სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ჩავიდა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილ და დაკავებულ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. უმბუდსმენმა 11 ივლისს მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„როგორც ვიცი დაჭრის ფაქტი ნამდვილად დადასტურებულია. ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ძალიან დროულად უნდა მოხდეს ამ ადამიანის დაბრუნება“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ოჯახს უკვე დაუკავშირდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. 13 ივლისს წითელი ჯვარი, ცხინვალში არსებული ოფისის მეშვეობით, გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდება.
ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან 11 ივლისს დააკავეს. იგი ფეხშია დაჭრილი და პირველი სამედიცინო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ცხინვალში გადაიყვანეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტრო მომხდარ ფაქტს რუსული საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას.
მომხდარს გამოეხმარა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და ღრმა შეშფოთება გამოთქვა.
"ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ...",- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.