შინამეურნეობების საშუალო შემოსავალი განახევრდა

შინამეურნეობების საშუალო და მედიანური შემოსავალი კრიზისის დროს განახევრდა - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ახალი კვლევა გამოაქვეყნა.

შინამეურნეობათა წილი, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ საერთოდ არ აქვთ შემოსავალი, კრიზისამდელი 0.5%-იდან აპრილში 10%-მდე გაიზარდა, ხოლო მაისში - 14%-მდე. 28%-მა განაცხადა, რომ დაკარგა სამუშაო, თუმცა მათგან ნახევარზე მეტმა კვლავ დაიწყო მუშაობა.

აპრილი-ივნისის პერიოდში გამოკითხული მოქალაქეები თვლიდნენ, რომ უმჯობესია ეკონომიკის ამუშავება, ვიდრე ვირუსის ჩაცხრომის ლოდინი. კრიზისის გახანგძლივების პარარელურად ამ მოსაზრებას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეთანხმებოდა. მსგავსი განწყობა უფრო თბილისში იყო შესამჩნევი, ვიდრე სხვა დასახლებულ პუნქტებში.

ფინანსებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წუხილი საზოგადოების უმრავლესობისთვის იყო დამახასიათებელი.

კითხვაზე, რამდენად გაღელვებთ ის, რომ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი შეიძლება ახალი კორონავირუსით დაავადდეს, პასუხები ასე გადანაწილდა: 50% - ძალიან მაღელვებს, 35% - მაღელვებს, 11% - არ მაღელვებს, 3% - საერთოდ არ მაღელვებს, დანარჩენი - არ ვიცი.

რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას მომდევნო თვეში, ეს საკითხი მხოლოდ 8 პროცენტს არ ანაღვლებდა.

კვლევის შედეგად იკვეთება, რომ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებები მოსახლეობისთვის პესიმისტური ან გაურკვეველია.

Covid 19-ის შესახებ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ნიდერლანდის საელჩოს დაკვეთით ჩაატარა. კვლევა ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 6 000-მდე ადამიანი გამოიკითხა. ცთომილების ალბათობა დაახლოებით 3.0%-ა.

ნახეთ ასევე: