„2019 წელს ძალიან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ანტინატო და ანტიამერიკული გზავნილები და ეს ძირითადად უკავშიდებოდა “პატრიოტთა ალიანსის“ კამპანიას“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში ანა ჩიტალაძე, „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მკვლევარი და აზუსტებს, რომ 2016 წელთან შედარებით 2019 წელს ორჯერ გაიხარდა ანტიდასავლური პროპაგანდა.
MDF-მა უკვე მეოთხედ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მედიასაშუალებებზე მონიტორინგს ეფუძნება და საქართველოს მედიასივრცეში ანტიდასავლური პროპაგანდის მოქმედების სქემასა და შინაარსს ასახავს. 2019 წელს ფონდის მედიამკვლევრების დაკვირვების ქვეშ მოექცა 15 მედიასაშუალება: 5 ტელევიზია, 5 ონლაინ გამოცემა და 5 გაზეთი:
Your browser doesn’t support HTML5
„ამ 15 მედიაზე ყოველდღიური დაკვირვების საფუძველზე გამოვავლინეთ ის გზავნილები, რომლებსაც ანტიდასავლური კონტექსტი ჰქონდა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დასავლეთის ერთობის წინააღმდეგ მიმართული, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საწინააღმდეგო, ანდა თვითონ ნატოს და ევროკავშირის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ დამოკიდებულებების გაზრდას ისახავდა მიზნად.
ცალკე ნაწილია მანიპულაცია და დეზინფორმაცია, რომელიც არასწორია და არასწორ მტკიცებულებებს მოიცავს. ეს შეიძლება იყოს ფოტოს გაყალბება, ვიდეოს გაყალბება, სტატისტიკის გაყალბება, არასწორი ფაქტის გამოყენება და ეს არის გამოყენებული მიზანმიმართულად.
მეორე ნაწილი ეს არის ანტიდასავლური ნარატივები, რომლებიც შეიძლება არ შეიცავდეს მცდარ ინფორმაციას, თუმცა ისე იყოს დალაგებული, რომ ემსახურებოდეს ანტიდასავლურ პროპაგანდას.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იყო წარმოეჩინა - როგორ ხდება ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება? ეს ხომ არ არის ერთი, იზოლირებული გამონათქვამი. ეს არის სქემა, რომელიც ერთიანობაში მუშაობს წლების მანძილზე და არის პოლიტიკური იარაღი კრემლის ხელში, არა მხოლოდ საქართველოში.
ჩვენ ვაკვირდებით ნარატივებს, რის საფუძველზე, როგორ ამზადებენ ნიადაგს უშუალოდ იმ განცხადებების გასაკეთებლად, რასაც მივყავართ საგარეოპოლიტიკური კურსის გადახედვამდე და ზუსტად ეს არის ამ და სხვა ანგარიშების მთავარი დანიშნულებაც, რომ ამას ერთიანად შევხედოთ როგორც სრულ სურათს“.
„მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარი აღწერს სქემას, თუ როგორ მუშაობს ანტიდასავლური პროპაგანდა, რომლის უპირველესი ნიადაგი საზოგადოებაში არსებული შიშებია, რომლით პანიპულაციასაც ის ცდილობს:
„ეს სქემა ასე გამოიყურება: პირველი საფეხური არის შიშების დათესვა - ანუ გარკვეულ საფრთხეებზე აპელირებით ხდება კონკრეტული შიშების გაღვივება მოსახლეობაში - რომ, მაგალითად, საშიშია რუსეთის გაღიზიანება. შემდეგი შეიძლება იყოს ომის განახლების შიში. რა თქმა უნდა, ომი ცუდია და მთელ მსოფლიოში ყველას ეშინია ომის, თუმცა, როცა ამ კონტექსტში ვსაუბრობთ იმაზე, რომ აი, დასავლეთი არ გვიცავს, ან არ დაგვიცვა დასავლეთმა 2008 წელს, ან ამერიკის მიერ იყო პროვოცირებული და კიდევ არის ამის შიში.
როცა ასეთი კონტექსტი აქვს ამ ყველაფერს, რომ ჩვენი პარტნიორები - აშშ თუ დასავლეთი გვიბიძგებენ ომისკენ და შემდეგ ამას უკვე მოყვება ისეთი აზრთა წყობა, რომელსაც კონკრეტულ დასკვნებამდე მივყავართ, ამიტომ ასეთი მოსაზრებების მიზანმიმართული ტირაჟირება ანტიდასავლური პროპაგანდის შემცველია.
მაგალითად, არის ხოლმე გამოყენებული ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის შიში. ეს არა მხოლოდ 2019 წელს იყო, მანამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ 2019-ში ძალიან აქტიური იყო ეს საკითხი. ალბათ, გახსოვთ, სექტემბერში თბილისში გამართული კონფერენცია და „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მკვლევრის ლუკ კოფის ძალიან ცნობილი იდეა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, სადაც ის აღნიშნავდა, რომ შესაძლებელია საქართველო გაწევრიანდეს ნატოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე. ამას მოჰყვა მოსაზრებების ტირაჟირება, რომ ნატომ შეიძლება წაგვართვას ტერიტორიები და ამას მოჰყვებოდა შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციები აშშ-ს საელჩოსთან და ა.შ.. ამ შიშის გაღვივებაც იყო კამპანიის ნაწილი.
ასევე ძალიან აქტიური იყო ბიოდივერსიის შიში, რომელსაც ლუგარის ლაბორატორიის კონტექსტში ახსენებდნენ ხოლმე, რომ იქ რაღაც ექსპერიმენტები ტარდება, ადამიანები იღუპებიან, რაც ასევე კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
კიდევ ერთი შიში, რომელსაც 2019 წლის მანძილზე პრორუსი აქტორები აქტიურად ავრცელებდნენ, იყო იდენტობის დაკარგვის შიში, რაც არ იყო ახალი. 2016 წლის კვლევაშიც ჩანდა, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი შიშია, რომელიც ნოყიერ ნიადაგს ქმნის ანტიდასავლური პროპაგანდის გასავრცელებლად. იდენტობის დაკარგვის შიშში მოიაზრება ის, რომ დასავლეთი გვართმევს მართლმადიდებლობას, ქართველობას, ტრადიციებს და ა.შ.“.
შემდეგი ეტაპი, რომელსაც ანტიდასავლური პროპაგანდის სქემის განმარტებისას ანა ჩიტალაძე აღწერს, არის უიმედობის გაღვივება:
„მას შემდეგ, რაც შიშები დათესილია და ნიადაგი განოყიერებული, ხდება უიმედობის დანერგვა: მაგალითად, რომ დასავლეთი ვერ დაგვიცავს. ასევე ხშირად ხდებოდა იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი არის ფიქცია და რეალურად აშშ და დასავლეთი გვმართავს, ჩვენ არ შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ.. 2019 წელს ახალი ტენდენციასავით იყო (მანამდე ისე აქტიურად არ გამოიყენებოდა) ეს ორი დასავლეთის იდეა - რომ ლიბერალიზმი მარცხდება დასავლეთში და რომ ერთი მხრივ, არის კონსერვატორული დასავლეთი და მეორე არის ლიბერალური დასავლეთი, რომელიც დღეს უკვე გარდაცვალების გზაზეა. ხშირად ხდებოდა ამის ხაზგასმა, რომ ეს ღირებულებები წარსულს ჩაბარდა დასავლეთშიც კი“.
როცა შიშები გამყარებულია და უიმედობაც ხელშეწყობილი, პროპაგანდის ავტორებისა და მონაწილეების ამოცანაა საზოგადოებას შესთავაზონ ხსნა:
„აქ ანტიდასავლური პროპაგანდა ძალიან კარგად გვთავაზობს მთავარ სათქმელს - სად უნდა ვნახოთ ხსნა? ეს ხსნა არის ნეიტრალიტეტი. გასულ წელს განსაკუთრებით გაიზარდა ხსნის ამ კონკრეტულ გზასთან დაკავშირებით გზავნილები და ეს დაკავშირებული იყო „პატიორტთა ალიანსის“ კამპანიასთან.
ასევე ხშირად ხსნად არის წარმოდგენილი პირდაპირი დიალოგი რუსეთთან - თუ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის საფრთხე დგას, მხსნელი არის მხოლოდ რუსეთი, რომელთან პირდაპირი დიალოგით საქართველო შეძლებს დაიბრუნოს რუსეთის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიები. ამ შემთხვევაში რუსეთი არა კონფლიქტის მხარედ, არამედ მედიატორად არის წარმოდგენილი, რომელიც ქართველებს და აფხაზებს, ქართველებს და ოსებს შორის კოფნლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
ასევე ხსნის ერთ-ერთი გზა იყო რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, როგორც ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი და ამასთან დაკვშირებით ხშირად იყო ხოლმე ანტისაოკუპაციო აქციების კრიტიკაც მიბმული სხვა ანტიდასავლურ ნარატივებთან ერთად. რომ იმავე გავრილოვის საწინააღმდეგო აქციებით დაზარალდა ეს ეკონომიკური ურთიერთობები. ამ კონტექსტში ხდება ინფორმაციის გაყალბება, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ჩვენთვის სიკეთე არ მოუტანია, ერთადერთი გზა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაშია და მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებითაც ამ დასკვნებამდე მიდის კრემლისტური პროპაგანდა.
კიდევ ერთი ხსნა უკავშირდება იდენტობის შენარჩუნებას - ამ შიშსაც კარგად იყენებს ანტიდასავლური პროპაგანდა, რომლის თანახმადაც, რუსეთი არის მორალური ოკუპაციის დაძლევის ერთადერთი შესაძლებლობა“.
ანა ჩიტალაძე ინტერვიუს დასასრულს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ანტიდასავლური პროპაგანდის სქემატური ანალიზის მნიშვნელობას:
„ხანდახან, როცა ერთ, კონტექსტიდან ამოვარდნილ გამონათქვამს ვისმენთ, შეიძლება ვერ მივხვდეთ რა დიდი კამპანიის ნაწილია და როცა კვლევის საფუძველზე მთლიანი სურათი გვაქვს, უკეთ ვიცით ამ ადამიანების მოტივაცია რა არის“.
Your browser doesn’t support HTML5