ამჯერად უკვე - ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. 22 ივლისს შემდგარ სასამართლო პროცესზე ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე გამოიკითხა. 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიების ფონზე, ხელისუფლების ოპონენტები ისევ მიზანმიმართულ გეგმასა და მართლმსაჯულების პოლიტიზებაზე ლაპარაკობენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებს არ სცდება და პოლიტიკა არაფერ შუაშია.
15 წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 2020 წლის 19 ნოემბერს წაუყენეს და უკვე 22 ნოემბერს წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს. ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ის 20 ივნისის მოვლენების გამო - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.
15 წლის წინანდელი საქმის უეცარი გააქტუალურება მაშინვე საეჭვოდ მიიჩნიეს უფლებადამცველებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. თუმცა სახელმწიფო ბრალდებამ ყველაფერი ხანდაზმულობის ვადით ახსნა.
- პროკურორი ლაშა კოტრიკაძე განმარტავდა, რომ თუ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალს 24 ნოემბრამდე არ წაუყენებდნენ, შემდეგ უკვე ვეღარასოდეს გააკეთებდნენ ამას;
- ბრალდების მხარე ასევე განმარტავდა, რომ ხანდაზმულობის ვადა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ეწურებოდა, თორემ ეს არანაირად არ შეეხება საქმის განხილვის ვადას.
რატომ ახლა - ამდენი ხნის შემდეგ?
„არა თუ მხოლოდ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, არამედ ნებისმიერ საქმეზე მთავარია, რომ გამოძიების ვადაში მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. როდესაც არსებობს შესაბამისი მტკიცებულებების სტანდარტი, მაშინ ხდება სამართლებრივი შეფასება. ასეთი შეფასების შედეგად, ორი პირი (ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ ადეიშვილი) მიეცა პასუხისგებაში“, - განაცხადა 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის ფარგლებში საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.
ასევე ნახეთ გურამ დონაძე პატიმრობიდან გათავისუფლდააპრილში ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ასევე ბუტა რობაქიძის საქმის გამო დაკავებულმა ზურაბ მიქაძემ. გურამ დონაძემ საპატიმრო 15 აპრილს დატოვა.
2004 წლის 24 ნოემბერს, როდესაც 19 წლის ბუტა რობაქიძე პოლიციელის მიერ გასროლილმა ტყვიამ სასიკვდილოდ დაჭრა, ირაკლი ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო ზურაბ ადეიშვილი - გენერალური პროკურორი. ამ საქმეზე ბრალი ადეიშვილსაც ნოემბერში წაუყენეს.
პროკურატურის განმარტებით:
- ირაკლი ოქრუაშვილმა დავალება მისცა შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომ გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე.
- ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით მოხდა ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალების ჩაწყობა ახალგაზრდების ავტომობილში.
- იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა კი ხელი შეუწყო გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვას - გაყალბდა მტკიცებულებები მოგონილი ვერსიის გასამყარებლად.
ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ და „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პროცესებში აქტიური მონაწილეობით, იმედი აქვს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სათანადოდ დაისჯება.
თუმცა მეტრეველი არც იმას მალავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროისთვის, ოქრუაშვილის მიმართ ადამიანური თანაგრძნობაც ჰქონდა და ქვეყანაში მის შემოსვლასაც შეუწყო ხელი; თუმცა შემდეგ იმედი გაუცრუვდა, რადგან ოქრუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან" დადგა.
22 ივლისს, პრესკონფერენციაზე ია მეტრეველმა თქვა:
- „როდესაც (ოქრუაშვილს ) სასტიკად მოექცა სააკაშვილი, მე მას ნამდვილად თანავუგრძნობდი, ადამიანურად ძალიან შემეცოდა, როცა დევნილობაში იყო, საშინელება გადაიტანა სააკაშვილისგან“;
- „ხელისუფლება რომ შეიცვალა, მაშინ ვიყავი პოლიტპატიმრების კომისიის წევრი და ჩემი ნებართვის გარეშე მას თბილისში ვერ ჩამოუშვებდნენ . მე დავთანხმდი ამაზე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა, რაც ჩაიდინა და ვიფიქრე, რომ სიმართლეს იტყოდა“... მაგრამ სიმართლე კი არა, საერთოდ აიცილა ყველაფერი“;
- „და ბოლოს რაც გააკეთა, რომ ოქრუაშვილი დგას ახლა სააკაშვილთან ერთად და ისევ ერთნი არიან, ეს ჩემთვის არის წარმოუდგენელია";
- "მან სახე გამოაჩინა. ... რაც უნდა ცალკე გავიდნენ და გაიყვნენ , ჩემთვის ერთნი არიან – „ნაციონალური“, კრიმინალური, ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც საქართველო საშინელ უბედურებაში ჩააგდო“.
