ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია თავისი პარტიის "დამაჯერებელ გამარჯვებაში"

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა დაასახელა მომდევნო წლებში „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმად და მიზნად.

კოჯორში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნისას, ივანიშვილმა თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მყარი საფუძველი ჩაყრილია და მას განმტკიცება სჭირდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა ბევრი მიმართულებით წინ წაიყვანა და პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. თუმცა, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, არავინაა ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს, ამიტომ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება.

ივანიშვილის სიტყვებით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს და ამის ობიექტური მიზეზების განმარტება მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ქვეყნის წინსვლას არ აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი და ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა.

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს: „ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლას და სიძლიერეს ემსახურება. მოდით, კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა. კვლავაც ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ. კვლავაც ერთად ვაშენოთ დემოკრატია. კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ. კვლავ ერთად საქართველოს წარმატებისთვის“.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლის ოქტომბრიდან.