ორკვირიან ვადას აძლევს გიორგი შაქარაშვილის ოჯახი გამოძიებას, რომ „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომ ექვსივე პირს, რომლებიც 19 ივნისის ღამეს, მცხეთის მაგისტრალზე, თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს, ბრალი წაუყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სწორედ ეს მუხლი დაემატა გამოძიებას 10 ივლისს, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სადაც ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სხეულზე მიყენებული აქვს 12-მდე დაზიანება, შემდეგ კი ის წყალში, ასფიქსიითაა გარდაცვლილი:
„გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი არის წყალში დახრჩობა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი, ეს იმავდროულად ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რის შემდგომაც გადააგდეს მდინარეში და დადგა ლეტალური შედეგი“, - ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, რომელიც, ამ ეტაპზე, ვერ აკონკრეტებს, თავდამსხმელებმა ბიჭი განზრახ დაახრჩვეს თუ უგონო მდგომარეობაში გადააგდეს წყალში.
რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ოჯახი და გამოძიება 18 დღის განმავლობაში ელოდა, 9-გვერდიანია. ექსპერტიზის დასკვნას სამი მთავარი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი:
- რამ გამოიწვია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება;
- დაზიანებები, რომლებიც ცხედარს აღენიშნებოდა, სიცოცხლის დროინდელი იყო თუ გარდაცვალების შემდგომ მიღებული;
- როგორია არსებული დაზიანებების ხარისხი.
თუმცა, ექსპერტებისთვის გაგზავნილ კითხვებში იყო ისეთი კითხვებიც, როგორიცაა:
- აღენიშნებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს ცეცხლნასროლი ჭრილობა;
- როგორია სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობა;
- შეინიშნებოდა თუ არა ფეხბურთელის ორგანიზმში ალკოჰოლური, ნარკოტიკული, მომწამლავი ან ფსიქოტროპული ნივთიერებების კვალი.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა თვლის, რომ ექსპერტიზის პასუხი, რომელიც 10 ივლისს გამოქვეყნდა, არის კატეგორიული და პასუხს სცემს გამოძიების კითხვებს.
ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ:
„გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“.
ეს ნიშნავს, რომ 19 წლის ფეხბურთელი ამ დაზიანებებით ვერ გარდაიცვლებოდა. ანუ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილი დადგა წყალში, მდინარე არაგვში: „გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით“, - წერია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში.
სიკვდილამდე რამდენი ხნით ადრე მიადგა მას დაზიანებები სხეულზე, ეს დასკვნაში დაკონკრეტებული არ არის. წერია ის, რომ დაზიანებები მიყენებულია „სიკვდილის წინა ახლო პერიოდში“. როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა გამორიცხავს, რომ ბიჭს იმ ტიპის დაზიანებები, რაც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, მიეღო, მაგალითად, ფერდობზე დაგორების შედეგად. ამიტომ ის დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილი ნაცემია და მას მდევრები გაუსწორდნენ, როგორც ხელებითა და ფეხებით, ისე ბლაგვი საგნებით.
დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ოჯახის მიწვევით იქნა ჩართული ექსპერტიზის პროცესში, ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანმა მიაყენა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ გიორგი შაქარაშვილის გვამის პოვნისას, 22 ივნისს, ადგილზე მყოფი სამედიცინო ექსპერტი, ოქმში არაფერს წერს ცხედარზე არსებულ დაზიანებებზე. დათვალიერების ოქმში მხოლოდ ის წერია, რომ ცხედარს, ტუჩის მარჯვენა მიდამოში აღენიშნება მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა და „გვამს გარეგნულად, ტანსაცმლის დაუფარავ ადგილებზე, მექანიკური დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნება“. თუმცაღა, საქმის მასალებში არსებულ ფოტოებზე, რომელიც გვამის აღმოჩენის დროსაა გადაღებული, ნათლად ჩანს, რომ ცხედარს დაზიანებები აქვს შუბლის, თავის, ორივე თვალის არეში.
ექვსი ბრალდებული „ტოიოტა ქამრიდან“
ესენი არიან - 19 წლის ვახტანგ ჩიქოვანი, 30 წლის ვასილ მახარაძე, 30 წლის ნიკოლოზ რევაზიშვილი, 29 წლის არჩილ გაგნიძე და ორი არასრულწლოვანი - 17 წლის ზ.ხ. და 17 წლის ა.ქ.
ამ ეტაპზე, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამ დროისათვის, „ტოიოტას“ არცერთი ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სწორედ ამ ექვსი პირის მიმართ ითხოვს დამატებით ბრალის წაყენებას, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სწორედ მათი თავდასხმის შემდეგ უჩინარდება გიორგი შაქარაშვილის კვალი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან და ოთხი დღის შემდეგ, გიორგის ცხედარს მაშველები მდინარე არაგვში პოულობენ.
სწორედ ამ ექვს პირს მოჰყავს ინციდენტის ადგილიდან, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი, რომელიც ერთ ჩვენებაში ამბობს, რომ „ტოიოტას“ მგზავრებმა ის ბუჩქებში დამალული იპოვეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და თბილისში წამოიყვანეს, მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მის მიმართ ძალა არ ყოფილა გამოყენებული და თუკი მოითხოვდა მანქანიდან გადასვლას, „ტოიოტას“ მგზავრები მას გაუშვებდნენ, მესამე და მეოთხე ჩვენებებში კი კვლავ იმას ამბობს, რომ ის თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს მანქანაში, მგზავრობისას სთხოვა, რომ მანქანიდან გაეშვათ, მაგრამ მათ მკაცრი უარი უთხრეს.
ამ ეტაპზე, 16-ტომიან საქმეში, არ დევს არცერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც გამოკვეთს „ტოიოტას“ მგზავრების ბრალს განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მიმართულებით. რადიო თავისუფლების კითხვაზე, დღეს არსებული მოცემულობა, საქმის მასალები და მტკიცებულებები, გაძლევთ თუ არა განცდას, რომ საქმე სათანადოდ იქნება გამოძიებული და გამოიკვეთებიან რეალური დამნაშავეები, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე გვპასუხობს: „ოჯახის მოთხოვნა არის ის, რაც არის და როგორი შედეგი იქნება, ამას ერთად ვნახავთ“.
რაც შეეხება ბრალდებულების ვერსიებს, რომლებსაც ისინი გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ნაწილში გამოძიებას უყვებიან, ვერ წაიკითხავთ ვერცერთ სიტყვას გიორგი შაქარაშვილისა და მისი დევნის შესახებ.
აი, რას ჰყვება ვასილ მახარაძე, „ტოიოტას“ მძღოლი:
„არ მისული ხიდთან, გზის მარჯვენა მხარეს, შევნიშნეთ გზაზე მოძრავი ოთხი პიროვნება და გავაჩერე მყისიერად. მუხრუჭის გაგონებაზე ეს ოთხივე პიროვნება გაიქცა უკან. ჩვენ ყველანი გადმოვედით მანქანიდან და მათ ვუყვიროდით, რომ არ გაქცეულიყვნენ და ნურაფრის ნუ შეეშინდებოდათ, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი მაინც გარბოდნენ. მე იქვე დავარღვიე, დავატრიალე (მანქანა) და გავეკიდე მათ საპირისპირო მიმართულებით, რადგან გვინდოდა ამ ახალგაზრდების შეჩერება და მათთან მშვიდად საუბარი. როდესაც გავჩერდი და გადმოვედით მანქანიდან, დავინახე, რომ ყველა მათგანმა გადაკვეთა ავტობანი და გადავიდნენ საპირისპირო მხარეს. მე, ვახო ჩიქოვანი და მისი ერთ-ერთი ძმაკაცი, ჩავჯექით ისევ მანქანაში საპირისპირო მხარეს მოსახვედრად, ხოლო აჩიკო გაგნიძე, ნიკა რევაზიშვილი და ვახოს ერთი ძმაკაცი, მისდევდნენ იმ პირებს და ეძახდნენ გაჩერებულიყვნენ. მე მანქანა მოვაბრუნე ავტობანზე მალევე და მივედი საავტომობილო გზის მეორე მხარეს. ამ დროს იქნებოდა დაახლოებით 01:00 საათი. დრო ავტომანქანის მოსატრიალებლად და მათთან მისასვლელად დამჭირდებოდა დაახლოებით 10-15 წუთი. როდესაც ადგილზე მივედი, დავინახე, რომ ეკიპაჟის წევრებს იქვე არსებული ბუჩქებიდან ამოყვანილი ყავდათ ერთი პიროვნება, რომელსაც ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ“.
ამის შემდეგ, ვასილ მახარაძე ამბობს, რომ ბიჭს სთავაზობენ დაურეკოს თავის გაქცეულ მეგობარს, გიორგი შაქარაშვილს, რათა ისიც მასთან ერთად წამოიყვანონ თბილისში: „რაზეც მან განგვიმარტა, რომ გიორგის ტელეფონი თან არ ჰქონდა. ამის შემდეგ, ყველანი ჩავსხედით ავტომანქანაში და წამოვედით თბილისში. ეს ბიჭი, მისივე თხოვნით, დავტოვეთ სამთო ქიმიასთან და წავედით ნახალოვკაში“.
ვასილ მახარაძე გამოძიებას ეუბნება, რომ „შემდგომში“, უბანში, ბიჭებისგან შეიტყო, რომ ის გიორგი შაქარაშვილი იყო დაკარგული: „უშუალოდ ადგილზე რა მოხდა, ჩემთვის უცნობია, რადგან მე, ვახო ჩიქოვანმა და მისმა ერთმა ძმაკაცმა, მანქანა მოვატრიალეთ და გადმოვედით საპირისპირო მხარეს, სადაც დაგვხვდა მხოლოდ დაკარგული გიორგი შაქარაშვილის მეგობარი ბიჭი“.
