პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მთავრობისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების შეფასების დადებითი მაჩვენებელი. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა.
თუკი ნოემბერ-დეკემბერში პრემიერ გიორგი გახარიას სარეიტინგო ქულა 21 იყო, მაისში ის უკვე 65 გახდა. 43-დან 69-მდე გაიზარდა პოლიციის შეფასების მაჩვენებელმა, 9-დან 30-მდე პარლამენტის, პრეზიდენტისა კი 9-დან 25-მდე.
მოსახლეობა თითქმის 100 პროცენტით დადებითად აფასებს ექიმების საქმიანობას კორონავირუსის პერიოდში. კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული საქმიანობის შეფასება ასევე მაღალი იყო ყველა სხვა ინსტიტუტის შემთხვევაში, მაგალითად: პოლიცია - 88 ქულა, ლუგარის ლაბორატორია - 88 ქულა, კონკრეტულად გიორგი გახარია - 87. 68 ქულით შეფასდა პარლამენტი, პრეზიდენტი კი უფრო ნაკლებით - 51.
მოსახლეობისგან დიდწილად მოწონებული იყო ის შეზღუდვები, რომლებიც პანდემიის პერიოდში დაწესდა. განსაკუთრებით ეს ეხებოდა ნიღბის ტარებასა და კომენდანტის საათის შემოღებას. ყველაზე ნაკლები მოწონება (44%) ზოგიერთი პროდუქტის ონლაინ გაყიდვაზე შეზღუდვის დაწესებას ხვდა. ასევე ყველაზე ნაკლებად მხარდაჭერილ ღონისძიებათა შორის იყო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღების გადაწყვეტილება - მას მხოლოდ 55% ეთანხმება.
Covid 19-ის შესახებ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა. კვლევა ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 6 000-მდე ადამიანი გამოიკითხა. ცთომილების ოდენობა დაახლოებით 3.0%-ა.