გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ზუსტად 40 დღის თავზე, გამოძიება ჯერ კიდევ ეძებს და აგროვებს იმ მტკიცებულებებს, რომლებმაც 19 წლის ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის ფაქტი უნდა დაადასტუროს.

28 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 დაკავებული ბრალდებულიდან, ცალკე წარმოებად გამოყოს 11 სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე, რომელთაც, ამ ეტაპზე, ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა.

პროკურატურა განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, განსხვავდება განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან. პროკურატურის განცხადებითვე, გარდა ამისა, აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა.

დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებისა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად გამოძიებას ერთი თვე აქვს დარჩენილი, რაკიღა, 11 სრულწლოვანი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოსაა დანიშნული. სწორედ ამ პერიოდში უნდა მოიპოვოს გამოძიებამ ის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტს და გამოძიება ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლს, ანუ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლს წაუყენებს.

რაც შეეხება დანარჩენ ექვს არასრულწლოვან ბრალდებულს, რომელთაც ასევე ედებათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობასა და ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში, მათი საქმე არსებითი განხილვის მიზნით უკვე წარმართულია სასამართლოში და სასამართლო სხდომა 31 ივლისსაა დანიშნული. თუმცა, პროკურატურა იმასაც განმარტავს, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს, შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი ბრალდებულებისათვის ახალი ბრალდების, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლის წარდგენას.

გიორგი ყიფშიძე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმის ე.წ. გაყოფით, გამოძიება საზოგადოებაზე მანიპულირებს და აჩენს ილუზიას, თითქოს ისინი რაღაც განსაკუთრებულს აკეთებენ. მისი აზრით, საქმის გაყოფით, გამოძიება შეეცდება, რომ საქმის მასალები ვეღარ გახდეს ადვილად ხელმისაწვდომი მედიისთვის:

„ვნახავთ რას იზამენ. საქმის გაყოფა მათ არანაირ დამატებით ბერკეტს არ აძლევს. ვინ დაუშალა ამ საქმეში რაიმეს დამტკიცება? ამდენი ხანია მიდის გამოძიება. მტკიცებულებების მოპოვება თუ უნდოდათ, აქამდე რატომ ვერ ქნეს? გზა-კვალის არევის მცდელობას ვხედავ. ახლა ისე მოხდება, რომ არასრულწლოვნების ადვოკატებს სრულწლოვნების მასალებს არ მისცემენ და ჩვენ პირიქით. ჩემი აზრით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქმის მასალებმა არ გაჟონოს საზოგადოებაში“.

40 დღის განმავლობაში ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა, ექსპერიმენტებმა, გამოკითხვებმა, მტკიცებულებებმა, ვიდეო-კამერების ჩანაწერებმა, ჯამში 22-მა ტომმა, გამოძიებას, ჯერჯერობით, ვერ მისცა ვერც ერთი მყარი და მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული მტკიცებულება, რაც გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტს დაადასტურებდა.

ამ დრომდე არ არის ცნობილი საქმეზე დანიშნული ტრანსოლოგიური, ბიოლოგიური, გენეტიკური, დაქტილოსლოპიური, ნიადაგისა თუ სხვა ტიპის ექსპერტიზის პასუხები. არაფერია ცნობილი, მაგალითად, საქმეში არსებული ყველაზე გახმაურებული და ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების, არაგვის ხიდის ბურჯზე ნაპოვნი გიორგი შაქარაშვილის კუთვნილი შავი წელის ჩანთის ექსპერტიზის პასუხების შესახებ.

სწორედ ამ კვლევების პასუხებზე იქნება დიდწილად დამოკიდებული იმის დადგენა, ჰქონდათ თუ არა და რა ტიპის შემხებლობა ჰქონდათ ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილთან სიკვდილამდე ახლო პერიოდში.

თუკი ექსპერტ-კრიმინალისტების გამოცდილებას დავეყრდნობით, ამ ტიპის კვლევები და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულთან, ხანგრძლივ დროს საჭიროებს და არ არის გამორიცხული რომ 2-3 თვესაც კი გაგრძელდეს.

