ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BELTA იტყობინება, რომ წუხელ სამართალდამცავებმა მინსკის მახლობლად დააკავეს „უცხოური კერძო სამხედრო კომპანიის 32 მებრძოლი“.
სააგენტო და ბელარუსის სხვა მედიასაშუალებები ჯერჯერობით არ იტყობინებიან რაიმე სხვა დეტალებს. უცნობია, რომელი ქვეყნის კომპანიაზეა ლაპარაკი.
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც მეექვსე ვადით იყრის კენჭს, არაერთხელ განაცხადა უცხოური, მათ შორის რუსეთის ძალების შესახებ, რომლებიც არჩევნებში ჩარევას ცდილობენ.
პარასკევს სპეცდანიშნულების რაზმის მონახულებისას ლუკაშენკამ ახსენა კერძო სამხედრო კომპანიებიც: „ახლა სხვადასხვა სახის ომები იწყება ქუჩის საპროტესტო გამოსვლებით, დემონსტრაციებით, შემდეგ არის მაიდნები“, რომელში მონაწილეობისთვისაც, ლუკაშენკას აზრით, გამოიყენებიან „პროფესიონალი სამხედროები, ბანდიტები, რომლებსაც სპეციალურად ამზადებენ მთელ მსოფლიოში, ძირითადად კერძო სამხედრო კომპანიების ფარგლებში“.
უკანასკნელ ხანებში არაერთხელ გავრცელდა ცნობები რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ საქმიანობაზე, რომლის მებრძოლები, მრავალრიცხოვანი მოწმეების თანახმად, იბრძოდნენ უკრაინაში, სირიასა და ლიბიაში.