სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 16 ივლისს განახლდა სროლა წინა დღით ხანმოკლე დეესკალაციის შემდეგ.
მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ფრონტის ხაზის პოზიციებზე თავდასხმასა და სოფლებისთვის ჭურვების დაშენაში.
სომხეთის არმიის თანახმად, მათ ჩაშალეს აზერბაიჯანული მხარის განთიადისწინა რეიდი სასაზღვრო საგუშაგოზე ტავუშის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში. „მძაფრი სროლის შემდეგ მოწინააღმდეგე უკუგდებულ იქნა დანაკარგებით“, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა, შუშან სტეპანიანმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის ჯარმა დაიწყო საზღვრისპირა ორი სოფლისთვის ნაღმტყორცნებითა და ჰაუბიცებით ცეცხლის დაშენა.
სტეპანიანმა ფეისბუკით დაწერა, რომ „სროლა ახლაც გრძელდება, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აზერბაიჯანის პროვოკაციას ნეიტრალიზებას უკეთებენ“.
სტეპანიანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრი, დავით თონოიანი ტელეფონით დაუკავშირდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ზავის სამეთვალყურეო, ეუთოს მისიის ხელმძღვანელს, ანჯეი კასპრჟიკს და ინფორმაცია მიაწოდა უკანასკნელი ესკალაციის გარშემო.
სტეპანიანის თანახმად, თონოიანმა კასპრჟის ამცნო, რომ აზერბაიჯანის მხარემ „დიდი დაანკარგი“ ნახა.
ამავე ცნობით, დილის ცხრა საათისთვის სომხურ მხარეს მსხვერპლი არ იყო აღნუსხული.
რადიო თავისუფლოებასთან საუბარში ტავუშის გამგებელმა, ჰაიკ ჩობანიანმა თქვა, რომ არა მხოლოდ სოფლებს, ქალაქ ბერდსაც დაუშინა აზერბაიჯანის არტილერიამ ცეცხლი. მისი თქმით, მსხვერპლი არ არის, სროლის შედეგად დაზიანდა სახლები და ინფრასტრუქტურა. ჩობანიანი იტყობინება, რომ სროლისას მოსახლეობა სარდაფებსა და ქვედა სართულებს აფარებს თავს, მათ საფრთხე არ ემუქრებათ და ევაკუაციის საჭიროება არ არის.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა სომხეთის ძალები, რომ თავს დაესხნენ ფრონტის პირა ძალებს და ცეცხლი დაუშინეს აზერბაიჯანის სოფლებს თოვუზის რაიონში, რომელიც სომხეთის ტავუშის ოლქს ესაზღვრება. დეტალებზე ცნობაში ნათქვამი არაფერია.
სროლა განახლდა აზერბაიჯანსა და სომხეთის საზღვრისპირა არეალში ერთდღიანი შესვენების შემდეგ, რომელიც მოჰყვა სამდღიან შეტაკებებს, რასაც სულ მცირე 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა, და რასაც სერიოზული შეშფოთება მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.