გარდაცვლილი ბაჩალიაშვილი იმ ადგილიდან 15 კმ-ში იპოვეს, სადაც კამერამ ბოლოს დააფიქსირა

“სამძებრო სამუშაოები დაიწყო პირველივე შეტყობინებისთანავე, რომელიც შევიდა პოლიციაში. ბოლო ლოკაცია, სადაც მისი ავტომობილი დაფიქსირდა, არის სოფელი ხაიში. მთელი რესურსი დეტალურად შესწავლის მიზნით ამ ტერიტორიაზე [მივმართეთ], მოხდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა, ისე გადადაადგილების შესაძლო მარშრუტის შესწავლა. სამწუხაროდ ამ ლოკაციაზე ვერ იქნა მოძიებული მისი ავტომობილი იქიდან გამომდინარე, რომ 15 კილომეტრის დაშორებით სხვა, მიტოვებულ, დაუსახლებელ ადგილას აღმოჩნდა გარდაცვლილის ავტომანქანა, რაც დააფიქსირა შემთხვევით გამვლელმა არასწულწლოვანმა მწყემსმა” - უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის პოვნიდან მხოლოდ მეორე დღეს გააკეთა პირველი განცხადება მის შესახებ. ამ განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ 23 წლის პროგრამისტის საქმეზე გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს, რაც შეეხება ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებიდან მის პოვნამდე ჩატარებულ სამუშაოებს, მამუკა ჭელიძის თქმით, “სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაიგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. დაკარგული გოგონას სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი.”

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს აღმოჩენილ იქნა მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, რომელიც საავტომობილო გზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს.

Your browser doesn’t support HTML5

თამარ ბაჩალიაშვილის გვამის პოვნის ადგილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.