწერა ქართული მხარის სასურველი რეაქცია ენგურსგაღმა მიმდინარე მოვლენებზე:
1.დროულად უნდა დაინიშნოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
2. აუცილებელია შემხვედრი განცხადების გაკეთება, რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დალაგებას და ა.შ., მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გზით;
3. რაც შეიძლება მალე უნდა შედგეს დახურული შეხვედრა, სადაც მომავალი ქართულ-აფხაზური ფორმატის კონტურები შეიძლება მოიხაზოს; ამასთანავე, ამავე შეხვედრაზე ან შემდეგზე კარგი იქნებოდა აფხაზებისთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზება. ფორმულა: მეტი ევროპა საქათველოში, მეტი საქართველო ევროპაში - თავისუფლად შეგვიძლია გადავათამაშოთ აფხაზეთში. თუ ვინმეა დამბალანსებელი რუსეთის აფხაზეთში, თუნდაც ნაწილობრივ, - დასავლეთია;
4. აქვე - თუ დასავლეთს აფხაზეთისთვის ვხსნით, ამას რიგი მოთხოვნები უნდა მოჰყვეს: პირველ რიგში, გალელების უფლებრივი მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესება; გადაადგილების თავისუფლების საკითხები (იგულისხმება საქართველოს მოქალაქეები) და ა.შ.
თუმცა პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დასრულებამდე თბილისი უპასუხოდ დატოვებს სოხუმიდან წამოსულ ნებისმიერ მესიჯს.
„იმედი მაქვს, რომ აფხაზებს ესმით ჩვენი, რომ საქართველო დღეს არაქმედითუნარია კონფლიქტების რეაგირებაზე საარჩევნო პერიოდის გამო. იმედია, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება მეტ-ნაკლებად თამამი პოლიტიკოსი, ვისაც არ შეეშინდება ოპონენტების და დაიწყებს მკაფიო მესიჯების არა მხოლოდ გახმოვანებას, არამედ რეალიზებას აფხაზურ და ოსურ მხარეებთან“, - უთხრა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.