„ტოიოტასა“ და „მერსედესის“ მგზავრების გარდა, ახალგაზრდებს ხიდზე კიდევ ორი პირი გაუსწორდა 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი საქმის მოწმეების ახალი ჩვენებების თანახმად, არაგვის ხიდზე მიმავალ ახალგაზრდებს, გარდა „მერსედესის“ მგზავრებისა, ორი არასრულწლოვანი ლ.შ. და გ.მ-ც გაუსწორდნენ.

ამის შესახებ შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, კონსტანტინე ღიბრაძე, 21 ივლისს ეუბნება გამოძიებას.

არასრულწლოვანი ლ.შ. და გ.მ, რომლებიც 17 ბრალდებულს შორის არიან, აქამდეც ფიგურირებდნენ მოწმეთა ჩვენებებში, თუმცა, მათი ეპიზოდი არაგვის ხიდზე მხოლოდ ერთი დეტალით შემოიფარგლებოდა - როგორ სთხოვეს ლ.შ.-მ და გ.მ.-მ ტელეფონის ნომერი არაგვის ხიდზე მიმავალ საქმის კიდევ ერთ მოწმეს, გიორგი ქათამაძეს. ამ ეპიზოდის შემდეგ, მათი კვალი მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში ქრებოდა. ამჯერად კი ისინი, როგორც თავდასხმაში მონაწილე ფიგურები, ისე ჩნდებიან.

აი, რას ეუბნება კონსტანტინე ღიბრაძე გამოძიებას:

„გიორგისთან [ქათამაძე] მქონდა საუბარი. გიორგიმ მითხრა, რომ მას ძალიან ბევრი ადამიანი ურტყამდა. ვახტანგ ახვლედიანმა [კიდევ ერთი მოწმე] კი მითხრა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იმ პირებმა, რომლებიც ჩვენ უკან მოგვყვებოდნენ და რომლებმაც მანამდე გიორგი ქათამაძეს ნომერი გამოართვეს“...

კონსტანტინე ღიბრაძე ლ.შ.-სა და გ.მ-ს მიერ ტელეფონის ნომრის თხოვნის ეპიზოდს ასე იხსენებს:

„ავტობანზე ფეხით მოძრაობისას ნამდვილად წამოგვეწია ორი პიროვნება, მათ გაგვაჩერეს და დაუწყეს საუბარი გიორგი ქათამაძეს. ამ ეპიზოდში მეც მივუახლოვდი მათ. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულმა ორმა პირმა დააზუსტა თუ რომელი უბნიდან ვიყავით ჩვენ, რის შემდეგაც ტელეფონის ნომერი გამოართვეს გიორგი ქათამაძეს შემდგომში შეხვედრის მიზნით, რის შემდეგაც ჩემსკენ მოტრიალდა ერთ-ერთი მათგანი და მკითხა, რით ვაპირებდით წასვლას. მე ვუთხარი, რომ ტაქსით უნდა წავსულიყავით ადგილიდან“.

შაქარაშვილის საქმის კიდევ ერთი მთავარი მოწმე, გიორგი ქათამაძე, 21 ივლისის გამოკითხვის ოქმში ყვება, რომ მცხეთის მაგისტრალზე, უკან ადევნებული ორი პირიდან ერთ-ერთმა, რომელმაც მას ტელეფონის ნომერი გამოართვა, უთხრა, რომ მისი სახელი და გვარი იყო "ირაკლი ჩიქოვანი", თუმცა, ქათამაძის თქმით, როდესაც მისი ტელეფონის ნომერი "ნომრების ბაზაში გადაამოწმეს", ნახა, რომ მისი სახელი და გვარი იყო გ.მ.

„ჩემს უკან მომესმა დაძაბული საუბარი. კონკრეტულად ჩვენი ექვსეულიდან ვინ საუბრობდა, არ მახსოვს, თუმცა, მახსოვს, რომ რომელიღაცა მათგანს ესაუბრებოდა მაშინ ჩემთვის უცნობი ორი ბიჭი, რომლებიც, როგორც ვთქვი, მოგვყვებოდნენ მოშორებით. საუბრის შინაარსი არ მახსოვს, თუმცა, მახსოვს, რომ მივედი მათთან და ვუთხარი, რა იყო დასაძაბი და თუ რამე გაუგებრობა მოხდა, მეორე დღეს შევხვდებოდით ერთმანეთს და შევრიგდებოდით“.

ამ დრომდე, არცერთ ჩვენებაში, საქმის მთავარ მოწმეებს არ უხსენებიათ, რომ ლ.შ. და გ.მ. მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი თავდასხმისას, ახალგაზრდების ცემაში მონაწილეობდნენ.

თუმცა, ამის შესახებ, თავად ბრალდებული არასრულწლოვანი, გ.მ. უყვება გამოძიებას, რომელიც ინციდენტის მეორე დღეს, 20 ივნისს გამოიკითხა.

გამოკითხვის ოქმში ის წერს, რომ დაბადების დღის წვეულებიდან ის და მისი მეგობარი, ლ.შ. მცხეთის აგარაკიდან თბილისის მიმართულებით ფეხით წამოვიდნენ და არაგვის ხიდზე წამოეწივნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას. მისი სიტყვებით, გიორგი ქათამაძე, ცდილობდა მასთან და ლ.შ.-სთან „სიტუაციის დაძაბვას“:

„რიცხობრივად მეტნი იყვნენ და უნდოდათ მე და ლ-ს ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ. ამ დროს დარეკა ლ-მ, კონკრეტულად თუ ვისთან, არ მახსოვს და უთხრა, რომ მოსულიყვნენ არაგვის ხიდთან, რის შემდეგაც, მალევე გამოჩნდა ჩვენი მეგობრის, გიგა ტატიშვილის მოვერცხლისფრო „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ ჩვენი მეგობრები, ყველანი და დაუწყეს ღიბრაძეს და ქათამაძეს ცემა. მალევე მივირბინეთ მე და ლ-მაც. მისვლისას მეც დავარტყი ერთს ფეხი, რომელს აღარ მახსოვს. ჩვენ მათ ვურტყამდით ყველანი, გარდა გიგა ტატიშვილისა. გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად კიდევ ორი პირი და ასევე ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე, გაიქცნენ ავტობანზე, მცხეთის მიმართულებით, რის შემდეგაც, ჩემი მეგობრები, ნ.ქ., ნ.ც., და თენგო ბარბაქაძე დაახლოებით ორ-სამ მეტრში გამოეკიდნენ გაქცეულებს, რის შემდეგაც მალევე ჩავსხედით ტატიშვილის მანქანაში და ისევ მივედით იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვქეიფობდით“.

გ.მ ყვება, რომ აგარაკიდან ის, გიგა ტატიშვილი და ნ.ც. „მერსედესით“ დაბრუნდნენ თბილისში.

რაც შეეხება მცხეთის მაგისტრალზე, ინციდენტის ადგილას მყოფ ლ.შ.- ს, როგორც საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი არასრულწლოვანი, „მერსედესის“ მგზავრი ნ.ქ. უყვება გამოძიებას, ის და ლ.შ თბილისში ე.წ. ავტოსტოპით დაბრუნდნენ.

თუკი საქმის მასალებს ჩავხედავთ, არ არის გამორიცხული, რომ ლ.შ. და ნ.ქ. მცხეთიდან თბილისში თეთრი "ტოიოტა პრიუსით" ჩამოვიდნენ.

საქმის მასალებში დევს ორი გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, "ტოიოტა პრიუსის" მძღოლმა და მისმა მეგობარმა, რომლებიც 18 ივნისს ღამით ჭიათურის მიმართულებით გაეშურნენ, თუმცა, გორთან ახლოს მანქანას პრობლემა შეექმნა და უკან მობრუნება გადაწყვიტეს, არაგვის ხიდის სიახლოვეს, ორი, მათთვის უცნობი ახალგაზრდა ჩაისვეს, რომელთა ასაკიც 18-20 წელი იყო. ჩვენების თანახმად, მათ ეს ახალგაზრდები ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის ბაღთან ჩამოსვეს.

ნ.ქ.-ს ჩვენების თანახმად, ისინი თბილისში „გამთენიის საათებში“ ჩამოვიდნენ და მე-11-ე საჯარო სკოლასთან, რომელიც ცოტნე დადიანის გამზირზე მდებარეობს, შეხვდნენ გ.მ.-ს. როგორც ნ.ქ. ამბობს, მან ის ღამე მეგობართან გაათენა, რადგან არ უნდოდა ოჯახის წევრები გაეღვიძებინა. იმ ღამეს ნ.ქ. დაუკავშირდა საქმეში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს, ვახტანგ ჩიქოვანსაც, რომელიც თავდასხმაში მონაწილე მეორე მანქანაში, „ტოიოტა კამრიში“ იჯდა.

რაც შეეხება გ.მ.-ს ის გამოკითხვის ოქმში არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ 19 ივნისის ღამეს, მცხეთის ინციდენტში მონაწილე მეგობრები ნახა.

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიძია, ლ.შ.-ს გამოკითხვის ოქმის მხოლოდ ფრაგმენტი დევს. ამ ფრაგმენტში არაფერი წერია მცხეთის მაგისტრალის ინციდენტის შესახებ.

„მერსედესის“ კიდევ ერთი მგზავრი, ბრალდებული არასრულწლოვანი ნ.ც. ამბობს, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში ჩამოსულმა „მერსედესის“ მგზავრებმა, ანუ მან, გ.მ.-მ და გიგა ტატიშვილმა, მალევე, იმავე ღამეს შეიტყვეს, რომ მცხეთის მაგისტრალზე ბიჭი იყო დაკარგული. თუმცა, ვინ უთხრა მათ ეს, აღარ ახსოვს.

ნ.ც.-ს ჩვენების თანახმად, 19 ივნისს, დილით, „მერსედესის“ მგზავრები, ის, ირაკლი მუმლაძე, თენგო ბარბაქაძე და მათთან ერთად ლ.შ., წერეთლის გამზირზე ხვდებიან იუბილარსა და მის ბიძას, დაკარგულ შაქარაშვილზე სასაუბროდ:

„ანიმ თქვა, რომ გზაზე მერსედესით მოსულა რამდენიმე ბიჭი...ყოფილა ჩხუბი, ამ დროს ეს ბიჭი ყოფილა იქ, ხოლო იმის მერე აღარ გამოჩენილა და არ იცოდნენ თუ სად იყო. ანიმ ასევე გვაჩვენა ამ ბიჭის ფოტოსურათი და გვითხრა მისი სახელი და გვარი. სურათის ნახვისას, მეცნო ეს ბიჭი, რადგან ვნახე, როდესაც ის გაიქცა... საუბრის დროს არც მე და არც ჩემს მეგობრებს არ გვითქვამს, რომ მერსედესით მისული ბიჭები ვიყავით ჩვენ და რომ სწორედ ჩვენ მოგვივიდა ჩხუბი, რადგან რადგან შეგვეშინდა, რაიმე უსიამოვნებაში არ გავხვეულიყავით“.

ანა გაბეჩავა, გიორგი შაქარაშვილსა და მცხეთის მაგისტრალზე მომხდარ ინციდენტზე სასაუბროდ ლ.შ. - ს სოციალური ქსელითაც უკავშირდება. საქმის მასალებში მათი მიმოწერის შინაარსი დევს. ანა გაბეჩავა ლ.შ.-ს 19 ივნისს, დილის ათის ნახევრისთვის სწერს და ეკითხება,
„ბავშვები რომ სცემეთ რკინის ჯოხით, შენც მანდ იყავი?“.

ლ.შ. პასუხობს: „მანდ რა მინდოდა, გოგო... აზრზე არ ვარ, ვინ არის ვაბშე დაკარგული ან რატო დაიკარგა, გეფიცები“.

ლ.შ.-სა და გ.მ.-ს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, რასაც თან ახლავს ძალადობა და ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 31 ივლისსაა დანიშნული.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.