19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ. გამოკითხვის ოქმში იმ სამი პირის ვინაობას ასახელებს, რომლებიც სწორედ იქით გაიქცნენ, რა მიმართულებითაც გიორგი შაქარაშვილი გაექცა მდევრებს. მეორე ბრალდებული, ვასილ მახარაძე კი დროის იმ პერიოდს ასახელებს, რა დროც მდევრებს შაქარაშვილის საპოვნელად დასჭირდებოდათ.
17 წლის ზ.ხ. ერთ-ერთია „ტოიოტა კამრის“ იმ ექვსი მგზავრიდან, რომლებიც მცხეთის მაგისტრალზე მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ.
ზ.ხ. ჩვენებაში წერს, რომ მას შემდეგ, რაც არაგვის ხიდთან მათი მანქანა გაჩერდა, მაგისტრალზე მყოფი ოთხი ბიჭი გაიქცა. „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული პირები მათ გინებით გაედევნენ:
„გაკიდებისას ჩემი მეგობარი ბიჭები აღნიშნულ ბიჭებს ეძახდნენ, რათა გაჩერებულიყვნენ, თან აგინებდნენ და ლანძღავდნენ. წინ მივრბოდით მე და ა.ქ. და უკან მოგვყვებოდნენ დანარჩენებიც, მაგრამ ჩვენ ვერ დავეწიეთ მათ. რომ დავწეოდით, ვცემდით კიდეც. სირბილის დროს, ოთხივე პიროვნებამ გადაჭრა გზა... ერთი პირი იქვე არსებულ ჯიხურთან, ბუჩქებში გაუჩინარდა, მეორე ოდნავ მის ქვემოთ, ამავე გზის, ამავე მხარეს ბუჩქებში დაიმალა, ხოლო მესამემ კი, რომელსაც მოკლე ტოტებიანი შარვალი „შორტი“ ეცვა, ვიწრო საავტომობილო გზაზე ჩაირბინა. მე და ა.ქ. გავჩერდით მაგისტრალთან არსებულ ვიწრო გზაზე. რამდენიმე წამში ჩვენთან მოირბინა ვახტანგ ჩიქოვანმა, ვასილ მახარაძემ, ნიკუშა რევაზიშვილმა და აჩიკო გაგნიძემ. ვახტანგიმ იკითხა, სად წავიდნენ ის პირები, ვისაც მივდევდით. რაზეც მე ვუთხარი, რომელი სად გაიქცა“.
ზ.ხ.-ს ჩვენების თანახმად, ამის შემდეგ, ვახტანგ ჩიქოვანი მიმართავს ვასილ მახარაძეს და ეუბნება, რომ მანქანა მოიყვანოს. მანქანის მიმართულებით მიდიან ვასილ მახარაძე, ზ.ხ. და ნიკუშა რევაზიშვილი. ხოლო ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ა.ქ. ადგილზე რჩებიან:
„მათ ჩაირბინეს მაგისტრალზე არსებული ხიდის ქვეშ, რა მიმართულებითაც გაიქცა ის ერთ-ერთი ბიჭი, რომელსაც ჩვენ მივდევდით“.
ზ.ხ.-ს ჩვენების მიხედვით, „ტოიოტა კამრის“ მძღოლი, ვასილ მახარაძე, თბილისის მიმართულებით მიდის, რათა მანქანა მოატრიალოს.
ვასილ მახარაძე კი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მანქანის მოსატრიალებლად მას დაახლოებით 10-15 წუთი დასჭირდა:
„მე მანქანა მოვაბრუნე ავტობანზე მალევე და მივედი საავტომობილო გზის მეორე მხარეს. ამ დროს იქნებოდა დაახლოებით 01:00 საათი. დრო ავტომანქანის მოსატრიალებლად და მათთან მისასვლელად დამჭირდებოდა დაახლოებით 10-15 წუთი. როდესაც ადგილზე მივედი, დავინახე, რომ ეკიპაჟის წევრებს იქვე არსებული ბუჩქებიდან ამოყვანილი ყავდათ ერთი პიროვნება, რომელსაც ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ“.
თუმცა, ვასილ მახარაძე, ზ.ხ.-სგან განსხვავებით, იმასაც ამბობს საკუთარ ჩვენებაში, რომ როდესაც მანქანის მოსატრიალებლად წავიდნენ, ვახტანგ ჩიქოვანი მასთან ერთად იჯდა მანქანაში:
„მე, ვახო ჩიქოვანი და მისი ერთ-ერთი ძმაკაცი, ჩავჯექით ისევ მანქანაში საპირისპირო მხარეს მოსახვედრად“.
რაც შეეხება ვახტანგ ჩიქოვანს, ის გამოძიებას ინციდენტის სრულიად განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს, სადაც არაფერია ნათქვამი არც მანქანიდან გადმოსვლასა და არც დევნაზე:
„მდინარე არაგვის ხიდის ბოლოში შევნიშნეთ მცხეთაში, წვეულებაზე მყოფი პირები, რომელთაგანაც ორი ვიცანი, შევანელეთ მანქანა, რათა მათთვის მეკითხა, ხომ არ იცოდნენ ჩვენი ორი მეგობრის ადგილსამყოფელი, როდესაც შევანელეთ მანქანა, ისინი უკან გაიქცნენ, ხიდის მიმართულებით, გადაკვეთეს ავტობანის სამოძრაო ზოლი და გადავიდნენ მცირე ბუჩქებიანი ადგილისკენ, როდესაც ჩვენ მათ უკან გავყევით, გზიდან მოშორებით, შევნიშნეთ ერთი მათგანი, რომელიც უკან, ჩვენი მიმართულებით მოდიოდა ფეხით. მას სხეულზე ეტყობოდა ნაკაწრები... ჩვენ მან გვითხრა, რომ იყო სახელად გურამი. ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ წამოსულიყო ჩვენი მანქანით, რადგან იყო ღამის საათები და უმჯობესი იყო, ჩვენი შეთავაზება მიეღო. ის დაგვთანხმდა“.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს მცხეთის პოლიციაში ჩვენება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შედეგად დააწერინეს. არასრულწლოვანზე შესაძლო ზეწოლას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ამ ღამიდან ოთხი დღის თავზე, 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, გიორგი წყალში დახრჩობით, ასფიქსიით გარდაიცვალა. თუმცა, სიკვდილამდე ახლო პერიოდში, მას სხეულზე 12-მდე დაზიანება აქვს მიყენებული ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, როგორც სახის, ისე მუცლისა და ზურგის არეში.
დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ამ ტიპის დაზიანებებს ბიჭი ციცაბო ფერდობზე დაგორებით ვერ მიიღებდა. იმასაც ამბობს, რომ ამ ტიპის დაზიანებებს 19 წლის ფეხბურთელს მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მიაყენებდა.
შაქარაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას მდევრები სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს.
გიორგის ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიებამ „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ ექვს პირს ბრალი წაუყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს მუხლი გამოძიებას მას შემდეგ დაემატა, რაც 10 ივლისს, სასამართლო-სამედიცინო დასკვნა გამოქვეყნდა.
შაქარაშვილის საქმე უკვე 19 ტომს მოიცავს. ამ დრომდე საქმეში არ დევს არც ერთი მყარი მტკიცებულება, რაც გამოკვეთს „ტოიოტა კამრის“ მგზავრების ბრალს განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მიმართულებით. გამოძიებას სულ 8 დღეღა აქვს დარჩენილი ამ მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.