"ქართული ოცნების" ლიდერის, კახა კალაძის თქმით, მათი პარტიის რეიტინგი 60 პროცენტამდეა. ასე გამოეხმაურა ის "ედისონ რისერჩის" კვლევას, რომელიც "ფორმულას" დაკვეთით ჩატარდა და "ქართულ ოცნებას" 39 პროცენტი ჰქონდა.
"ამ კონკრეტულ კვლევებში, როცა ქართულ ოცნებას 39 პროცენტი დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ და 3-ის ნაცვლად 5 უნდა ყოფილიყო. პარტია ქართული ოცნება არის ერთადერთი ძალა, რომელმაც შეიძლება უმრავლესობა მოიპოვოს ყოველგვარი კოალიციების გარეშე", - განაცხადა კალაძემ.
გუშინ, 16 ივლისს "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული კვლევა გასაჯაროვდა. ამ მონაცემების მიხედვით, მმართველ პარტიას 39-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 16%, "ევროპულ საქართველოს" - 5%, სხვა პარტიებს კი, უფრო ნაკლები.