ცერცვაძე სერგეენკოსთან ურთიერთობაზე: ჩვენი მიმოწერა გაცილებით უფრო მწვავე და კატეგორიულია

თენგიზ ცერცვაძე, დავით სერგეენკო.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს შესახებ ჟურნალისტებთან ლაპარაკობს. ცენტრის სახელით გავრცელებული განცხადების შემდეგ ცერცვაძე კიდევ ერთხელ აფასებს მის საქმიანობას.

„ეს დრო პოსტის დასადებად ავირჩიე, თორემ მე ამ რიტორიკით მივმართავდი შვიდი წლის განმავლობაში და შემდეგაც. თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით უფრო მწვავე და კატეგორიულია. რისი თქმაც მინდოდა, წერილში ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე და მკაფიოდ დავუსვი ბატონ სერგეენკოს კითხვები. ამ ეტაპზე არანაირ დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ. თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის. მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება, რომელმაც ქვეყანას ააცილა თავიდან აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი, რომელიც იყო ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის, რომელმაც განკურნა 70 ათასი ავადმყოფი და გადაარჩინა 25 ათასი ადამიანის სიცოცხლე, რომელიც არის ფლაგმანი COVID-თან ბრძოლაში.

ყველაზე მეტი, 300-მდე ადამიანი ჰყავს გატარებული, მხოლოდ ერთი გარდაცვლილი, ყველაზე მეტი განკურნებული და არცერთი ინფიცირებული მედპერსონალი. ასეთი დაწესებულების ინფრასტრუქტურა მიყვანილია განადგურების პირას“, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

კლინიცისტი აღნიშნავს, რომ საავადმყოფომ ახლა იგრძნო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროება.

„პრაქტიკულად, მუშაობას ვერ ვაგრძელებთ, თუ არ განხორციელდა გადაუდებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეები. მე ვიცი, რომ ეს არის სერგეენკოს და გარკვეულწილად „ავერსი ფარმას“ ბრალი. გვაქვს კომუნიკაცია ახალ მინისტრთან, რა თქმა უნდა, ის, რაც გაფუჭდა გასული 7 წლის განმავლობაში, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები რომ შეგვისრულოს. ამაზე გვაქვს გარკვეულწილად ახალ მინისტრთან საუბარი“, - თქვა ცერცვაძემ.

კოჯორში, „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე დასწრების საკითხზე ცერცვაძე ამბობს, რომ ეს ნამდვილად იყო მხარდაჭერის გამოხატვა მმართველი პარტიის მიმართ. თუმცა ექიმი აზუსტებს: „პარტიის ან ორგანიზაციის მხარდაჭერა სულ არ ნიშნავს იმას, რომ შენ მხარს უჭერ და მოგწონს მისი უკლებლივ ყველა წევრის საქმიანობა“.

27 ივლისს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრმა „ფეისბუკის“ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს შესახებ. კლინიკამ ყოფილი მინისტრის მისამართით დასვა შეკითხვა: რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას?

2 მარტს დავით სერგეენკომ ამ თემაზე ჟურნალისტებს უთხრა:

„ტვირთად მაწევს, რომ ვერ მოვაგვარე ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა“.

იმ დროის განმავლობაში, რაც სერგეენკო ჯანმრთელობის მინისტრი იყო, ორჯერ გამოიყო სხვადასხვა ადგილი ახალი ცენტრის ასაშენებლად, რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი პროექტირებისთვის, თუმცა პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ ახალი ცენტრის აშენება, ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებამ ვერ მიიღო. გვითხრეს, რომ ამ მიმართულებით „მიმდინარეობს მუშაობა“ და როცა ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყება, გაგვაგებინებენ.

დავით სერგეენკო ჯერ კიდევ 2014 წელს ამბობდა, რომ ინფექციური დაავადების მართვა ქვეყნის პრიორიტეტი იყო და ქვეყანას ჰქონდა როგორც ახალი ინფექციური საავადმყოფოს ასაშენებელი თანხები, ასე ორი წლის წინ მომზადებული პროექტი და მშენებელი კომპანია. ხელის შემშლელ ფაქტორად ამ დროს საავადმყოფოსთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილი სოციალურად დაუცველები სახელდებოდა.

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივლისს დავით სერგეენკო საბურთალოს ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით სერგეენკო 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა 2019 წლამდე ეკავა. 2019 წლიდან ის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია.