საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას, რომელშიც საუბარია საქართველოსადმი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერაზე.
გიორგი გახარიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. თანამშრომლობის ისეთ სფეროებზეა საუბარი, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება, ვაჭრობა და ეკონომიკა, ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მედიასთან საუბარში განაცხადა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ასევე იმ შენიშვნების საკითხს, რომელიც კანონპროექტზე მუშაობის დროს გამოიკვეთა სენატში. კერძოდ, "ამერიკის ხმის"ინფორმაციით, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზანიც იყო საქართველოსთვის შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის დაკავშირება დემოკრატიულ მდგომარეობასთან.
ასევე ნახეთ სენატორმა რიშმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე ცვლილებების პროექტი წარადგინაგიორგი გახარიას სიტყვებით, საქართველოს ცალკეულ მეგობრებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იქნება ეს კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეთ, მაგრამ მათ ამ კითხვის უფლება აქვთ, როგორც საქართველოს მეგობრებს.
„რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს, აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში, ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლა დგას. ეს ყველას კარგად ესმის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.