“მოვედით იმ პირების დასასახელებლად, რომლებიც მაშინ, როცა მიმდინარეობდა ე.წ. ძებნითი სამუშაოები, [ბაჩალიაშვილის მამას] უთხრეს, რომ შარში და პრობლემებშია მისი გოგო და რა საჭირო იყო ეს აქციები. ესენი არიან პოლიციის მაღალჩინოსნები” - თქვა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა რუსთავში, პოლიციის შენობაში შესვლის წინ მედიასთან. მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის სამხარეო დეპარტამენტში თამარ ბაჩალიაშვილის მამასთან ერთად მივიდა. გარდა კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, არსებობს მოლოდინი, რომ დაზარალებულ მხარეს დღეს გადასცემენ კამერების ჩანაწერებს, სადაც უნდა ჩანდეს, დრონების მიერ გადაღებული სამძებრო სამუშაოების კადრები და ასევე ე.წ. “ჭკვიანი” კამერების ჩანაწერები იმ ადგილებიდან, სადაც თამარის მანქანა გაუჩინარებამდე გადაადგილდებოდა.
არსებობს მოლოდინიც, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში გახსნის თამარის პირად კომპიუტერს, რომელიც ამ დრომდე გაუხსნელია. კომპიუტერი გარდაცვლილის სახლიდან ჯერ კიდევ მისი გვამის პოვნამდე ამოიღეს სამართალდამცველებმა და მისი გაუხსნელობის მიზეზად “რთული პაროლი” სახელდება. რაც შეეხება ზარებს თამარის მამასთან, რომელზეც ოჯახის ადვოკატი საუბრობს, ამგვარი ზარი თამარის მამის თქმით, შედგა მისი შვილის გვამის პოვნამდე ერთი დღით ადრე და სანამ მას საქმის გამომძიებელი ეტყოდა, რომ კომპიუტერს ვერ ხსნიდნენ, სატელეფონო საუბარში ერთ-ერთმა პირმა უთხრა, რომ თამარის კომპიუტერის გახსნის შემდეგ იქ ისეთი ინფორმაცია აღმოჩნდა, რომლის ანალიზითაც მისი შვილი “შარში იყო” და “დიდ პრობლემებში იყო გახვეული.” თამარის გვამის პოვნამდე ოჯახმა და მეზობლებმა აქცია გამართეს საძიებო სამუშაოების უფრო ეფექტურად ჩატარების მოთხოვნით.
კომპიუტერების გახსნის ნელ პროცესთან დაკავშირებით უკმაყოფილოა თამარის ყოფილი სამსახურიც, შპს “ზეგ”-ის წარმომადგენლები მედიასთან სწუხან იმის შესახებ, რომ მათი ოფისიდან ამოღებული ათობით კომპიუტერი გამოძიებას არ გაუხსნია.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.