დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში, 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა. დასახლებაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ჩვილი საეჭვო სიმპტომებით ჯერ თელავის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს, რის შემდეგაც ბიოლოგიური ნიმუში აუღეს და covid-19-ზე კვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა.
„მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. ამ ეტაპზე 11 ადამიანს ანალიზი უკვე ავუღეთ და ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. ჩვილის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბავშვი შემდგომი მკურნალობისთვის თბილისში გადაიყვანეს.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 1003 შეადგინა. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვიც.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, გარდაცვლილია - 15.