აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე შეტაკების შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო მოკლეს. ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე საბრძოლო მოქმედება მათ შორის, იტყობინება Eurasianet-ი.
მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის დაწყებაში. ორივე მხარემ მძიმე არტილერია აამოქმედა.
სომხეთის არმიის წარმომადგენლის თანახმად, რომელმაც პირველმა გაავრცელა ცნობა შეტაკების თაობაზე, სროლა დაიწყო 12 ივლისს ნაშუადღევს: „აზერბაიჯანის სატრანსპორტო საშუალებამ, ჩვენთვის დაუდგენელი მიზეზით, სცადა სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა თავუშის არეალში“, განაცხადა შუშან სტეპანიანმა. სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში ამ ინციდენტის დროს, მისი თქმით, სომხეთის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ, მტრის სამხედროებმა ავტომანქანა დატოვეს და საკუთარ პოზიციას დაუბრუნდნენ; ერთი საათზე ნაკლები დროის შემდეგ „აზერბაიჯანის სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით სცადეს ჩვენი პოზიციის დაკავება, მაგრამ უკუგდებულ იქნენ და დაკარგეს ჯარისკაცები“, გაავრცელა ცნობა სტეპანიანმა, რომლის ინფორმაციით სომხურ მხარეს მსხვერპლი არ არის.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხურმა მხარემ სროლა დაიწყო სტრატეგიული პოზიციის დასაკავებლად. „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის გამოყენებით სცადეს დაეკავებინათ ჩვენი პოზიცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვარზე თოვუზის მიმართულებით“, წერია სამინისტროს განცხადებაში. "ჩვენი დანაყოფების საპასუხო ნაბიჯების შედეგად, მტერი დამარცხდა და დანაკარგებით უკან დაიხია. შეტაკების დროს, დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო, ხოლო 5 დაშავდა", - აცხადებს ბაქო.
Eurasianet-ის თანახმად, სროლის შემდეგ აზერბაიჯანის მხარემ უარყო, რომ სროლა დაიწყო და განაცხადა, „აზერბაიჯანის მხარეს სომხეთის საზღვრის გადაკვეთა რომ სდომებოდა, ამას არა უბრალო მანქანებით, არამედ შეიარაღებული ავტომობილებით გააკეთებდა, უთხრა გამოცემა Haqqin-ს თავდაცვის სამინისტროს წყარომ.
მოგვიანებით სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სომხური მხარე მართლაც შეეცადა სტრატეგიული პუნქტის დაკავებას, მაგრამ ეს მხოლოდ აზერბაიჯანის იერიშის საპასუხოდ გაკეთდა, იტყობინება სტეპანიანი, რომელიც წერს, რომ „სომხეთის არმიის პერსონალს და მეთაურებს მიღებული აქვთ მითითება, რომ თავშეკავებული იყვნენ და მტრის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე პროვოკაციების დროს იმოქმედონ საჭიროების შესაბამისად, ახალი ხელსაყრელი პოზიციების დაკავებამდე“.
13 ივლისის ღამით, ასევე დილით იტყობინებოდნენ კვლავ სროლის შესახებ. Nagorno Karabakh Observer-ის მიმომხილველის თანახმად, სროლა იმ არეალში იყო, სადაც აზერბაიჯანს მეტი ამაღლებული ტერიტორია უკავია. Eurasianet-ის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 13 ივლისს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ვითომ უნდა ჩანდეს, რომ იერიში მიაქვთ სომხეთის საგუშაგოზე. Nagorno Karabakh Observer-ის ცნობით, ეს არის არეალში ერთადერთი სომხური საგუშაგო, რომელიც ამაღლებულ ადგილზეა.
შეტაკებამდე ერთი კვირაზე ნაკლებით ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მკაცრად გააკრიტიკა დიპლომატიური მოლაპარაკება სომხეთთან. ამ მოლაპარაკების მიზანია 30 წლიანი კონფლიქტის დასრულება ორ მხარეს შორის.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გაავრცელა ცნობა, რომელშიც დაგმო სომხეთის იერიში.
სომხეთმა, რომელიც რუსეთის მეთაურობით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრია, მიმართა ორგანიზაციას. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ტელეფონით დაურეკა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, სტანისლავ ზასს და განუცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია ზავი და რომ ასეთი ქმედება ხელშეკრულების წევრის წინააღმდეგ მიუღებელია, იტყობინება Eurasianet-ი.
ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.