მასობრივი დაპატიმრებები და ლუკაშენკას გაფრთხილება

ალექსანდრ ლუკაშენკომ, ვიტებსკში ყოფნის დროს გაამართლა გუშინდელი აქციის დაშლა და განაცხადა, ჩვენ ქვეყნას დავიცავთ და მას არავის დავუთმობთო.

15 ივლისს ბელარუსში დაიწყო იმ დემონსტრანტების სასამართლო პროცესები, რომლებიც ქუჩაში გამოიყვანა ალექსანდრ ლუკაშენკას მთავარი კონკურენტების - ვიქტარ ბაბარიკასა და ვალერი ცეპკალოს- წინააღმდეგ მიმართულმა დაუფარავმა „პოლიტიკურმა ანგარიშსწორებამ“.

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა სამართალში მისცა, სულ მცირე, 20 დემონსტრანტი. ზოგიერთს ბრალად ედება საზოგადოებრივი წესრიგის ორგანიზება და მილიციაზე თავდასხმა.

ამ ფონზე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, ვიტებსკში ყოფნის დროს გაამართლა გუშინდელი აქციის დაშლა და განაცხადა, ჩვენ ქვეყნას დავიცავთ და მას არავის დავუთმობთო.

ბელარუსის ცესკოს სადავო გადაწყვეტილება

ბელარუსში 300-მდე დემონსტრანტი დააკავეს, დაახლოებით 20-ს კი 5, 10 და 13-დღიანი პატიმრობა და სხვადასხვა ზომის ფულადი ჯარიმა შეუფარდეს 14 ივლისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და რამდენიმე ქალაქში გამართულ იმ ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის, რომლებიც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 ივლისის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

ჩვენ ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ყველა კანონიერი მეთოდით. ჩვენს ქვეყანას ჩვენ არავის დავუთმობთ...
ალექსანდრ ლუკაშენკა

კომისიამ პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე საბოლოო უარი უთხრა „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ვიქტარ ბაბარიკას, და მაღალი ტექნოლოგიების პარკის ყოფილ ხელმძღვანელს, ვალერი ცეპკალოს.

ვიქტარ ბაბარიკას ხელისუფლება ადანაშაულებს ფულის გათეთრებაში, გადასახადების დამალვასა და მექრთამეობაში. ეჭვმიტანილია მისი შვილიც, ედუარდ ბაბარიკა, ვიქტარ ბაბარიკას შტაბის უფროსი, რომელსაც გამოძიება გადასახადების დამალვას ედავება.

ორი კვირაა, მამა-შვილი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

დიპლომატ ვალერი ცეპკალოს, რომელიც საარჩევნო კომისიამ ასევე ჩამოაშორა საპრეზიდენტო კაპმანიას, დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს. იგი ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორია.

ვალერი ცეპკალოს აქვს საინტერესო სტატუსი: იგი გაეროს გენერალური მდივნის სამთავრობო ექსპერტია საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებში.

არჩევნებიდან მისი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ცეპკალომ გამართა ვიდეოპრესკონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს ოპოზიციის კანდიდატს, სვეტლანა ციხანოვსკაიას.

პოპულარული ბელარუსი ბლოგერის, სერგეი ციხანოვსკის, მეუღლე, სვეტლანა, ერთადერთი არასახელისუფლებო კანდიდატია, რომელიც ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატად დაარეგისტრირა სხვა დანარჩენ ოთხ კანდიდატთან - მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან - ერთად.

„ჩვენ ქვეყანას არავის დავუთმობთ“

ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი, დაგანაცხადა, რომ ბაბარიკასა და ცეპკალოს კანდიდატურებზე უარის თქმა ზღუდავს ქვეყანაში ამომრჩევლის ნებას და ძირს უთხრის არჩევნების დემოკრატიულობას.

მე ხელი მაქვს მოტეხილი. გუშინ გადამიყვანეს საავადმყოფოში. კარგია, რომ მოტეხილობა არ არის ღია და არ არის ძალიან საშიში
აქციის მონაწილე

მაგრამ სხვაგვარად ფიქრობს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა. 15 ივლისს ქალაქ ვიტებსკში ე.წ. ქალაქის აქტივთან შეხვედრაზე ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა დასავლეთი ბელარუსის მიმართ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა და კვლავ გაიმეორა, რომ არავის მისცემს ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელების უფლებას.

„ჩვენ ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ყველა კანონიერი მეთოდით. ჩვენს ქვეყანას ჩვენ არავის დავუთმობთ“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

ბელარუსის ლიდერის ამ განცხადებას წინ უძღოდა ქვეყანაში დაწყებული მასობრივი დაკავებები. იუწყებიან, რომ რამდენიმე დემონსტრანტი სასტიკად არის ნაცემი მილიციის (ბელარუსში მილიცია კვლავ საბჭოთა პერიოდის სახელს ატარებს - რედ.) სპეცდანიშნულების რაზმისა და „სამოქალაქო ტანსაცმელში“ მყოფი სამართალდამცველების მიერ.

„მე ხელი მაქვს მოტეხილი. გუშინ გადამიყვანეს საავადმყოფოში. კარგია, რომ მოტეხილობა არ არის ღია და არ არის ძალიან საშიში“, -განუცხადა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირინა ვიტალიევნამ, რომლის თქმით, მას მილიციის ფურგონი დაეტაკა და ძირს დააგდო.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 14 ივლისის ღამით ზოგიერთი დემონსტრანტი ძალადობდა სამართალდამცავი სტრუქტურის წამომადგენლებზე. მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის (ОМОН) 6 წევრი დაშავდა, ხოლო 4 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე 342-ე მუხლით - „ორგანიზება და აქტიური მონაწილეობა ჯგუფურ საქმიანობაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს“.

14 ივლისის აქციის დროს ბელარუსის მილიციის მოქმედებაზე საუბრისას ალექსანდრ ლუკაშენკამ ახსენა ფრანგი სამართალდამცველების მოქმედება „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე და აშშ-ში უკანასკნელ ხანს მომხდარი მასობრივი მღელვარება.

„იმათ უკვე დაიწყეს მინიშნებების გაკეთება: დაფიქრდით, რომ ყველაფერი დემოკრატიულად იყოს, რომ ქუჩებში არ იყოს შეტაკება... ნახეთ, რა ხდება იქ (საფრანგეთში). ცრემლსადენი გაზის გარეშე იქ არაფერი არ ხდება. აბა, გააკრიტიკეთ ტრამპი, აშშ დემოკრატიის არარსებობისთვის. სცადეთ და „გადაუარეთ“ რუსეთს. უფრთხიან ამას. ამიტომ მათ, ალბათ, გადაწყვიტეს კვლავ წაივარჯიშონ ბელარუსზე. არაფერი გამოუვათ“, - განაცხადა ლუკაშენკამ ვიტებსკში ყოფნის დროს.

ეს დახმარება ლუკაშენკას მიერ შეიძლება აღქმული იყოს როგორც წახალისება მისი მოქმედებებისა ოპოზიციისა და ალტერნატიული კანდიდატის წინააღმდეგ
ანდრიუს კუბილიუსი

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

ალექსანდრ ლუკაშენკა 26 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს სახელმწიფოს. 2001, 2006, 2010 და 2015 წლებში - მისი მმართველობის განმავლობაში - ჩატარებული არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.

როდესაც ბელარუსში ხელისუფლების ოპონენტებისა და მათი მომხრეების წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებზე ლაპარაკობდა, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგებმა ევროკომისიას სთხოვეს მეტი პირობები წაუყენოს მინსკს, მათ შორის ადრე შეთანხმებულ ფინანსურ დახმარებასთან მიმართებით.

„რადგან სხვაგვარად ეს დახმარება ლუკაშენკას მიერ შეიძლება აღქმული იყოს როგორც წახალისება მისი მოქმედებებისა ოპოზიციისა და ალტერნატიული კანდიდატის წინააღმდეგ. ბელარუსში ვხედავთ ახალ სურათს, რამაც სრულიად გამაოცა: ხალხი ამბობს, ჩვენ გვინდა ცვლილებაო, უმრავლესობა ამბობს ამას. ეს ასე არ ყოფილა წინა არჩევნების დროს. ეს არის სრულიად განსხვავებული ვითარება და ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა 19 ივნისს გამართულ ონლაინკონფერენციაზე.