რატომ არ შეინახა პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებმა ინფორმაცია ფოტოგრაფის შესახებ?

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მასალების თანახმად, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, იმ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერებში, რომლებმაც 19 ივნისის ღამეს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე წამოიყვანეს, გამოძიებამ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ ნახა. უფრო ზუსტად, დროის იმ მონაკვეთის ჩანაწერი, როდესაც პატრულ-ინსპექტორები არაგვის ხიდთან პოულობენ იაკობ ბრეგვაძეს და შემდეგ ის თბილისში მოჰყავთ, დათვალიერების ოქმის თანახმად, არ არსებობს.

გამოძიებამ პატრულ-ინსპექტორების, გიორგი ზარიაშვილისა და ვალერი ჯიქურაშვილის სამხრე კამერების ჩანაწერები 112-დან 6 ივლისს გამოითხოვა. გამოძიების ინტერესის არეალში მოექცა 2020 წლის 18 ივნისის 23 საათიდან 2020 წლის 19 ივნისის 03:00 საათამდე პერიოდის ჩანაწერი.

ჩანაწერები შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა 19 ივლისს დაათვალიერა, თუმცა, როგორც ის ოქმში წერს, გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია ამ ჩანაწერებში არ აღმოჩნდა. 112-დან გამოთხოვილ მასალაში სამხრე კამერების რამდენიმე ჩანაწერი ფიქსირდება. თუმცა, ყველა მათგანი გადაღებულია 18 ივნისის 23:27 საათიდან, 23:32 საათამდე. ანუ, იმ პერიოდში, როდესაც არაგვის ხიდზე ახალგაზრდების დევნა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო.

უფროსი გამომძიებელი დათვალიერების ოქმში წერს: „სამხრე ვიდეო-კამერების ჩანაწერების დათვალიერებისას, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები არ დაფიქსირებულა“.

პატრულ-ინსპექტორი გიორგი ზარიაშვილი, რომელიც გამოძიებამ 4 ივლისს გამოკითხა, ჩვენებაში წერს, რომ მას და მის მეწყვილეს იაკობ ბრეგვაძესთან ურთიერთობისას, სამხრე კამერები გათიშული ჰქონდათ:

„იმის გამო, რომ იაკობ ბრეგვაძის ნახვამდე, მან გამოძახება გააუქმა, მასთან საუბრისას მე და ჩემს მეწყვილეს ვალერი ჯიქურაშვილს, სამხრე კამერები არ ჩაგვირთავს“.

ახლა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა დაადგინოს, წაშლილია თუ არა კამერებიდან 2020 წლის 18 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის 03:00 საათამდე დროის მონაკვეთში გადაღებული ინფორმაცია? ახორციელებდა თუ არა პოლიციის ავტომანქანის ბორტ-კომპიუტერი ვიდეო/ფოტო ან აუდიო ჩანაწერს? და წაშლილია თუ არა ეს ინფორმაცია? - ეს კითხვები გამოძიებამ ექსპერტიზას 15 ივლისს გაუგზავნა.

პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებისა და ბორტ-კომპიუტერის ჩანაწერების შინაარსი შაქარაშვილის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ საქმის მთავარი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები, რომელმაც ინციდენტის ღამეს პატრული გამოიძახა, გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს. არსებობს ვარაუდი იმის შესახებაც, რომ იაკობ ბრეგვაძის მიერ განხორციელებული ზარი 112-ში, რომლის ჩანაწერიც შსს-მ გამოაქვეყნა, შესაძლოა, არ იყოს ავთენტური. თუმცა, ამ დრომდე, ექსპერტიზა ზარის ავთენტურობასთან დაკავშირებით, არ ჩატარებულა. გარდა ამისა, პატრულ-ინსპექტორების გამოკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ იაკობ ბრეგვაძე შემთხვევით შეესწრო მცხეთის მაგისტრალზე ჩხუბს, ის ახალგაზრდებს არ იცნობდა და დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით ე.წ. ავტოსტოპით მოდიოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის ღამეს, მცხეთაში მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.