23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.
„ერთმა მითხრა, გაიხსნა კომპიუტერი და შენი შვილი დიდი პრობლემის წინაშეა, დიდ შარშიაო. მე მჭირდება ის პიროვნება, რატომ მითხრა კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობო ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშეაო. ლადო ბაჭულაშვილია, აგერ მუშაობს მოადგილედ“, - თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო დეპარტამენტთან.
თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველომ აღარ აწარმოოს, იმის გამო, რომ მის მიერ დასახელებული პირი ამ განყოფილებაში მუშაობს.
„შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მაინც მათ წესიერებას აღარ შევეხეთ. ჩვენ, ბატონმა ჯუმბერმა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა. რომ საერთოდ გამოძიება არ აწარმოოს სამხარეომ, საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური და სამართლიანი იქნება. იმედია, მიხედავს გენერალური ინსპექცია შიდა სტრუქტურას“, - განმარტავს ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.
იმედინიუსის ინფორმაციით, გარდაცვლილის მამის მიერ დასახელებული პირი შსს-ს გენინსპექციაშია გამოკითხვაზე დაბარებული.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
ასევე ნახეთ: ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, პოლიციის მაღალჩინოსნები ოჯახს გაჩუმებას სთხოვდნენ