არ დავტოვოთ სივრცე ინტერპრეტირებისთვის, დღეს ეს არ გვჭირდება - პრემიერი ბაჩალიაშვილის საქმეზე

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმეს 23 ივლისის მთავრობის სხდომამდე გამოეხმაურა, გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და საგამოძიებო უწყებებს ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარებისკენ მოუწოდა. გიორგი გახარიას თქმით, “ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ ვითარებაში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა” და “ეს ტრაგედია ცდება ოჯახს და ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია.”

გიორგი გახარიამ საზოგადოებას მოუწოდა, მსგავს შემთხვევებში ყველა მეტი პასუხისმგებლობით მოიქცეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი პრემიერისგან მიიღო დავალება, “პროაქტიულად” მიაწოდოს გარდაცვლილის ოჯახს და საზოგადოებას ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას თქმით, “ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რათა არ დარჩეს არცერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის.”

პრემიერის თქმით, ყველასთვის ცნობილია გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები და მისივე აღნიშვნით, სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

“რა თქმა უნდა სწრაფი გამოძიება, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ინფორმირება ოჯახის და საზოგადოების. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველას კარგად გვესმის და ამიტომ დაიწო რეფორმები და სისტემური განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ისე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის.

ამ თემაზე საუბრის დასრულებისთვის, მინდა საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ იყოთ პროაქტიული ინფორმაციის გაზიარებისას, რათა არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის, დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება” - თქვა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

23 წლის თამაბარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. გარდაცვლილი ის გაუჩინარებიდან მეხუთე დღეს იპოვეს საკუთარ ავტომობილში თეთრიწყაროსკენ მიმავალი გზის სიახლოვეს. ოჯახის წევრები მის პოვნამდე ამბობდნენ, რომ ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.