თბილისის მერმა მორიგი პირდაპირი ჩართვის დროს საზოგადოებას სიურპრიზად წარუდგინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის პროექტი და განაცხადა, რომ ასეთ იერსახეს ქვეყნის ყველაზე მნივშნელოვანი ადგილი რამდენიმე დღეში, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ რიცხვებში მიიღებს.
თბილისის მერიის ასეთმა გადაწყვეტილებამ, რომელიც არც საჯაროდ განხილულა და არც სპეციალისტებთან შეთანხმებულა, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
რა იყო სარეაბილიტაციო?
საქართველოს პრალამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის 20 იანვრიდან მიმდინარეობს, თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რეაბილიტაცია 21 მარტს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დღემდე შემოღობილია.
ვადების დარღვევა პანდემიას დაბრალდა, თუმცა იმთავითვე საეჭვო იყო რეაბილიტაციის აუცილებლობა. პარლამენტის მოედნის შემოღობვით თბილისის მერიამ საპროტესტო სივრცე ჩაუკეტა როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელსაც 2019 წლის 30 დეკემბრამდე (ვიდრე თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა არ აიღო) კარავი ჰქონდა გაშლილი.
პარლამენტის მოედანზე ფილების აყრამდე, თბილისის მერიამ სწორედ ამ ადგილზე უმასპინძლა საშობაო ბაზრობასა და ატრაქციონებს, აქ გაშალა ზვიგენის ფორმის გასაბერი ბატუტი. მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ყოველივე ეს მისი პროტესტის აღსაკვეთად გაკეთდა.
გაჭიანურებული რეაბილიტაციის კომენტირებისას იგივეს ამტკიცებდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებიც, რომლებიც პარლამენტის წინ მრავალი თვის განმავლობაში მართავდნენ აქციებს და მოითხოვდნენ მაშინდელი შს მინისტრის გადადგომასა და პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამ მათ პროტესტს პირდაპირი მნიშვნელობით გამოაცალა ნიადაგი,
ქალაქის მერი, კახა კალაძე დღემდე ამტკიცებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.
„პარლამენტის წინ მთლიანად ხდება სივრცის სრული მოწესრიგება და განახლება, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადრენაჟო სისტემა, თბოიზოლაცია. ქვის ფილები გაიწმინდა. გაუბედურებული იყო შადრევნები, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა აგრეგატები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ოკუპაცია საკუთარ ქალაქში
კახა კალაძის მიერ პირდაპირ ეთერში ნაჩვენებმა პროექტმა გულგრილი არავინ დატოვა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მოედნის გამწვანების გეგმამ.
ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილისათვის „გაუგებარია“, რა პრაქტიკულ ან ესთეტიკურ მიზანს ემსახურება გაშილი სივრცის უცნაური ფორმის მწვავე ნარგავებით ამოვსება.
„ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ შემოგვთავაზებედნენ ასეთი ტიპის პროექტს, რომელიც სრულიად მიუღებელია ურბანული გარემოსთვის. ეს ადგილი არც სკვერია და არც ტროტუარი, ესაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობის წინამოედანი, რომელსაც თავისი ძალიან მძიმე ისტორიული კონტექსტი აქვს. ვფიქრობ, პროექტი გააზრებულია არა ურბანულად, არამედ საზოგადოებისათვის დისკომფორტის შემქმნელ ბარიერად, რომლის შედეგადაც რაც შეიძლება ცოტა ხალხისთვის უნდა დარჩეს ადგილი“, - უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.
სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე კი ამბობს, რომ ასეთი რამ თბილისის მერიას პირველად არ გაუკეთებია. პარტიზანი მებაღე იხსენებს კალაძის წინამორბედის, დავით ნარმანიას დროს.
„მერიის წინ მდებარე სკვერი, სადაც კარგვები გვქონდა გაშილი და პროტესტის ნიშნად ვშიმშილობდით, აქციის დასრულებელის შემდეგ საჩქაროდ გამოტენეს ბუჩქებით. ფაქტობრივად მოახდინეს სკვერის ოკუპაცია, რომ იქ კარავი არ გაშილილიყო. ყველაფერს აკეთებენ აქციებისთვის ხელის შესაშლელად“, - დარწმუნებულია ნატა ფერაძე.
თვითონ თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ინფრასტრუქუტურული პროექტების განხორციელებით ვინმესთვის ხელის შეშლა აზრად არ მოსვლია.
„ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მიდგომისა და დამოკიდებულებისგან. ამ ქვეყანაში ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრებები, რამდენადაც განსხვავებული და მძიმე არ უნდა იყოს. ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ეს დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან არ შეიცვლება არასდროს, მაგრამ ის, რაც გასაკეთებელია, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში პროექტი დასრულდება და ეს ადგილი გალამაზებული და მოწესრიგებული დაუბრუნდება თბილისს. დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს მოეწონება ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაო“, - განაცხადა პარლამენტთან მიმდინარე სამუშაოს დასათვალიერებლად მისულმა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ნათქვამიდან ჩანს, რომ პროექტი საჯაროდ არ განხილულა და მისი იმედი, რომ „ბევრ ადამიანს მოეწონება ჩატარებული სამუშაო“ მხოლოდ სურვილია და არაფერს ეყრდნობა. სამოქალაქო აქტივისტების დაკვირვებით, თბილისის მერიას წესად აქვს ინფრასტრუქუტურული პროექტების - სკვერების დიზაინის, ქუჩების დიზაინის კეთება, ქუჩაში ხეების დარგვის- კეთება, ერთობ საეჭვო კვალიფიკაციით.
„ეს ძირითადად ეხებოდა პატარა საუბნო სკვერებს, რომლებიც კეთდებოდა სრულიად შეუსაბამოდ. პროფესიონალი დიზაინერის ხელი არ ეტყობოდა პროექტებს. ვითხოვდით მეტ ჩართულობას, კონკურსს, გამჭვირვალობას, მაგრამ ყურს არ იბერტყავდნენ. შემდეგ მასშტაბი გაიზარდა: დედაენის ბაღი, გუდიაშვილის მოედანი... დახურულ კარს მიღმა იღებენ მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. რაც რუსთაველის გამზირზე ხდება - ესაა აპოთეოზი: შემთხვევით, კახა კალაძის „ლაივში“ ვხედავთ დიზაინს, რას აკეთებენ რუსთაველის გამზირზე. ეს არის ავტოკრატულობის შედეგი. დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი არაფერი მოხდება. ასე ერთპიროვნულად წყდებოდეს ქვეყნის ცენტრალური მოედნის დიზაინის საკითხი დახურულ კარს მიღმა, კონკურსის და საზოგადოების ჩართულობის გარეშე, წარმოუდგენელია“, - ამბობს ნატა ფერაძე, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამოც, რომ საზოგადოებისათვის მოედნის რეკონსტრუქციის დაწყებიდან მხოლოდ ექვსი თვის თავზე გახდა ცნობილი, თუ როგორ იერსახეს მიიღებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
„დიზაინის ან სივრცითი გეგმარების თვალსაზრისით შეფასებას არ გავაკეთებ, რადგან ეს მოცემულობა ვერ უძლებს კრიტიკას, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცირა ელისაშვილმა, - „თუმცა რომც მოგვწონებოდა საზოგადოების დიდ ნაწილს, ჩემი დამოკიდებულება მაინც არ შეიცვლებოდა. ის, რომ ეს კეთდება სადღაც ჩაკეტილ სივრცეში და ამაში მონაწილეობას არ იღებს საზოგადოების აქტიური ნაწილი, გვაწვდიან როგორც შემდგარ ფაქტს - ასეთი მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, მით უფრო, რომ ხელისუფლებამ იცოდა, რომ ამ სივრცის მიმართ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო“.
ადგილის საკრალურობა
მაინც რა განაპირობებს ამ სივრცის მიმართ განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს?
სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით, საქართველოს პარლამენტის წინ არსებული სივრცე უმნიშვნელოვანესი ისტორიული სივრცეა და ეს ისტორიულობა მას მიანიჭა საქართველოს ბრძოლამ დამოუკიდებლობისათვის: ყველა ძირითადი დრამა ეროვნულ დონეზე ამ სივრცეში გათამაშდა.
„უნდა ითქვას, რომ მთლიანად რუსთაველის პროსპექტი და კერძოდ ეს ტერიტორია, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, ერთგვარი მეხსიერების ადგილია, სადაც საზოგადოება იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მარტო 9 აპრილის დასახელებაც გვეყოფოდა ამისთვის, თუმცა საბჭოთა პერიოდშიც ხშირად ყოფილა დრამატული მოვლენები რუსთაველზე, ვარდების რევოლუციის დროსაც აქ იკრიბებოდნენ ადმიანები და შემდგომ წლებშიც... ასე რომ, ეს ერთგვარად საკრალური ადგილიც კია ჩვენს ნაციონალურ მეხსიერებაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ემზარ ჯგერენაიამ, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ოკუპაციის მორიგი მცდელობაც წარუმატებლად დასრულდება:
„ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში გამუდმებით არის ამ ადგილის ოკუპაციის მცდელობა. ცდილობენ ისეთი რამე გააკეთონ, რომ ნაკლები იყოს ადამიანების კონცენტრაცია, ერგვარად წაიშალოს გამოხატვის ადგილი. სამწუხაროა ეს ამბავი, მაგრამ ამის თქმა შეიძლება ყველა ხელისუფლებაზე. თუმცა ვერანაირი მცდელობა ვერ შეცვლის ამ ადგილის მნიშვნელობას და ეს ადაგილი მაინც დარჩება მთავარ ადგილად, სადაც მოქალაქეები ყოველთვის იტყვიან თავის სათქმელს. ხალხი ყველა შემთხვევაში მოახერხებს შეკრებას. იმედია რედუტებს არ აღმართავენ. რა უნდა გაკეთდეს ისეთი, რომ ადამიანები იქ ვერ მივიდნენ? თანაც მთელი რუსთაველის გამზირი ამ სივრცის ნაწილია. თუ მოედანზე ვერ ეტევა ხალხი, გადადის სავალ ნაწილზე“.
ის რაც სამოქალაქო საზოგადოებისათვის „მეხსიერებისა და გამოხატვის ადგილი“, ერთგვარი ქართული აგორაა, ხელისუფლებისათვის „ქვეყნის სავიზიტო ბარათია“.
„კეთდება მწვანე ნაწილი, დეკორაციები, განათება... ძალიან ლამაზი გამოდის... საქართველოს პარლამენტის შენობა, რუსთაველის გამზირი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და ამიტომ ამ ტერიტორიის თანამედროვე სახით მოწყობა უდავოდ პოზიტიურია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
ადგილის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა კახა კალაძემ:
„9 აპრილის ისტორიული ქვის ფილები ამოღებული და დასაწყობებული გვაქვს. ყველა დაბრუნდება თავის ადგილზე, რათა შემონახული იყოს ისტორია, რაც ასე მნიშვნელოვანია“.
თბილისის მერს არაფერი უთქვამს საპროტესტო ადგილისა და პროტესტის ტრადიციაზე, რომლის მოშლასაც მოემსახურება გამწვანების თარგებით დანაწევრებული მოედანი.
რა ახსოვს პარლამენტის მოედანს?
XIX საუკუნის 60-იან წლებამდე, საქართველოს პარლამენტის შენობის ადგილზე განთავსებული იყო კავკასიის არმიის არსენალი, საიდანაც დღის ყოველ 12 საათზე ისროდა ზარბაზანი.
1859 წელს ღუნიბში შამილის დატყვევების აღსანიშნავად პარლამენტის მიმდებარე ადგილს ღუნიბის მოედანი უწოდეს.
1897 წელს აკურთხეს ალ. ნეველის სამხედრო ტაძარი („სობორო“), რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენდებოდა.
1921 წლის ამ ეკლესიის ეზოში დაკრძალეს კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში დაღუპული მედდა მარო მაყაშვილი და 9 იუნკერი.
1934 წელს ლავრენტი ბერიას დავალებით „სობორო“ დაანგრიეს და მის ადგილზე მთავრობის სახლის აშენება გადაწყვიტეს.
მთავრობის სახლის - პარლამენტის დღევანდელი შენობის ზედა ნაწილის (ინგოროყვას ქუჩაზე გამავალი) მშენებლობა დასრულდა 1938 წელს, ქვედა ნაწილის (რუსთაველის გამზ.) 1953 წელს.
მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიას ახსოვს 1956 წლის მარტის სისხლიანი მოვლენები, 1974 წლის 14 აპრილის მღელვარება, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საპროტესტო გამოსვლები და 1989 წლის 9 აპრილი; ახსოვს სამოქალაქო ომის დღეები, კანონიერი ხელისუფლების მომხრეეთა საპროტესტო გამსვლები, ვარდების რევოლუცია, 2007 წლის 7 ნოემბერი, 2011 წლის 26 მაისი, 2012 წლის ხალხმრავალი აქციები, 2019 წლის 21 ივნისის დარბევა, სარალიძის, მაჩალიკაშვილის და სხვათა და სხვა მრავალი პროტესტი...