„გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ - მექანიკური შეცდომაა“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე უკრაინელი ექსპერტის, გალინა კარმოშინას და ცენტრ „ემპათიის“ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა არა 19 ივნისს, ინციდენტის ღამეს, არამედ 20 ივნისს, შუადღისას. ეს მოსაზრებები მათ 19 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გასულ სიუჟეტსა და შემდეგ უკვე გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გამოთქვეს.
ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც შაქარაშვილის ოჯახის მოთხოვნით იყო ჩართული სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზაში, ამბობს:
„ეს ოქმი გამომძიებლის მიერ ექსპერტის კარნახითაა შედგენილი. იმ ადგილზე რა რია-რიაც იყო, კარგად ნახეთ. შესაბამისად, „გვამური გაშეშება გამოხატულია კარგად ყველა ჯგუფის კუნთებში“ - ეს არის მექანიკური შეცდომა, ამაში ორი აზრი არ არის, რამეთუ, დოკუმენტში ამავდროულად წერია, რომ გაშეშებასთან ერთად ადგილი აქვს გვამური ლპობით ცვლილებებს. წარმოუდგენელია, გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად იყოს მოგვიანებითი გვამური მოვლენები, კერძოდ კი, ლპობა გამოხატული. პოვნიდან რამდენიმე საათში ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიკვეთა, გამოხატული იყო ლპობითი ცვლილებები, როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე პროზექტურაში. ეს მექანიკური შეცდომა ალბათ გამოსწორდება გამოძიების მიერვე, დაიკითხება ის გამომძიებელი, ვინც ეს ოქმი შეადგინა, ის ექსპერტიც, ვინც ეს უკარნახა. ვიმეორებ, წარმოუდგენელია, გვამური გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და, ამავდროულად, ლპობითი ცვლილებები იყოს“.
გიორგი შაქარაშვილის გვამის პოვნისას, 22 ივნისს, ექსპერტი მდინარის პირას, გვამის დათვალიერების ოქმში წერს, რომ „სახეზეა გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთებში“.
დამოუკიდებელ ექსპერტთა განცხადებით, გვამური გაშეშება გრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ, 48 საათს და შემდეგ ის იხსნება, რაც ლოგიკურად იმას ნიშნავს, რომ რაკიღა გიორგი შაქარაშვილის გვამი მაშველებმა იპოვეს 22 ივნისის შუადღის სამი საათისთვის და რაკი ექსპერტი მდინარის პირას დათვალიერების ოქმში წერს, რომ „სახეზეა გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთებში“, შაქარაშვილი გარდაიცვალა არა 19 ივნისის ღამეს, არამედ, 20 ივნისს, შუადღისთვის.
როგორ ვერ შეამჩნიეს სპეციალისტებმა აქამდე, ერთი თვის განმავლობაში, ალექსანდრე გეჯაძის მიერ ნახსენები „მექანიკური შეცდომა“, ჯერჯერობით, უცნობია.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, 19 წლის ფეხბურთელის გვამი, მისი პოვნიდან რამდენიმე საათით ადრე აღმოჩნდა მდინარეში. ამის თქმის საფუძველს მას გვამზე არსებული ნიშნები აძლევს. ჯიშკარიანის თქმით, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნისა და გვამის ფოტოების დათვალიერების შემდეგ, გაჩნდა რეალური ვარაუდი, რომ გიორგი შაქარაშვილი წყალში ორჯერ აღმოჩნდა. ერთხელ, სავარაუდოდ, 20 ივნისის შუადღისას, რა დროსაც ის გარდაიცვალა და მეორედ უკვე გვამის აღმოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე.
გალინა კარმოშინა ამბობს, რომ ცხედარს აღენიშნებოდა გარკვეული მანიპულაციების კვალი, რასაც მოწმობს ზურგსა და მუცელზე აღმოჩენილი ლაქები, რომლებიც ვერ განვითარდებოდა წყალში. მისი თქმით, სხეული, სავარაუდოდ, ჯერ ზურგით ესვენა, შემდეგ კი გადააბრუნეს მუცლის მხარეს.
კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ, ეს არის ე.წ. მრეცხავის ხელები, რომელიც წყალში მყოფ გვამს უკვე რამდენიმე საათშივე უვითარდება. თუმცა, მათივე თქმით, წყალში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, ცხედრის ხელებზე წარმოიქმნება ე.წ. სიკვდილის ხელთათმანები, რაც გულისხმობს სხეულიდან კანისა და ფრჩხილების განცალკევებას, აშრევებას.
აღსანიშნავია, რომ შაქარაშვილის გვამის აღმოჩენისას, დათვალიერების ოქმში, სამედიცინო ექსპერტი წერს, რომ „გამოხატულია ე.წ. მრეცხავის ხელები და „სიკვდილის წინდები“.
მარიამ ჯიშკარიანი ამ ჩანაწერზე ამბობს: „კი, ბატონო, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მიუთითებს, რომ გვამი ოთხი დღის განმავლობაში იყო წყალში“.
მარიამ ჯიშკარიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან არსად ჩანს, ჩაუტარდა თუ არა ცხედარს კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც დაადგენდა, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს ფუძის მოტეხილობა. მისი თქმით, დასკვნაში მითითებული თავის ტვინის მდგომარეობის აღწერა და გვამზე ასახული ე.წ. სათვალის სინდრომი, მეტყველებს იმაზე, რომ შაქარაშვილს ფუძის ძვალი მოტეხილი უნდა ჰქონოდა:
„პატივს ვცემ ჩვენს კოლეგებს, მაგრამ 21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიების ეპოქაა და ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, ვინ როგორ თვალზე შეხედა გვამს. დასკვნაში მითითებულია, რომ ფიქსირდება შემღვრეული თავ-ზურგ-ტვინის მოჭარბებული რაოდენობა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მას ფუძის მოტეხილობა უნდა ჰქონოდა“.
რადიო თავისუფლება შეეცადა გაჩენილ შეკითხვებზე პასუხები მოეძიებინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან, თუმცა, ბიუროში სასამართლო-სამედიცინო დასკვნის მიღმა სხვა კომენტარი არ კეთდება.
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი არ გამორიცხავს, რომ დასკვნაში ჩაწერილი წინადადება „სახეზეა გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთებში“, შესაძლოა, მართლაც მექანიკური შეცდომა იყოს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, ამის თქმის საფუძველს, მას გვამის მდინარიდან ამოყვანის კადრები აძლევს:
„ძალიან საინტერესო, სწორი და მნიშვნელოვანი მიგნებები ჰქონდა უკრაინელ ექსპერტს. იგივე გვამური გაშეშების ვადებთან დაკავშირებით თუ ძვლის ტვინში (ბარძაყის ძვალი) პლანქტონის აღმოჩენის მნიშვნელობის შესახებ, სხვა მიმართულებებითაც. დიდი ინტერესით ვუსმინე. თუმცა, გვამური გაშეშების თაობაზე მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს ჩანაწერი დასკვნაში ყოფილიყო შეცდომა, რადგან, მაშველებმა ამოყვანის დროს, ცხედარს ხელებსა და ფეხებში მოჰკიდეს ხელები და ისე ამოიყვანეს და მათ მექანიკურად მოხსნეს გაშეშება. როგორც კი გაშეშებას ერთხელ მოხსნი, ის მეორედ ვეღარ განვითარდება. აქედან გამომდინარე, ჩემი თვალით ვნახე ამოყვანის დროს, რომ კიდურებით ამოიყვანეს ცხედარი და გამიკვირდა, დასკვნაში რომ წავიკითხე, როგორღა იყო გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთებში-მეთქი და მაშინვე ვიფიქრე, რომ შესაძლოა, შეცდომა გაიპარა“.
გამოძიებამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დამაზუსტებელი კითხვები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მეორე დასკვნამ პასუხი 14 კითხვას უნდა გასცეს და მათ შორის იმასაც, თუ რა დროის განმავლობაში იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილის სხეული წყალში და ასევე, რით შეიძლება აიხსნას გვამური ლაქების განსხვავებული ფერი გიორგი შაქარაშვილის ზურგზე და გულმკერდის არეში.
როდის იქნება მზად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მეორე დასკვნა, ამის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, 22-23 ივლისს გავრცელდება. შეგახსენებთ, პირველი ექსპერტიზის დასკვნის დაწერას 18 დღე დასჭირდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში იმუშავებენ.