ევროკავშირი "უსაფრთხო ქვეყნების" სიიდან ამოიღებს სერბეთსა და მონტენეგროს, საქართველო სიაში რჩება

ევროპის კავშირი სერბეთისა და მონტენეგროს ამოღებას აპირებს იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ნებადართულია კავშირში არაარსებითი დანიშნულების მოგზაურობა. სიაში, რომელშიც საქართველოც იმყოფება, აშშ-ის შეყვანის საკითხი არც განიხილებოდა იქ ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო.

როგორც როიტერსი იტყობინება, უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ორი ქვეყნის ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება წუხელ მიიღეს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, გერმანიის ინიციატივით.

უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთისა და მონტენეგროს ამოღების შემდეგ მასში რჩებიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

მიუხედავად იმისა, რომ სიაშია, ჩინეთიდან ევროკავშირში მოგზაურობა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა თავადაც მსგავს რეჟიმს შემოიღებს ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, სია პარასკევს გამოცხადდება ოფიციალურად.

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სია ივნისის ბოლოს გამოაქვეყნა და მასში საქართველოც შეიყვანა. სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება და მასში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმია ის, რომ კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული ვითარება არ უნდა იყოს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე უარესი.

სიას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმოსვლის თაობაზე.