„ტოიოტას“ კიდევ ერთი მგზავრი, არჩილ გაგნიძე კი გამოძიებას ეუბნება, რომ ის ბიჭებს მისდევდა და მხოლოდ და მხოლოდ იმას ეუბნებოდა „არ გაქცეულიყვნენ და შეჩერებულიყვნენ“.
მისი ჩვენების თანახმად, გაქცეულები თვალს მიეფარნენ და ვეღარ დაინახა, ისინი სად გაიქცნენ:
„მე მივედი იმ ადგილას, სადაც ისინი თვალს მიეფარნენ და ხელმარჯვნივ, ხიდის ქვევით, გავყევი მოასფალტებულ, მოსაბრუნებელ გზას, რომლის გადასწვრივ, ჩემი მოძრაობის მიმართულებიდან ხელმარცხნივ, შევნიშნე ძველებური, მცირე ზომის შენობა. მოასფალტებულ გზაზე, ფეხით გავიარე მაქსიმუმ 100 მეტრი მანძილი, მაგრამ ჩემს გარშემო და წინ, ვერავინ დავინახე, გარდა ჩემთან ერთად მყოფი ორი ახალგაზრდისა. მივედით ძველ შენობასთან, სადაც უკვე დაგვხვდა ჩვენი მანქანა. ჩავჯექი მანქანაში, მძღოლის გვერდით, მანქანიდან სამ მეტრში, დავინახე, რომ ჩვენთან ერთად მყოფი ორი ახალგაზრდა ბალახებიდან აყენებდა დაახლოებით მათვე ასაკის, ჩემთვის უცნობ ახალგაზრდა კაცს, მოკიდეს ხელი და მოიყვანეს მანქანასთან. ის საკუთარი ფეხით ჩაჯდა მანქანაში“...
რაც შეეხება ვახტანგ ჩიქოვანს, ის გამოძიებას ინციდენტის განსხვავებულ ვერსიას უყვება, სადაც არაფერია ნათქვამი არც მანქანიდან გადმოსვლასა და არც დევნაზე:
„მდინარე არაგვის ხიდის ბოლოში შევნიშნეთ მცხეთაში, წვეულებაზე მყოფი პირები, რომელთაგანაც ორი ვიცანი, შევანელეთ მანქანა, რათა მათთვის მეკითხა, ხომ არ იცოდნენ ჩვენი ორი მეგობრის ადგილსამყოფელი, როდესაც შევანელეთ მანქანა, ისინი უკან გაიქცნენ, ხიდის მიმართულებით, გადაკვეთეს ავტობანის სამოძრაო ზოლი და გადავიდნენ მცირე ბუჩქებიანი ადგილისკენ, როდესაც ჩვენ მათ უკან გავყევით, გზიდან მოშორებით, შევნიშნეთ ერთი მათგანი, რომელიც უკან, ჩვენი მიმართულებით მოდიოდა ფეხით. მას სხეულზე ეტყობოდა ნაკაწრები... ჩვენ მან გვითხრა, რომ იყო სახელად გურამი. ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ წამოსულიყო ჩვენი მანქანით, რადგან იყო ღამის საათები და უმჯობესი იყო, ჩვენი შეთავაზება მიეღო. ის დაგვთანხმდა“.
კითხვაზე, იცნობთ თუ არა გიორგი შაქარაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანი გამომძიებელს პასუხობს:
„გიორგი შაქარაშვილი არის ჩემთვის უცნობი პიროვნება, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა. თუმცა, მე მასთან არანაირი სახის კონტაქტი არ დამიმყარებია და არც მინახავს“.
მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ჩიქოვანი ამბობს, რომ ის არ იცნობს გიორგი შაქარაშვილს, მათი კვეთა სისხლის სამართლის საქმის მასალების ბოლო ტომებში ჩნდება. კერძოდ კი, 2 ივლისს, საოლქო პროკურატურა მითითებას აძლევს საგამოძიებო უწყებას, ჩატარდეს რამდენიმე ტიპის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და, მათ შორის, გამოიკითხოს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი, რომელსაც გამოძიება დაუსვამს კონკრეტულ შეკითხვას:
„ჰყავდა თუ არა შეყვარებული გიორგი შაქარაშვილს და უკავშირდებოდა თუ არა აღნიშნული რაიმე ფორმით ვახტანგ ჩიქოვანს“.
ეს კითხვა, გურამ ამირხანაშვილს გამოძიებამ, სავარაუდოდ, გუშინ, 9 ივლისს, მეხუთე გამოკითხვისას დაუსვა. თუმცა, გურამ ამირხანაშვილმა საგამოძიებო ორგანო კომენტარის გარეშე დატოვა. მისი მეხუთე ჩვენების შინაარსი რადიო თავისუფლებისათვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, არ გამორიცხავს, რომ დევნის მოტივი, მისი სიტყვებით, იყოს „სტანდარტული, ბანალური“ და ე.წ. შეყვარებულის მოტივსაც ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც სხვა მოტივებს.
შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.