მოდი, თავიდანვე ვიტყვი, რომ სათაურში „მაკარონის ხარშვა“ პირდაპირი მნიშვნელობით წერია. ანუ, მეტაფორა არაა. ბოლოსკენ არ ირკვევა, რომ მაკარონი ბიძინა ივანიშვილია, ქვაბი - საარჩევნო რეფორმა, ყველი კი - კულტურა, ან რამე ეგეთი.
არანაირად. რაც წერია ეგაა. დამწყები კულინარი სხვა, თავისზე უფრო დამწყებ კულინარებს მაკარონის მოხარშვას ასწავლის.
კი, მაგრამ, რატომ? ეგ ხომ წესით ისეთი მარტივი რამაა, რომ ყველამ ისედაც იცის?
იმიტომ, რომ არც მთლად ეგრეა საქმე. როდესაც სამზარეულოში არაფერი გაგიკეთებია, ყველაზე საბაზისო რამეებიც კი რთულად გეჩვენება. შეკითხვის დასმა კი გეუხერხულება.
თუ საჭმელი არასდროს მოგიმზადებია, დღეიდან შენი ცხოვრება შეიცვლება. აი, ძალიან დაწვრილებით, ზუსტად და ამომწურავად გეტყვი, რა უნდა ქნა, რომ პირველი კერძი შექმნა. ავიღებთ ყველაზე მარტივ, გემრიელ, ტრადიციულ და ზომიერად იაფ და იორღა რამეს - მაკარონს ყველით.
რამდენად ამომწურავად? ჰა! იმდენად, რომ ტექსტის ორ ნაწილად დაყოფა მომიწია. კვლევები აჩვენებს, რომ „ვორდის“ სამ გვერდზე მეტს არავინ კითხულობთ და ეს კი მთელი დისერტაცია გამომივიდა. ასე, რომ, დღეს მაღაზიაში წავალთ და პროდუქტებს შევარჩევთ, ხვალ კი სამზარეულოში დავდგებით და საჭმელს მოვამზადებთ.
პირველ რიგში...
სულ თავიდან, მოდი, არ დაგეზაროს და ასეთი რამე გააკეთე: ხელი მომუშტე, მაღლა აღმართე და შუა თითი აჩვენე გორდონ რემზის, შეფ ლუკას, ნიკა გვარამიას (კულინარიული შოუს ჟიურობის ამბავში) და პაოლა კაროსელას (პაოლა, ვიცი რომ არ იცით, ბრაზილიური „მასტერშეფის“ ჟიურია. ცხადია, მეც არ ვიცოდი. ჩამონათვალში მინდოდა ვინმე ქალიც ჩამესვა და დავგუგლე). ასევე, თუ პრეტენზიული კულინარი მამიდა ან მეზობელი გყავს, ისიც მიაყოლე.
განა რამეს ვერჩით. კულინარიული შოუები კარგი საყურებელია და, ზოგჯერ, მანდედან რამე სასარგებლოსაც ისწავლი. თუმცა, დამწყები მზარეულისთვის შეიძლება ცოტა დამაშინებელი აღმოჩნდეს. მაგათ რომ აყვე, ყველაფერი დაბალანსებული, ხალისიანი და ინდივიდუალური უნდა იყოს. არც ცეზარს კადრულობენ და არც კატლეტს პიურეთი.
მოკლედ, გახსოვდეთ, რომ როდესაც ამ ჩვენს პირველ კერძს ვაკეთებთ, ჩვენთვის სულერთია ყველანაირი ჟიურის, ყველა გოგოს და ყველა ბიჭის აზრი. ჩვენი ტეჩნო ყველიანი მაკარონია. არც სუ ვიდის აპარატი გვჭირდება და არც იმას დავეძებთ, ზედ ბოკ ჩოის მიწა თუ არ ექნება მოყრილი.
მოიცა, მაგას მაკარონი ქვია?
იცი, რა? არა, არ ქვია.
„მაკარონი“ იდეაში პასტის ერთ-ერთი ნაირსახეობაა - ამერიკაში ეგრე ქვია პატარა მოღუნულ მილებს, რომელსაც mac and cheese-ში იყენებენ, მაგრამ ეგ სულ სხვა ტიპია და მაგას დღეს არ ვაკეთებთ. იტალიელები maccheroni-დ კიდევ ცოტა სხვა ფორმის პასტას მოიხსენიებენ.
მაკარონს ყველა სახის პასტის სინონიმად რუსეთში მოიხსენიებენ და ჩვენთანაც, ალბათ, მანდედან დამკვიდრდა. თუმცა, ეგ მარტო რუსული ენის ფენომენიც არ ყოფილა - ირანშიც ეგრეა, თურქეთშიც და ბრაზილიაშიცო - წავიკითხე.
