ავთანდილ ბილანიშვილი ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

ავთანდილ ბილანიშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მონაწილეა, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის.

ბილანიშვილი, მეტსახელად "კაწრო" ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამი მუხლის დარღვევას ედავება. მათ შორის, ზუსტი და წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების დარღვევას.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, ამ ეტაპზე, ავთანდილ ბილანიშვილის განცხადება დასაშვებობის ეტაპს გადის:

„განცხადება შემოსულია. თუმცა, მიმდინარეობს განხილვა და ამიტომ ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, ვცანით თუ არა ის დასაშვებად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქარტიის ხელმძღვანელი მარიამ გოგოსაშვილი.

19 ივნისს, მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, "მთავარმა არხმა" ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმესთან შემხებლობაში არაერთხელ ახსენა. არხი მას ქუჩის ავტორიტეტად მოიხსენიებდა და აღნიშნავს, რომ მას ხელს აფარებდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარია.

არხმა, 7 ივლისს, ასევე გაავრცელა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი, სადაც მცხეთიდან ჩამოსული გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილის დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნაა ასახული. "მთავარი არხის" ვერსიით, ვიდოკადრებში გამოჩენილი კაცი, სავარაუდოდ, ბილანიშვილია და ის 4 წუთის განმავლობაში ამირხანაშვილს ესაუბრება.

კადრებში, რომელიც 19 ივნისის სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროა", რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე.

ავთანდილ ბილანიშვილი გამოძიებამ 8 ივლისს გამოკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "მთავარი არხის" მიერ შაქარაშვილის საქმეზე გავცრელებულ კადრებში ავთანდილ ბილანიშვილი არ ჩანს.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ქუჩის "ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. შსს "მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე" აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა.

თავად ლაშა ლურსმანაშვილმა ოთხსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ დიდუბეში "პირად საქმეზე" გაჩერდა და გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, გუკა ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.