საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას უფლება ექნება საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები და შეზღუდოს რიგი კონსტიტუციური უფლებები. "საზოგადობრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონი გამარტივებული სახით, ერთი მოსმენით მიიღეს. დოკუმენტი ძალაში 2021 წლის პირველ იანვრამდე იქნება. ამ პერიოდს დაემთხვევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც. წესების დარღვევისთვის მოქალაქე 2 ათასი ლარით, კომპანია კი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.
"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონის მოქმედი რედაქციით, მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება 15 ივლისამდე ჰქონდა. სწორედ ამ მიზეზით პარლამენტმა დოკუმენტის დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომებზე განხილვა დაიწყო. დოკუმენტს ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, მთავრობას პარლამენტმა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ბერკეტი 22 მაისს მისცა. ამ დოკუმენტის მიხედვით, მთავრობას შეუძლია შეზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა, პირთა გადაადგილება და ა.შ.
საქართველოში ჯერ კიდევ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები და მთავრობა ეპიდსიტუაციის სამართავად არ აძლევს ყველა ბიზნესს გახსნის უფლებას. გარდა ამისა, ნებისმიერ კომპანიას, რომელიც დღეს ოპერირებს, განსხვავებული წესები აქვს და სოციალური დისტანციისა თუ უსაფრთხოების სხვა წესების დაცვა მოეთხოვება.