ომბუდსმენი პრეზიდენტის განცხადებაზე: არ უნდა მოხდეს ძალადობის რომანტიზება

​საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა საკუთარი განცხადებებით ძალადობის რომანტიზებას არ შეუწყონ ხელი. ასე გამოეხმაურა ომბუდსმენი პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის ძალადობის საქმეს შეეხებოდა.

"ძალადობა არის ძალადობა და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების კომენტარებს, არ უნდა მოვახდინოთ ძალდობის რომანტიზება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებას", - თქვა ლომჯარიამ.

მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ ვაჟკაცობა ჯგუფური ძალადობა არ არის და უნდა "დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს".

"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი. ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.