დასახელდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 20 ივლისს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კანდიდატებს შორის არიან ფეხბურთელები, ექიმები, მომღერალი, მოქმედი პარლამენტარები, გუბერნატორები, ქალაქის მერები და ბიზნესმენები.

მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატობის 30 კანდიდატიდან თბილისსა და საქართველოში მხოლოდ ერთი ქალია - ნინო ლაცაბიძე, რომელიც რუსთავში იბრძოლებს მაჟორიტარობისთვის, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მისი წარდგენისას აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ის 4 შვილის დედაა.

რეგიონებში ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

  1. ზუგდიდი - ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.
  2. ქუთაისი - ზაზა ლომინაძე, ექიმი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.
  3. ბათუმი - რესან კონცელიძე, სამართლის დოქტორი, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, პოლიციის გენერალ-მაიორი.
  4. ფოთი-ხობი-სენაკი - ირაკლი ხახუბია, მეწარმე, ქართული ოცნების წევრი.
  5. აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ - ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მოქმედი გუბერნატორი.
  6. რუსთავი - ნინო ლაცაბიძე, თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი.
  7. მარნეული და გარდაბანი - ზაალ დარგალი, მარნეულის მოქმედი მერი.
  8. ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა - გოგი მეშველიანი, ბოლნისის ყოფილი გამგებელი.
  9. სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი - გივი ჭიჭინაძე, "ქართული ხმების" მომღერალი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი.
  10. საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - პაატა კვიჟინაძე, ეკონომისტი, პარლამენტის ორი მოწვევის წევრი.
  11. ზესტაფონი, ბაღდადი, თერჯოლა და ტყიბული - ბეჟან წაქაძე, ბიზნესმენი
  12. გორი და კასპი - გიორგი ხოჯევანიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი.
  13. ხაშური და ქარელი - ზაზა დუგლაძე, მეწარმე.
  14. ამბროლაური, ონი, ცაგერი, მესტია და ლენტეხი - გოჩა ენუქიძე, ქართული ოცნების წევრი, მოქმედი დეპუტატი.
  15. ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი და ასპინძა - ანტონ ობოლაშვილი, ბიზნესმენი.
  16. ახალქალაქი და ნინოწმინდა - სამველ მანუკიანი, მოქმედი დეპუტატი.
  17. ქობულეთი - ზაალ მიქელაძე, ექიმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი.
  18. ხულო, ჩუახევი, ქედა და ხელვაჩაური - ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი მაჟორიტარი.
  19. მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი და თიანეთი - შალვა კერესელიძე, რეგიონის მოქმედი გუბერნატორი.
  20. ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური - ვასილ ჩიგოგიძე
  21. თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი - ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მოქმედი გუბერნატორი.
  22. გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო - დავით სონღულაშვილი, მოქმედი მაჟორიტარი.

ცნობილია მმართველი გუნდის კანდიდატები თბილისშიც.

  1. საბურთალო - დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
  2. ვაკე - ნოდარ ტურძელაძე, ვაკის გამგებელი
  3. გლდანი - ლევან კობიაშვილი, სპორტსმენი, დეპუტატი
  4. სამგორი - სოზარ სუბარი, პრემიერის მრჩეველი
  5. მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია, მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
  6. ისანი - კახა კახიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი
  7. ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის დეპუტატი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი
  8. დიდუბე-ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

დეპუტატების წარდგენას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც დარწმუნებულია თავისი პარტიის „დამაჯერებელ გამარჯვებაში“ და თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი.