რა იციან და როგორ იცავენ თავს საქართველოში კორონავირუსისგან?

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 55% თვლის, რომ კორონავირუსით COVID 19-ით ინფიცირების შანსი დაბალია, 27%-ს ჰგონია, რომ არსებობს საკურნალო წამალი, 10%-ი თვლის, რომ "სირცხვილია თუ კორონავირუსი შეგეყარა" ეს და სხვა მიგნებები გამოავლინა კვლევამ, რომელიც სწავლობდა მოსახლეობის ცოდნასა და დამოკიდებულებებს კორონავირუსის მიმართ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს და საქართველოს ოფისის, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად. მოსახლეობის 90%-ზე მეტმა კარგად იცის COVID-19 სიმპტომებისა და მისი გადაცემის გზების შესახებ, ხოლო დამცავ ზომებს 90%-ზე მეტი მიმართავს. მათ შორის, იბანენ ხელებს 20 წამის განმავლობაში, ატარებენ პირბადეს და იცავს სოციალურ დისტანციას.

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" ანალიტიკოსის, იაგო კაჭკაჭიშვილის განმარტებით გამოკითხულთა უმრავლესობა სწორად განსაზღვრავს იმას თუ ვინ წარმოდგენს რისკ ჯგუფებს, რა არის ინფიცირების სიმპტომები, რა არის სარისკო ქცევები და რა არის ინფიცირების და პრევენციის ქცევები, თუმცა მისივე განმარტებით კვლევამ გამოავლინა გარკვეული ნაპრალებიც. მაგალითად:

„რესპონდენტების საშუალოდ 27%-ს ან ჰგონია, რომ არსებობს კორონავირუსის სამკურნალო წამალი ან ვაქცინა ან არაფერი არ იცის ამის შესახებ“.

ასევე კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გაცილებით ნაკლებადაა ინფორმირებული, ვიდრე ქალაქად.

გამოჩნდა ისიც, რომ რაც უფრო მეტად მიმართავენ რესპონდენტები საინფორმაციო წყაროებს, მით მეტი იციან „ანუ კორელაციაშია საინფორმაციო საშუალებების მოხმარება და პოზიტიური ცოდნა“,- განმარტა იაგო კაჭკაჭიშვილმა კვლევის პრეზენტაციისას, რომელიც ონლაინ კონფერენციის ფორმით ჩატარდა.

მთავრობის მკაცრი ზომები

რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების მიმართ, ჩანს, რომ თავდაპირველი დამოკიდებულება რომელიც მკაცრ შეზღუდვებს ამართლებდა მოგიანებით იკლებს და მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს განსაკუთრებით მკაცრი/ავტორიტარული ზომების გატარებას.

7-ქულიან სკალაზე, სადაც 1 აღნიშნავს „სრულად არ ვეთანხმები“, ხოლო 7 „სრულიად ვეთანხმები“ განმარტებას, - სახელმწიფოს მიერ გატარებული ამკრძალავი ზომების ადეკვატურობა კვლევის პირველ ტალღაზე რესპონდენტებმა შეაფასეს 6.1 ქულით ხოლო ბოლო - მესამე ტალღაზე 5.6-ის ქულით.კ

კვლევის თანახმად ჩანს მოსახლეობის იმ ნაწილს აქვს მაღალი მიმღებლობა მკაცრი ზომების მიმართ ვინც ენდობა სამედიცინო სტრუქტურებს, სამთავრობო სტრუქტურებს ან აქვს განცდა რომ ვირუსს რთულად გადაიტანს.

რა გრძნობენ ქალები და რას კაცები?

კვლევის გენდერულ ასპექტს რაც შეეხება, ქალები კაცებთან შედარებით მეტად ასრულებენ დაცვით ქმედებებს და ქალები კაცებთან შედარებით უფრო ემოციურად აღიქვამენ კორონავირუსით გამოწვეულ პრობლებს. რაც უფრო მაღალია რესპონდენტის ასაკი, მით უფრო იზრდება მისთვის ვირუსით დაინფიცირების ალბათობის აღქმა და იმის აღქმა, რომ ინფიცირების შემთხვევში რთულად გადაიტანენ ვირუსს.

საშიში ვირუსი?

სამ ტალღად ჩატარებული კვლევის პირველი ტალღისას გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა ვირუსს საშიშად მიიჩნევდა, თუმცა მესამე ტალღაზე შემცირებულია ეს რიცხვი. იაგო კაჭკაჭიშვილის განმარტებით ეს ალბათ იმით უნდა აიხსნას, რომ საქართველოში ვირუსს „მასშტაბური ლეტალური შედეგი არ მოჰყოლია და ამან გამოიწვია ცვლილება დამოკიდებულებებში“.

კვლევის ყველა ტალღაზე ჩანს წუხილი და იმის განცდა, რომ გაუგებარია როდის დასრულდება კორონავირუსით გამოწვეული პრობლემური მდგომაროება და რომ ნელდება ეკონომიკური ზრდა.

კვლევის საინტერესო მიგნებები

  • 27 %-ს ჰგონია, რომ არსებობს კორონავირუსის სამკურნალო წამალი ან ვაქცინა;
  • 10 %-ს ჰგონია, რომ „სირცხვილია, თუ კორონავირუსი შეგეყრება“;
  • 90 % იცავს პრევენციულ ღონისძიებებს;
  • ოჯახების 23 %-ს შემოსავალი შეუმცირდა;
  • უმუშევრობა გაიზარდა 21 %-ით.

პანდემია და სტიგმა

კორონავირუსის პანდემიას მოსახლეობაში არ გამოუწვევია სტიგმების გაჩენა ინფიცირებულების მიმართ, თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საშუალოდ 10 %-ს შეადგენს იმ ადამიანთა წილი, რომლებიც სტიგმის გამოხატულებებთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა - "სრულიად ვეთანხმები" - ასე მაგალითად „სირცხვილია თუ კორონავირუსი შეგეყრება“ ან „თუ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტრდა ეს მან და მისი ოჯახის წევრებმა არავის უნდა გაუმხილონ სამედიცინო პერსონალის გარდა“ ან „კარანტინში მყოფი ადამიანები ისეთ შენობაში უნდა განთავსდნენ, რომელიც ძალზე მოშორებული იქნება დასახლებიდან“

„10 % მაღალი არ არის, მაგრამ, გამოიკვეთა საქართველოს მოსახლეობაში 10%-იანი ჯგუფი, რომელიც არის ამ სტიგმების ტყვეობაში“,- ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

უმუშევრობა და სიღარიბე

რაც შეეხება კვლების ეკონომიკურ ასპექტებს. ჩანს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა რეალობამ ოჯახების დიდ ნაწილს შემოსავალი შეუმცირა და გააღარიბა.

პანდემიის პირობებში

  • ოჯახების 23% შემოსავალი შეუმცირდა
  • 65%-ისთვის იგივე დარჩა
  • 3%-ს შემოსავლები გაეზარდა

შემოსავლების შემცირება უმთავრესად შეეხო და ბაშემოსავლიან ოჯახებს (0-300 და 300-500 ლ თვეში) ანუ ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდნენ.

უმუშევრობა

  • უმუშევრობა კვლევის პირველ ტალღაში გაიზარდა 21 %-ით
  • მეორეში 27%-ით
  • მესამეში 20%-ით

კვლევა სახელწოდებით „მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევებისა და საჯარო ნდობის მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში“ სამ ტალღად ჩატარდა საქართველოს 11 რეგიონში სატელეფონი გამოკითხვის გზით, რომლის ხანგრძილოვოვა 30 წუთი იყო, გამოკითხა 1000 რესპონდენტი (თითოეულ ტალღაში)

საველე სამუშაოები:

• პირველი ტალღა: 21-22 აპრილი, 2020 წელი

• მეორე ტალღა: 29-30 აპრილი, 2020 წელი

• მესამე ტალღა: 14-15 მაისი, 2020 წელი

შერჩევის ცდომილება: მთელი შერჩევისთვის (±3,1% 95%-იანი სანდოობით); კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია რესპონდენტთა სქესის, ასაკის, ქალაქის/სოფლის მოსახლეობის მიხედვით.