ერთადერთი ექსპერტიზის პასუხი, რაც დღეს საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ეს არის გიორგი შაქარაშვილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილი წყალში დახრჩობის შედეგად, ასფიქსიითაა გარდაცვლილი და სიკვდილამდე ახლო პერიოდში, მას ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, 12-მდე დაზიანება აქვს მიყენებული სახესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რომლებიც ე.წ. მსუბუქი ტიპის დაზიანებებია და ეს დაზიანებები, სიკვდილს ვერ გამოიწვევდა.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს პასუხი, ვერ აღმოჩნდა საკმარისი გამოძიებისათვის და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაინიშნა კიდევ ერთი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც პირველი დასკვნის პასუხები უნდა დააკონკრეტოს და უპასუხოს ისეთ კითხვებს, მაგალითად, როგორიცაა, რას ნიშნავს სიკვდილამდე ახლო პერიოდში მიყენებული დაზიანებები, რა დრო გაატარა გიორგი შაქარაშვილის ცხედარმა წყალში და ა.შ. დაინიშნა კომისიური ექსპერტიზა, სადაც ჩართულნი იქნებიან ნევროლოგი, ნეიროქირურგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. მათ უნდა დაადგინონ, წყალში აღმოჩენისას, გიორგი გონზე იყო თუ არა.

კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა საზოგადოებას უკრაინელი ექსპერტისა და ორგანიზაცია „ემპათიის“ მოსაზრებამ იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა არა ინციდენტის ღამეს, 19 ივნისს, არამედ დაახლოებით დღენახევრის შემდეგ. ეს მოსაზრებები მათ 19 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გასულ სიუჟეტსა და შემდეგ უკვე გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გამოთქვეს. ამის თქმის საფუძველს კი დამოუკიდებელ ექსპერტებს აძლევდათ მდინარის პირას, გვამის დათვალიერების ოქმში ჩაწერილი ფრაზა, „სახეზეა გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთებში“.

დამოუკიდებელ ექსპერტთა განცხადებით, გვამური გაშეშება გრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ, 48 საათს და შემდეგ ის იხსნება, რაც მათი თქმით, ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ რაკიღა გიორგი შაქარაშვილის გვამი მაშველებმა იპოვეს 22 ივნისის შუადღის სამი საათისთვის და რაკი ექსპერტი მდინარის პირას დათვალიერების ოქმში წერს, რომ „სახეზეა გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთებში“, შაქარაშვილი გარდაიცვალა არა 19 ივნისის ღამეს, არამედ, 20 ივნისს, შუადღისთვის.

დამოუკიდებელ ექსპერტთა ვარაუდებსა და გვამის დათვალიერების ოქმში ჩაწერილ ფრაზას - „გვამური გაშეშება“ რამდენიმე განმარტება მოჰყვა როგორც ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტისგან, ალექსანდრე გეჯაძისგან, ისე თავად, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან. თუკი ალექსანდრე გეჯაძე ამბობდა, რომ ეს ჩანაწერი ოქმში „მექანიკური შეცდომა“ იყო,სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მიუთითებდა, რომ არანაირ „მექანიკურ შეცდომას“ ადგილი არ ჰქონდა. ამის დასადასტურებლად ბიურომ სასამართლო-სამედიცინო სახელმძღვანელოებში არსებული ციტატებიც გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ გვამური გაშეშების მოხსნა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო პირობაზე და ის შესაძლოა 48 საათზე მეტხანსაც გაგრძელდეს.

დაგვიანებული და დაკარგული მტკიცებულებები?

საქმის მასალების თანახმად, ნივთმტკიცებების, მათ შორის, ბრალდებულთა და მოწმეების ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, მობილური ტელეფონების ამოღება, გამომძიებლებმა დაიწყეს ინციდენტიდან, თითქმის ორი დღის თავზე, 20-21 ივნისის ღამეს. ზოგიერთი ბრალდებულის პირადი ნივთების ამოღება კი კიდევ უფრო გვიან. დაგვიანებით მოკითხული ნივთმტკიცებების ნაწილი გამოძიებამ ვეღარ იპოვა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთ ნივთს, ე.წ.ჭკვიან საათს, გამომძიებლები ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის სახლში, ივლისის დასაწყისში ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს.

გვიან მოიკითხა გამოძიებამ იმ კამერების ჩანაწერებიც, რომლებსაც, შესაძლოა, საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალები ჰქონოდა გადაღებული. საქმის მასალებიდან ისიც გაირკვა, რომ ერთ-ერთი ასეთი კამერისა და სერვერის გაყიდვაც კი იგეგმებოდა.

