ერგნეთის შეხვედრა 30 ივლისს განახლდება

რადიო თავისუფლების ფოტოარქივი: ერგნეთის შეხვედრა, 16 მაისი, 2019 წ.

30 ივლისს უნდა განახლდეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომელიც თითქმის ერთი წელია აღარ გამართულა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებსაიტსა და ფეისბუკგვერდზე დღეს, 21 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა და ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკამ გასული კვირების განმავლობაში გამართეს ინტენსიური კონსულტაციები შეხვედრების ფორმატის განახლების შესაძლებლობის გამონახვისთვის.

თანათავმჯდომარეები მიესალმებიან შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს დიალოგის განახლების სურვილის შესახებ და ასევე, აღნიშნავენ მონაწილეთა მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის აქტიურ გამოყენებას: „აქედან გამომდინარე, თანათავმჯდომარეებმა დაიწყეს მზადება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 96-ე შეხვედრის 30 ივლისს ჩასატარებლად“.

2019 წლის 29 აგვისტოს, ერგნეთში ბოლო შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმის გამო ჩაიშალა. ოსური მხარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. სექტემბერში რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. ამას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით განიხილება პრობლემური საკითხები, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტები. ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე, რომელიც ფეხშია დაჭრილი.