აბა, თუ ეგრე არ ქვია, რატომ არ ვწერ, მაგალითად, „პასტას ყველით“? იმიტომ, რომ, გენაცვალე, პასტა ვიცით ჩვენ ბოლონეზეს სოუსით ან, რავი, კაჩიო ე პეპე (ეგაა პასტა პილპილით და ყველით. ბოლო დროს განსაკუთრებულად მოდაშია).
ჩვენ კიდე ვაკეთებთ მამაპაპურ ყველიან მაკარონს!
გემრიელი გამოვა.
ოღონდ, ჯერ ორ რამეზე უნდა ჩამოვყალიბდეთ - რომელი ბრენდის პასტას ვყიდულობთ და რა სახეობისას.
რომელი ბრენდის პასტა ვიყიდოთ?
ბრენდს, წესით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ, იაფიანი პასტა ალბათ უფრო ადვილად ჩაიხარშება და შეიძლება ფაქტურაც არც ისე სასიამოვნო ქონდეს. თან, რახან პირველად ვაკეთებთ, ბარემ ლარნახევარს ნუ გამოვეკიდებით და რომელიმე იტალიური ბრენდისა ავიღოთ - რამე საშუალო ფასიანი, ასე, სამი ლარის მიდამოებში. Barilla ან Divella ნორმალური არჩევანი იქნება. De Cecco-ს პროდუქციასაც აქებენ. ითვლება (თუმცა ინტერნეტში ამაზეც ბევრს კამათობენ), რომ იმ ორთან შედარებით ცოტა უკეთესი ხარისხისაა. თუმცა, ჩვენთან მაღაზიებში ცეცხლის ფასი ადევს ხოლმე - ცხრა ლარადაც მინახავს და უფრო ძვირადაც და, ეხლა, მაგდენითაც არ ჯობია. თუ ხუთი ლარის მიდამოებში შეგხვდა სადმე, ალბათ ღირს ყიდვა. ისე კი - არა.
საბოლოოდ, ჩვენი პირველი კერძი სამივეთი გემრიელი გამოვა. რავი, რომლის ლოგოც მოგეწონოს, ის იყიდე.
რომელი ფორმა ავარჩიოთ?
ერთი ბრენდის ყველანაირი ფორმის პასტა ერთი მასალისგან კეთდება (მანდაც, ცხადია, არსებობს გამონაკლისები, მაგრამ ზოგადად ეგრეა) და წესით ერთი გემო უნდა ქონდეს. მაგრამ, მთლად ეგრე არაა საქმე. უბრალოდ მოხარშულ მაკარონს ხომ არავინ ჭამს. სოუსი უნდა ზედ. ჰოდა, სხვადასხვა ფორმის და ფაქტურის პასტა სოუსს განსხვავებულად იკრავს და, მოკლედ, საბოლოოდ მაინც სხვადასხვანაირი გემო გამოდის.
წესით პასტის ყველაზე მოქნილ სახეობად (პირდაპირი და გადატანილი გაგებით) სპაგეტი ითვლება, მაგრამ პირველი ჯერისთვის მაგას ნუ იყიდი (მეორე ნაწილში გეტყვი, რატომაც).
მოდი, ამ ჩვენი ყველიან მაკარონისთვის აიღე ფუზილი (პატარა სპირალებია, სახრახნისის ბუთქუჩა თავებს გავს), პენე (მოკლე მილებია, დახრილად მოჭრილი გვერდებით) ან რიგატონი (ასევე მოკლე მილებია, ზოლებიანი ზედაპირით). შეგიძლია, რავი, ფარფალეზეც გახურდე - აი, პატარა პეპლებს რომ გავს. ფასი წესით ერთი უნდა ქონდეთ. შეხედე, რომლის ხასიათზე უფრო იგრძნობ თავს.
და უი, რახან მაღაზიაში ხარ, რამე შეფუთული იმერული ყველი იყიდე - სოფლიდან მოკითხულს ალბათ არ შეედრება, მაგრამ მაკარონში წავა. მიაქციე ყურადღება, რომ ზედ „ყველი“ ეწეროს და არა „სათადარიგო“, ან „სახაჭაპურე“, ან რამე ეგეთი. განა რა, საჭმელში წესით ეგენიც წავა, მაგრამ პირველი კერძია და ცოტა პატივი ვცეთ.
ასევე დაგჭირდება მარილი და კარაქი. თუ მაღაზიაში ხშირად არ დადიხარ ხოლმე, ალბათ გული გაგისკდება. კარაქი შვიდი და რვა ლარი ისე ღირს ხოლმე, როგორც არაფერი. რა უბედურებაა? რა ამბავია? მაგრამ, ნახე, იქნებ რომელიმეს ფასი ქონდეს დაკლებული. მოკლედ, რომელიც იაფი იყოს, ის იყიდე. ნებისმიერი გამოდგება.
ეხლა ესენი სახლში წაიღე და ამ ბლოგის გაგრძელებას დაელოდე. მეორე ნაწილში გეტყვი, ამეებს რა უნდა უყო.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.