ასევე გვიან მოიკითხა გამოძიებამ მაგალითად, იმ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერებიც, რომლებმაც ინციდენტის ადგილიდან საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე წამოიყვანეს. ამ სამხრე-კამერებზე საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები არ აღმოჩნდა. ახლა ექსპერტიზა იკვლევს, წაშლილია თუ არა სამხრე კამერების ჩანაწერები.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თითქმის ვერცერთი ბრალდებულისგან ვერ იქნა აღებული ფრჩხილის ნიმუში. სისხლის სამართლის საქმეს თან ერთვის არაერთი ოქმი დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, სადაც წერია, რომ პირებს ფრჩხილები მოჭრილი აქვთ იმ მინიმუმზე დაბალ დონეზე, ვიდრე ეს საჭიროა ნიმუშის ასაღებად.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მტკიცებულებების გასამყარებლად უმჯობესი იქნებოდა, ფრჩხილების ნიმუშების აღებაც მოხერხებულიყო, რაკიღა, ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, დგინდება, არის თუ არა ფრჩხილში ჩარჩენილი კანის ეპითელიუმის ნაწილი, ან სისხლი, რის შემდეგაც ტარდება ციტოლოგიური კვლევა იმის დასადგენად, ეკუთვნის თუ არა ის გარდაცვლილს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რაკი ფრჩხილის ნიმუშების აღება ინციდენტიდან ორი დღის თავზე იქნა მოთხოვნილი, დიდი ალბათობით, ხელის არაერთგზის დაბანის შედეგად, კვალი დაიკარგებოდა.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სისხლის სამართლის საქმის მონაწილეებმა გარკვეული პირებისგან ფრჩხილების დაჭრის რჩევა მიიღეს.

გადამწვარი ტერიტორია - დაკარგული კვალი?


გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის გადამწვარი ტერიტორიაა, სადაც 19 ივნისის ღამეს, მდევრებმა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი დაიჭირეს და მანქანით თბილისში წამოიყვანეს.

4 ივლისს, დილით, არაგვის ხიდთან მდებარე ფერადი ფარდულის მიმდებარე ტერიტორიას, სწორედ იმ ტერიტორიას, სადაც გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. შსს-მ 7 ივლისს განმარტა, რომ ცეცხლი ჯართის შემგროვებელმა, მეტალის დამუშავებისას გააჩინა. საქმე 188-ე, გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებისა და განადგურების მუხლით აღიძრა.

რადიო თავისუფლებას 28 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ანუ ჯართის შემგროვებელი, გამოძიებამ 15 ივლისს დააკავა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის განმარტებით, ამ ეტაპზე, მისი დაკავება არ უკავშირდება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს და ის დაკავებულია 188-ე მუხლის ნიადაგზე.

სად სდიეს გიორგის - ოჯახის ერთ-ერთი ბოლო ვერსია


ივლისის დასაწყისში, შაქარაშვილის საქმის გამოძიებამ მცხეთის რაიონული პოლიციიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადმოინაცვლა. დაიწყო მოწმეთა ხელახალი გამოკითხვები. დიდი ალბათობით, საქმეზე მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედებებიც. განმეორებითი გამოკითხვების შედეგად, 19 ივნისის ღამის ახალი დეტალები იკვეთება.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე, გიორგის დევნის იმ ვერსიაზე ლაპარაკობს, რომელიც საქმის ბოლო მასალებიდან გამოიკვეთა. როგორც ის ამბობს, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებამ და კიდევ ერთი მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის საგამოძიებო მოქმედებებმა, ცალსახად დაადასტურა, რომ სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრები გაუსწორდნენ გიორგის და შემდეგ წყალში ჩააგდეს:

„ფაბულა ნელ-ნელა იკვეთება. ბინდით მოცული ბოლო ეპიზოდი ნელ-ნელა სიცხადეში შედის. ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ ჰქონდა ასეთ ვითარებას ადგილი – გამოკიდებული ხუთი ადამიანიდან სამი გამოყვა გამოქცეულ ბავშვებს, ამირხანაშვილს, გიორგი შაქარაშვილს და ახვლედიანს, გამოყვა ხიდის მიმართულებით, ანუ გადმოკვეთეს ხიდი, ხოლო ორი მათგანი ხიდზე გადმოსვლამდე, ისე რომ არ გადმოუკვეთავთ ავტომაგისტრალი, ჩავიდნენ ამავე მანქანების ჩამოსახვევში, ანუ წინიდან მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილს და ბავშვი მოაქციეს ალყაში. ეს ძალიან ლოგიკურიც არის. გარდა იმისა, რომ დადასტურებულია, სავსებით ლოგიკურია, რადგან ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა – იმ ღამეში, ვიწრო ბილიკზე, რატომ მიიღო ბავშვმა გადაწყვეტილება, რომ ფერდობზე დაშვებულიყო და ჩაერბინა არაგვის მიმართულებით. აი, სწორედ ამიტომ, რომ მას წინიდან გასაქცევი აღარ ჰქონდა და წინ დახვდნენ, მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს პირები ჩაყვნენ შემდგომ მას. მდინარე არაგვის პირას განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა და ბოლოს უკვე მდინარეში დაახრჩვეს. ამ პირებმა ყველამ მიიღეს მონაწილეობა როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ასევე მის განზრახ მკვლელობაში. ახლა არის დანიშნული დამატებითი ექსპერტიზა. ახლა როგორც ვისმენ, ზოგადად ექსპერტების კომენტარებიდან, ცოტა რთული დასადგენია ამ დროს ბავშვი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, თუ შეეძლო რაიმე ქმედება განეხორციელებინა. დაზიანების მიყენებისთანავე ბავშვი დაახრჩვეს და გააყოლეს დინებას“, - ამბობს მირიან ნიკოლაძე.

