ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ზურაბ ზვიადაური(საარქივო ფოტო)

ახმეტაში დაჭრეს ოლიმპიური ჩემპიონი, ვეტერანი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „მთავარმა არხმა“ და imedinews-მა გაავრცელეს.

წინასწარი ინფორმაციით, ზვიადაური ცივი იარაღით დაჭრეს, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს. ის ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურის დაჭრას წინ უძღოდა სუფრაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირების ურთიერთშელაპარაკება. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ზურაბ ზვიადაურმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე მოიპოვა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ზვიადაური ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“.