გიორგი გახარია მაიკ პომპეოს ტელეფონით ელაპარაკა

გიორგი გახარია, მაიკ პომპეო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა COVID - 19-ის პანდემია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.

პრესრელიზის თანახმად, „მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს. სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, მათ შორის ლუგარის ცენტრის შექმნის, ასევე პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა აშშ-ის მრავალმხრივ დახმარებას, რაც ორი ქვეყნის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველია.

გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა მაიკ პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი და აღნიშნა, რომ სიამოვნებით უმასპინძლებს სახელმწიფო მდივან პომპეოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს. მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მიმართულებები. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე - ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

გიორგი გახარიამ მაიკ პომპეოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია COVID - 19-ის კრიზისის მიუხედავად, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, კერძოდ, ეთნიკური ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე. პრემიერმა და აშშ სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონის და ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ს, NATO-სა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზედა ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაზე".

პრესრელიზის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, ავღანეთში მიმდინარე NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს მონაწილეობა და ქართველი სამხედროების მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული პროფესიონალიზმი.

სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა ასევე გაითვალისწინა ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ელჩ კელი დეგნანის ჩართულობის როლს ამ პროცესში და აღნიშნა, რომ დიპლომატს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში.

საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 224 ხმით, 189 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ. კანონპროექტში საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის 2021 წელს დახმარების სახით გათვალისწინებულია არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი.

კანონის ტექსტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს და ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო მდივნის შეფასებებზე - დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და კორუფციის დასაძლევად.

ამავე დროს, კანონის შესახებ კომიტეტის ანგარიშში დაზუსტებულია საქართველოსთან დაკავშირებული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარების სრულად მისაღებად.