სწორედ იმის გამო, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო პერიოდში ისევ პოლიტიკაში დაბრუნდა და პროცესებშიც აქტიურად იყო ჩართული, ჯერ 20 ივნისის მოვლენების გამო მისმა დაპატიმრებამ, ხოლო ახლა - 15 წლის წინანდელი საქმის გამო მისმა გასამართლებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ, მისი გვარი ისმოდა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიის ჭრილშიც და შედეგად, მისი 5-წლიანი პატიმრობა (გიგი უგულავასთან ერთად) პრეზიდენტის შეწყალების აქტით დასრულდა.
8 მარტის შეთანხმების ჭრილში ყველაზე მსხვილ სადავო თემად კვლავაც რჩება გიორგი რურუას პატიმრობა.
ასევე ნახეთ მართლმსაჯულების პოლიტიზება, შერჩევითი სამართალი, ეჭვები მიკერძოებაზე - ამერიკისა და ევროკავშირის აქცენტები„დრო, კონტექსტი და ასე შემდეგ, ყველაფერი ამაზე მიუთითებს... ამ ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტი ახლავს - ეს დაადასტურეს საკმაოდ მაღალკვალიფიციურმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა... მე მოვუწოდებ სასამართლოს, ნუ იყენებს სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური დევნის იარაღად და შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება... სჭირდებოდათ სენსიტიური თემა, რომ მიებათ ოქრუაშვილისთვის, რომ ის როგორმე პატიმრობაში დაეტოვებინათ.. ეს არის ამ საქმის მთელი არსი“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესის ფარგლებში.
ოქრუაშვილთან დაკავშირებული პროცესები წმინდად პოლიტიკური სახეს რომ ატარებს, ამაში ეჭვი არც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეპარებათ. როგორც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საქმე, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენების მიზნით:
„მნიშვნელოვანია, რომ ამას „ქართული ოცნება“ იყენებდეს არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ, ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისაგან. დღეს კი, ყველა ვთანხმდებით, რომ არასოდეს ყოფილა მართლმსაჯულება ასეთი პოლიტიზებული, როგორც ის დღეს „ქართული ოცნების“ პირობებშია“.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარს „ტვიტერზე“ დაუწერა: მე არ შემიწყალებია პოლიტიკური პატიმრებისაერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ჩანაწერის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილის გასამართლებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.
- „რობაქიძის საქმე შავ ლაქად დააჩნდა საქართველოს თანამედროვე ისტორიას და ამის გაპოლიტიზირება არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი. ცდილობენ ეს გამოიყენონ მთავრობის საწინააღმდეგოდ... ისინი უტიფარ განცხადებებს აკეთებენ... განა რობაქიძის სიკვდილით მისი ოჯახი, სხვა ოჯახები და მთელი საქართველო შეძრული და შეწუხებული არ იყო?! ან დღემდე შეწუხებული არ არის?!“ - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი;
- „ჩემი აღქმით, 8 მარტის შეთანხმების ნაწილი ნამდვილად არ იყო კრიმინალისთვის ხელის დაფარება... ჩვენს საზოგადოებას აქვს ინტერესი, რომ რობაქიძის საქმეზე, სხვა საქმეებთან ერთად, სამართლიანობა აღდგეს... „ქართული ოცნება“ არავის არ დევნის პოლიტიკური ნიშნით და მით უმეტეს - ბატონ ოქრუაშვილს“ - ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ მომზადებულ ერთ-ერთ ანალიტიკურ დოკუმენტში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმეების შეფასებაა მოცემული.
არასამთავრობო ორგანიზაცია მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებულ ეჭვებზეც ლაპარაკობს და კონკრეტულად ბუტა რობაქიძის საქმისთვის ირაკლი ოქრუაშვილის დაგვიანებულ გასამართლებაზეც წერს.
„გონივრულია ეჭვი, რომ დანაშაულის ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადის გასვლამდე, ფაქტობრივად, ბოლო დღეებში, ახალი ბრალის წაყენებით, პროკურატურა ფლობდა ინფორმაციას აღნიშნული სავარაუდო დანაშაულის შესახებ და ბრალის წარსადგენად მათთვის ხელსაყრელ დრომდე, ხელოვნურად გააჭიანურა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დრო“ - წერია დოკუმენტში.