გვერდის გაქრობა ემთხვევა დღეს, როცა გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი დაიბარეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში თამარის პირადი კომპიუტერის გახსნის მცდელობაზე დასასწრებად. მიხეილ რამიშვილმა არ იცის რას შეიძლება უკავშირდებოდეს გვერდის გაქრობა.
"მთავარი არხის" ეთერში ჟურნალისტის კითხვის პასუხად, შესაძლოა თუ არა თამარის კომპიუტერი გახსნილი იყოს და გვერდის გაქრობა ამას უკავშირდებოდეს, ადვოკატი პასუხობს, რომ მის გარეშე კომპიუტერი მხოლოდ მისი და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა გაიხსნას, რომელიც მიხვდება, ეს არის პირველადი გახსნა თუ არა.
მანამ, სანამ მიხეილ რამიშვილს ექსპერტიზის ბიუროში დაიბარებდნენ კომპიუტერის გახსნის მცდელობაზე დასასწრებად, მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქმის მასალებში არც თამარის ტელეფონიდან ამოღებული მასალები და არც სოციალურ ქსელებში მისი კომუნიკაცია ამ დრომდე არსებობდა. კომპიუტერის გახსნაში დახმარებისთვის კი ფედერალური ბიუროსთვის აპირებდა მიმართვას.
ასევე ნახეთ ველოდები, ველოდები, ველოდები - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატთანფეისბუკის წესებში გაწერილია შემთხვევები, როგორ და რა პროცედურის მიხედვით შეიძლება გახდეს გარდაცვლილის გვერდი “მემორიალური” ან წაიშალოს გარდაცვლილის სიცოცხლეში მითითებული სანდო პირის მიერ მისი გარდაცვალების შემდეგ.
წესების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ფეისბუკი მეგობრის ან ოჯახის წევრისგან შეიტყობს მომხმარებლის გარდაცვალების შესახებ, მისი პროფილი სპეციალურ მემორიალურ გვერდად გადაკეთდება. იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ გაუგებრობები და ამ ფუნქციების ბოროტად გამოყენება, მაგალითად, ცოცხალი ადამიანის მკვდრად გამოცხადება, ფეისბუკის პროფილის მემორიალიზების პროცესისთვის კომპანია გარკვეულ დოკუმენტაციას ითხოვს – ეს შეიძლება იყოს გამოქვეყნებული სამძიმრის ასლი ან გარდაცვალების ცნობა, რომელსაც ფეისბუკის გუნდი განიხილავს შესაბამისი პროცედურების მიხედვით.
მემორიალური პროფაილის გარდა ფეისბუკი იძლევა საშუალებას, მისმა მომხმარებლებმა სიცოცხლეშივე დაწერონ “ანდერძი” და მათ ნდობით აღჭურვილ პირს მისცენ უფლება, გარდაცვალების შემდეგ წაშალონ მათი ექაუნთი.
ანდერძით მემკვიდრეს უფლება აქვს შეცვალოს წინა მფლობელის პროფილის ფოტო ან ე.წ. ქავერ ფოტო და დაწეროს პოსტი. მემკვიდრეს არ აქვს წვდომა გარდაცვლილის პირად წერილებთან და ამ გვერდის მართვა მხოლოდ საკუთარი გვერდიდან შეუძლია, გარდაცვლილის ექაუნთში მისი პაროლით შესვლის გარეშე.
“ანდერძის დატოვება” და სიკვდილის შემდეგ გვერდის ვინმესთვის სამართავად გადაცემის უფლება არ აქვთ მხოლოდ 18 წლამდე მომხმარებლებს და შესაბამისად, იმ მშობლებს, რომლებმაც თავიანთი შვილი სრულწლოვანებამდე დაკარგეს, შეუძლიათ მიმართონ კომპანიას თავიანთი შვილის ექაუნთის მათთვის გადასაცემად.
თუკი თამარის შემთხვევაში არსებობდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც გვერდი სამართავად უნდა გადასცემოდა მართვის უფლებით, მას გვერდის გასაუქმებლად დასჭირდებოდა თამარის გვერდი ჯერ “მემორიალურ” გვერდად ყოფილიყო გადაკეთებული. თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუკის გვერდი კი გაქრობამდე ჩვეულებრივი ანგარიში იყო მითითების გარეშე, რომ ის გარდაცვლილს ეკუთვნოდა.
ფეისბუკისგან განსხვავებით თამარის გვერდი ჯერ კიდევ იძებნება ინსტაგრამზე. დახურულ გვერდზე განთავსებული კონტენტი ხილვადი მხოლოდ მისი "მიმდევრებისთვისაა";
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.