რატომ არ აღენიშნებოდა გიორგის სხეულზე ისეთი დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა მას ციცაბო ფერდობზე დაშვებისას მიეღო? იქნებ არც კი ჩასულა გიორგი მდინარე არაგვის ნაპირამდე, იქ სადაც, მისი შავი ჩანთა იპოვეს და იქნებ მას არაგვის ხიდთან, თუნდაც, ფერად ფარდულთან გაუსწორდნენ? - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მირიან ნიკოლაძემ რამდენიმე ხნის წინ ექსპერიმენტი ჩაატარა და თავად ჩაირბინა ის ბილიკი, სადაც, სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილი მდევრებს გაექცა. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მას ბილიკზე ჩარბენისას დაზიანებები არ მიუღია. მირიან ნიკოლაძის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო, მის ფეისბუკ-გვერდზე რამდენიმე საათის წინ აიტვირთა:


ვინ სდია გიორგის?


გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, ამ ეტაპზე, დარწმუნებულია, რომ გიორგის „ტოიოტა კამრის“ მგზავრები გაუსწორდნენ.

„ტოიოტა კამრიში“ ისხდნენ - 19 წლის ვახტანგ ჩიქოვანი, 30 წლის ვასილ მახარაძე, 30 წლის ნიკოლოზ რევაზიშვილი, 29 წლის არჩილ გაგნიძე და ორი არასრულწლოვანი - 17 წლის ზ.ხ. და 17 წლის ა.ქ.

ამ ეტაპზე, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამ დროისათვის, „ტოიოტას“ არცერთი ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სწორედ ამ ექვსი პირის მიმართ ითხოვს დამატებით ბრალის წაყენებას, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სწორედ მათი თავდასხმის შემდეგ უჩინარდება გიორგი შაქარაშვილის კვალი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან და ოთხი დღის შემდეგ, გიორგის ცხედარს მაშველები მდინარე არაგვში პოულობენ.

სწორედ ამ ექვს პირს მოჰყავს ინციდენტის ადგილიდან, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი, რომელიც ერთ ჩვენებაში ამბობს, რომ „ტოიოტას“ მგზავრებმა ის ბუჩქებში დამალული იპოვეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და თბილისში წამოიყვანეს, მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მის მიმართ ძალა არ ყოფილა გამოყენებული და თუკი მოითხოვდა მანქანიდან გადასვლას, „ტოიოტას“ მგზავრები მას გაუშვებდნენ, მესამე და მეოთხე ჩვენებებში კი კვლავ იმას ამბობს, რომ ის თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს მანქანაში, მგზავრობისას სთხოვა, რომ მანქანიდან გაეშვათ, მაგრამ მათ მკაცრი უარი უთხრეს.

სანამ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას, „ტოიოტა კამრის“ მგზავრები დაესხმებოდნენ თავს, მათ ჯერ „მერსედესის“ მგზავრები გაუსწორდნენ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არაგვის ხიდზე თავდასხმაში, კიდევ ორი არასრულწლოვანი ლ.შ. და გ.მ.- ც იღებდნენ მონაწილეობას.

არ არის გამორიცხული, რომ ოჯახმა „მერსედესის“ მგზავრებისა და ხიდზე მყოფი ორი არასრულწლოვანი მდევრის ბრალის დამძიმებაც მოითხოვოს, თუკი გამოიკვეთება, რომ ამ პირებს გიორგის გაუჩინარების რაიმე კავშირი აქვთ.

28 ივლისს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. საფლავზე მისული დედა გიორგის დაჰპირდა: „მე გპირდები, შენი მკვლელები აუცილებლად დაისჯებიან“.

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 16 ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ერთი ბრალდებული კი, რომელიც აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.