გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყეს

მოსახლეობის ტესტირება სოფელ ყარაჯალარში

21 ივლისს, დილიდან კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში. PCR ტესტირებისთვის 6 პუნქტია გახსნილი. ეს სოფლები რუსთავიდან 7-8 კილომეტრში მდებარეობს.

რუსთავის მერიის უსაფრთხო გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა, დავით ბეგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო ორ კვირაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 22 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 15 - ყარაჯალარში.

„კონტაქტების უმრავლესობა გამოვლენილია, ინფიცირების სამი წყარო კი დასადგენია“, - თქვა დავით ბეგაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 100-მდე ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.